ქართველი ხალხის წარმოშობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველი ხალხის წარმოშობა - ანტიკური და შუა საუკუნეების ავტორები გვთავაზობენ ლეგენდარულ სამოსელში გახვეულ ცნობებს ქართველთა ეთნოგენეზისის ირგვლივ.

ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (V საუკ. ძვ.წ.) დაასკვნიდა, რომ ერთ-ერთი ქართველი ტომი (კოლხები) ეგვიპტური წარმოშობისაა.

ძველი ბერძნებისავე კონცეფციით, მეორე ქართველი ტომის იბერიელების თავდაპირველი სამშობლო ესპანეთია. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის ძვ.წ. III საუკუნის ისტორიკოსი მეგასთენი თავის თხზულებაში „ინდოეთის ისტორია“, რასაც შემდეგ იმეორებს I საუკ. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. ამაზე ლაპარაკობენ სხვა ავტორებიც.

ამრიგად, ანტიკურ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული აზრი დასავლეთის იბერიელებისა და ქართველების („კავკასიის იბერიელების“) ერთობლიობის შესახებ.

ძველი ქართული ქრონიკა („მოქცევაჲ ქართლისაჲ“) გვაწვდის ცნობას, რომ ქართველები გადმოსახლებული არიან არიან-ქართლიდან, ალექსანდრე მაკედონელის დროს, სახელდობრ, ნათქვამია, რომ ალექსანდრე მაკედონელმა არიან-ქართლის მეფის შვილი აზო დასვა მეფედ მცხეთაში (მცხეთა ხომ საქართველოს უძველესი დედაქალაქია). აზომ არიან-ქართლიდან მოიყვანა ხალხი, რომელთაგან წარმოიშვნენ ქართველებიო. ამრიგად, ისტორიული ქრონიკა გვარწმუნებს რომ ქართველთა წინაპრები არიან-ქართლიდან მოსულან. ამავე ცნობას გვაწვდის ძველი სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენელი (V საუკ).

ასეთია „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ მოცემული ცნობის შესახებ არსებული ინტერპრეტაციები. ეს საკითხი რთულია და გამოცანად ქცეული.

სამაგიეროდ, მარტივია ქართველთა წარმომავლობის შესახებ „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ცნობა. აქ მოცემულია ქართველთა წინაპრების ბიბლიური პერსონაჟებიდან გადმოყვანის ცდა.

ბიბლიურ ზღაპრულ სიუჟეტს რომ თავი დავანებოთ, საყურადღებოა შემდეგი გარემოება: ამავე ბიბლიურ ტექსტთან დაკავშირებით მეცნიერებაში გამოითქვა ვარაუდები ქართველთა წარმოშობის შესახებ.

იოსებ ფლავიუსმა (I საუკ.) წამოაყენა დებულება, რომ ბიბლიური თუბალები დღევანდელი ქართველები (იბერები) არიანო. მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ისტორიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი თეიმურაზ ბატონიშვილი ამ საგანზე ვრცლად მსჯელობს და იმოწმებს იოსებ ფლავიუსის ნაშრომს, რომელიც ქართულად უთარგმნია მე-12 საუკუნის ქართველ ფილოსოფოსს იოანე პეტრიწს.

იგივე იოსებ ფლავიუსი ფიქრობდა, რომ ბიბლიური „მეშეხები“ (მოსოხები) შემდეგდროინდელი კაპადოკიელების წინაპრებია.

მე-19 საუკუნეში გაშიფრულ იქნა ძველი ასურული. ლურსმული წარწერების საფუძველზე დადასტურდა ბიბლიური თუბალების და მეშეხების რეალური არსებობა: ისინი აღმოჩნდნენ ძვ.წ. II-I ათასწლეულებში მცირე აზიაში არსებული გაერთიანებები - ტომთა კავშირები და სამეფოები. სრულიად გარკვეულად ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, რომ თუბალებისა და მოსოხების გაერთიანებები ქართველების წინაპრების წინანდელი გაერთიანებებია: როცა მცირე აზიაში ეს სამეფოები განადგურდნენ, ქართველები დაიძრნენ და კავკასიაში წავიდნენ. ეს მოხდა VIII-VII საუკუნეებში (ძვ. წ.). XIX საუკ. გამოჩენილმა ევროპელმა ისტორიკოსებმა ლენორმანმა და მასპერომ სწორედ უშუალოდ ქართველთა წინაპრებად მიიჩნიეს ასურული წყაროებით XII-VII საუკუნეებში (ძვ.წ.) დამოწმებული თუბალები და მუშკები (იბერებისა და მესხების წინაპრები, მათ მალე მიემატათ ქაშკები მერმინდელი კოლხების წინაპრები,), ქსენოფონტეს (V საუკ. ძვ.წ.) მიერ მესოპოტამიაში მოხსენიებული კარდუხები (იგივეა, რაც ქართველების სახელი „ქართუ“). გამოჩენილი მეცნიერი კ. ლემან-ჰაუპტი ამბობდა, რომ ქართები (იბერები) ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენო. მისივე აზრით, ქართები (იბერები) წარმოიქმნენ კარდუხებისა და ფრიგიელი მუშქების შერევის შედეგად საქართველოს მიწა-წყალზე. თვით მუშქები (მოსხები, მესხები) ლემან-ჰაუპტს მიაჩნდა ფრიგიის ადგილობრივ მოსახლეობად. ი. დიაკონოვის ვარაუდითაც, მუშქების ქართული ტომი შედიოდა ფრიგიის სამეფოს შემადგენლობაში. იგივე მეცნიერი დასაშვებად მიიჩნევდა იმასაც, რომ ძველი ქართული ტერმინოლოგიით „მოსხებად“ თუ „მესხებად“ იწოდებოდნენ დასავლური წარმოშობის ქართველი ან გაქართველებული ტომები, გამოსულნი იმ ტერიტორიიდან, რომელიც ერთ დროს ფრიგიის სამეფოს მფლობელობაში იმყოფედბოდა.

კონცეფცია ტაბალების მუშქებისა და სხვა ტომების გენეზისური დაკავშირებისა ქართველ ტომებთან გაიზიარა აკად. ი. ჯავახიშვილმა. ისიც ფიქრობდა რომ ეს ქართველი ტომები კავკასიაში, დღევანდელი საქართველოს ტერიტრორიაზე გადმოსახლდნენ მცირე აზიიდან VII საუკუნეში (ძვ. წ ქართველთა მიგრაციის თეორიას იზიარებდა აგრეთვე აკად. ნ. მარი.

ძირითადად აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნომიმიკის შესწავლის საფუძველზე გ. მელიქიშვილი ამტკიცებდა, რომ არ უნდა იყოს სწორი დასავლეთში გავრცელებული ტენდენცია - აღმ. მცირე აზია ძირითადად ხეთურ - იეროგლიფურ (ლუვიურ) ტომთა სამკვიდროდ გამოაცხადონ (პროტოხეთებთან ერთად), რომ ხეთურ იეროგლიფური აქ გარკვეულ ხანაში ურთიერთობის, მწერლობის ენის როლს ასრულებდა და რომ სხვებთან ერთად ქართველური და სხვა კავკასიელი ტომების არსებობაცაა სავარაუდებელი.

ქართულ საისტორიო და საენათმეცნიერო ლიტერატურაში დიდი პოპულარობა მოიპოვა აკად. ს. ჯანაშიას მიერ წამოყენებულმა ეთნოგენეტიკურმა კონცეფციამ. მან ფაქტიურად მოხსნა დღის წესრიგიდან თვალსაზრისი ქართველთა გადმოსახლების შესახებ. 1943 წერლს ს. ჯანაშიას რედაქციით გამოქვეყნდა „საქართველოს ისტორია“, სადაც თვალსაზრისი ასეა ჩამოყალიბებული:

ქართველები გენეზისურად წინა აზიის ძველ მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან. დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ წინა-აზიის მიწა-წყალზე და სამხრეთ ევროპაშიც (ბალკანეთის, აპენინისა დ პირინეის ნახევარკუნძულზე) მონათესავე ხალხები ცხოვრობდნენ. ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის დამდეგისათვის წინა აზიის ხალხებიდან ცნობილი იყვნენ ხეთები და სუბარები. ისინი ქართველი ტომების წინაპრები არიან. ხეთები მცირე აზიაში მოსახლეობდნენ, სუბარებს კი ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოყოლებული კავკასიონამდე. ხეთა-მითანის სამეფოების ხანაში კავკასიის მიწა-წყალი ხეთურ-სუბარული მოდგმის მოსახლეობას ეკავა. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისი საუკუნეებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კულტურის ორი წრე - დასავლური და აღმოსავლური, რომლებიც ქართველი ტომების ორ გაერთიანებას შეესაბამებოდა - დასავლურ-ქართულსა და აღმოსავლურ-ქართულს. ამავე ხანებში სამხრეთში, წინა აზიაში, ასურული გაბატონდა, ხოლო ხეთურ-სუბარული მოსახლება მრავალ წვრილ სამთავროდ დაიქსაქსა. ამ დროს ხეთურ-სუბარული ტომებიდან უფრო ძლიერნი ყოფილან მუსკები, მერმინდელი მესხები. IX საუკუნეში კი ყველაზე ენერგიულ ბრძოლებს ასურელებს თუბალები უმართავენ. ძვ. წ. IX-VIII საუკუნეებში ხეთურ-სუბარულმა ტომებმა ახალი ძლიერი სახელმწიფო - ურარტუ შექმნეს. აქვე მეზობლად არსებობდა ხეთურ-სუბარული სამეფო მანა. მალე სამხრეთის ეს ხეთურ-სუბარული სახელმწიფოები განადგურდნენ, მაგრამ უკვე ძვ.წ. VI საუკუნისათვის სუბარეთის ჩრდილო რაიონების, კერძოდ, - დღევანდელი საქართველოს, მოსახლეობა იმდენად იყო დაწინაურებული, რომ სახელმწიფო ორგანიზაციისათვის აქ საჭირო ნიადაგი არსებობდა. ამიტომაა, რომ, როცა ურარტუს სამეფო დაემხო და მისი ცენტრი ვანის ტბის პირას მოისპო, სახელმწიფოებრივმა ცენტრებმა უფრო ჩრდილოეთისაკენ გადმოინაცვლა. აქ ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფოები: კოლხეთი და იბერია.

ასეთია ისტორიული სქემა, წარმოდგენილი წიგნში: „საქართველოს ისტორია“.

ანტიკური ხანიდან მოყოლებული მსოფლიო ისტორიაში ქართველები მოიხსენიებიან ძირითადად „კოლხებისა“ და იბერების“ სახელწოდებით (სახელწოდებაში - „კოლხები“ იგულისხმება დასავლეთ საქართველო, „იბერებში“ - აღმოსავლეთ საქართველო).

კოლხი და იბერია წარმოადგენს იმ ნიადაგს, რომელზედაც საშუალო საუკუნეებში შენდება ქართული ფეოდალური სახელმწიფოებრიობა.

უძველესი წერილობითი ცნობების მიხედვით (VI საუკ. ძვ. წ.), „კოლხი“ ზოგადი მნიშვნელობის ცნებაა და აერთიანებს რამდენიმე ტომს.

ეჭვმიუტანელი ცნობა იბერთა შესახებ ბერძნულ მწერლობაში ეკუთვნის II საუკუნის (ძვ.წ.) მწერალს აპოლოდოროს. სტრაბონის ცნობის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ (ს. ჯანაშია), რომ იბერთა ტერიტორია გაცილებით უფრო შორს იყო სამხრეთისაკენ გადაჭიმული (მდ. არაქსამდე), ვიდრე I საუკუნეში (ძვ.წ.) იბერებს თითქოს იხსენიებენ პლატონი და არისტოტელე, პირველი - იმ „მეომარ ხალხთა“ შორის, რომლებიც სვამენ უწყლო ღვინოს, მეორე კი ამბობს, რომ იბერების მეომარი ხალხი საფლავის გარშემო იმდენ სარს არჭობს ხოლმე, რამდენიც მტერი ჰყავს მოკლული მიცვალებულსო“. აკადემიკოსი ვ. ლატიშევი ფიქრობდა, რომ აქ სწორედ კავკასიელი იბერები (ე ი. ქართველები) იგულისხმებიან. ამ „ცნობების მნიშვნელობა ისაა, რომ, გარდა სატომო სახელის უძველესი ხსენებისა, მერმინდელი ისტიორიული ფორმით, ისინი შეიცავენ გარკვეულ ეთნოგრაფიულ ჩვენებებს“ (ს. ჯანაშია).

ყურადღებას იპყრობს შემდეგი გარემოება.

„ისტორიის მამა“ ჰეროდოტე კავკასიის იბერებს არ იხსენიებს, მაშინ, როდესაც მას კავკასიის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები აქვს მოცემული; კოლხებზე მან საკმაოდ დაწვრილებითი ცნობები დაგვიტოვა. ნუთუ ჰეროდოტემ არაფერი იცოდა აღმოსავლეთ საქართველოზე? ეს დაუჯერებელია.

ჰეროდოტეს თხზულებაში გვხვდება ასეთი ადგილი: „სპარსები ცხოვრობენ სამხრეთის ზღვამდე, რომელიც წითლად იწოდება; მათ ზემოთ ჩრდილოეთისაკენ ცხოვრობენ მიდიელები, მიდიელების ზემოთ - სასპერები, სასპერების ზემოთ კოლხები, ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფაზისი. ეს ოთხი ხალხი ცხოვრობს „ზღვიდან ზღვამდე“. ს. ჯანაშია ამ ადგილს ასეთ ინტერპრეტაციას უკეთებს: „ჩრდილოეთის ზღვა და ფაზისი შავი ზღვა და რიონია (უკიდურეს შემთხვევაში - ჭოროხი). კოლხეთს მაშინ უჭირავს (რაც ცნობილია სხვა წყაროებიდანაც) შავი ზღვის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო, კერძოდ - დასავლეთი საქართველო. მის სამხრეთით „წითელ“ ზღვამდე (ე.ი. სპარსეთის ყურემდე) ჰეროდოტე მხოლოდ სამ დიდ ხალხს უჩვენებს, მათგან მიდიელებისა და სპარსების ტერიტორია აგრეთვე კარგად არის ცნობილი. ამ ცნობილ ტერიტორიულ ერთეულებს შორის ნათლად ირკვევა სასპეჲრების მიწა-წყალიც. მსგავსი ადგილები ჰეროდოტეს თხზულებაში სხვაცაა. ს. ჯანაშია დეტალურად აანალიზებს ჰეროდოტეს მიერ მოცემულ ცნობებს და გვთავაზობს დასკვნას: სასპეჲრები მერმინდელი ბერძენი მწერლების მიერ კარგად ცნობილი იბერები არიან; არავითარი სხვა ნაციონალური ახსნა არ შეიძლება მოვუძებნოთ არც იმ კითხვას, თუ ვინღა იყვნენ სასპეჲრები და სად გაქრნენ ისინი შემდეგში ასე უკვალოდ, თუკი მათ სახელი არ გამოიცვალეს „იბერებად“, არც იმ კითხვას, თუ საიდან გაჩნდნენ ასე მოულოდნელად ეს იბერები.

„სასპეჲრი“ განსხვავებული ფონეტიკური სახესხვაობით მოცემული აქვთ მომდევნო ხანის ავტორებსაც: (ჰ) ესპერ-იტ, საპეჲრ, სავეჲრ სპერ, ისპირ...

ქართული ენის მონაცემების მიხედვით ამ სატომო სახელის ვარიანტები ახსნილი აქვს ს. ჯანაშიას. ჩვენ აქ არ შევუდგებით ზემოხსენებული ტერმინების ლინგვისტური ინტერპრეტანციების გადმოცემას. ვიტყვით მხოლოდ, რომ სასპეჲრი (და სხვა ვარიანტები) უკავშირდება ტერმინებს: თაბალ, სუბარ; იბერ-ივერ, ამრიგად, სასპერ-საბერების იდენტიფიკაცია მერმინდელ იბერეთან არა მარტო ისტორიულად არის აუცილებელი, არამედ ენობრივადაც არის მისაღები.

ქართველი ერის ისტორიისათვის, ამასთანავე ქართული ენის ისტორიული გავრცელების საზღვრების დასადგენად, დიდად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ V საუკუნის პირველ ნახევარში წინა აზიის ძირეული ტერიტორიის (წინა აზია - მცირე აზიასა და არაბეთის ნახევარკუნძულის გამოკლებით) ოთხი უდიდესი ხალხიდან (სპარსელები, მიდიელები, სასპეჲრები, კოლხეთი) ორი - კოლხები და სასპეჲრები - ქართული მოდგმისა იყო.

ეს წერილობითი ცნობები ასახავენ ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრისა და ახ. წ. ათასწლეულის პირველი ნახევრის ვითარებას. მაშასადამე, დასკვნები კეთდებოდა ძირითადად ანტიკური ხანის, აგრეთვე ძველაღმოსავლური მასალების საუძველზე.


წყარო

საენათმეცნიერო საუბრები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები