ჩქაროსნული ციგურაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ერიკ ჰეიდენი (აშშ), რომელმაც ხუთივე ოქრო ერთ ოლიმპიადაზე მოიგო. ლეიკ პლესიდი, 1980 წელი

ჩქაროსნული ციგურაობა – (ციგურებით რბოლა). ზამთრის სპორტის სახეობა, ჩქაროსნული რბოლა ციგურებით ყინულზე, დახშულ წრეზე.

სარჩევი

ისტორია

გაყინულ არხებზე ნიდერლანდიელ მოციგურავეთა პირველი შეჯიბრებების შესახებ ცნობები XIII საუკუნეს განეკუთვნება. 1676 წელს ნიდერლანდებში გამართულა პირველი ოფიციალური ტურნირი. იმ ხანებში სახელდახელო შეჯიბრებები ეწყობოდა სკანდინავიის ქვეყნებშიც, უმეტესად – ნორვეგიაში. 1863 წელს ოსლოში მოეწყო პირველი ოფიციალური შეჯიბრება, ერთი წლის შემდეგ კი, შეიქმნა ციგურაობის მიმდევართა პირველი საზოგადოება. XIX საუკუნის 80-იან წლებში ნორვეგიელებმა კ. ვერნერმა და ა. პაულსენმა შექმნეს სპორტული სარბოლო ციგურები.

კლას ტუნბერგი (ფინეთი)

როგორც სპორტის სახეობა, ჩქაროსნული ციგურაობა ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. ციგურაობის საერთაშორისო კავშირის დაფუძნებას (1892) მოჰყვა ევროპისა და მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრებები, ციგურაობის შემდგომი განვითარება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. იმდროინდელი ტურნირების პროგრამაში შედიოდა 4 დისციპლინა (500, 1500, 5000 და 10000 მ) – ე.წ. კლასიკური მრავალჭიდი, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად აუცილებელი იყო არანაკლებ 3 დისტანციის მოგება. ამის გამო 5 მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებული საერთოდ არ გამოვლენილა. მოგვიანებით, ეს წესი შეცვალეს და ქულობრივი სისტემა შემოიღეს. 1972 წლიდან კლასიკურის პარალელურად დამკვიდრდა სპრინტერული მრავალჭიდიც (2X500 და 1000 მ).

ციგურაობა ზამთრის ყველა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა. I თამაშების (1924, შამონი) პირველი ჩემპიონი გახდა ამერიკელი ჩარლზ ჯუტროუ, რომელმაც 500 8 44,0 წამში დაფარა. ქალებში პირველი ოლიმპიური ჩემპიონია გერმანელი ჰელგა ჰააზე (1960, სკვო-ველი). მეორე მსოფლიო ომამდე მეტწილად სკანდინავიელები, ჰოლანდიელები და ამერიკელები იმარჯვებდნენ, მერე კი მათ სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ ყოფილი სსრკ-ისა და გდრ-ის მრბოლელები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი ერიკ ჰეიდენის მიღწევა: 1980 წელს ლეიკ პლესიდის XIII ოლიმპიადაზე ჰეიდენმა ხუთივე დისტანციაზე გაიმარჯვა.

ჩქაროსნული ციგურაობა საქართველოში

საქართველოში ჩქაროსნული ციგურაობა განვითარებული არ არის. ერთადერთი ქართველი მოციგურავე, რომელმაც საერთაშორისო ტურნირებში თავის გამოჩენა შეძლო, არის ინგა გილაური. ის 1980-იან წლებში წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა შეჯიბრებებში, მათ შორის სსრკ ჩემპიონატებზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი პირველ ათეულში იყო.

წესები

ჩქაროსნულ მოციგურავეთა რბოლა იმართება ყინულის ტრეკზე, რომლის სიგრძეა 400 ან 333,33 მ (მნიშვნელოვანი შეჯიბრებები 400 მ-ზე ტარდება). ტრეკს აქვს ორი 180-გრადუსიანი მოსახვევი, შიდა წრეხაზის რადიუსია 25-26 მ. ერთმანეთისგან თოვლის ხაზით ან საღებავით გამოყოფილია ორი, 4-5 მ-ის სიგანის ბილიკი. მოციგურავეებს აცვიათ სინთეტიკური, ელასტიკური მასალისაგან დამზადებული მთლიანი კომბინეზონი, რომელიც თავსაც ფარავს. იყენებენ ჩქაროსნული რბოლისთვის განკუთვნილ ფოლადის საგანგებო ციგურებს.

შეჯიბრებაში მონაწილეობენ როგორც კაცები, ისე ქალები. ერთდროულად ასპარეზობს 2 სპორტსმენი. მათ სასტარტო ბილიკის მისათითებლად სხვადასხვა ფერის სამკლაურები უკეთიათ. სპორტსმენს, რომელიც შიდა წრეზე გამოდის, თეთრი სამკლაური უკეთია, გარე წრეზე მორბენალს – წითელი. ტრეკის სწორ, განივ მონაკვეთთან სპორტსმენებმა ბილიკები უნდა გაცვალონ (გარდა 1000- და 1500-მეტრიანი დისტანციების პირველი განივი მონაკვეთისა). 400-მეტრიან ტრეკზე პოზიციის შესაცვლელი მონაკვეთის სიგრძეა 112 მ. მოციგურავე გარბენიდან იხსნება, თუ: ა) განგებ არღვევს შეჯიბრების წესებს; ბ) შიდა ბილიკიდან გასვლისას ქმნის სახიფათო ვითარებას; გ) სტარტს ორჯერ არასწორად იღებს; დ) ცვლის ბილიკს მოხვევისას.

500-მეტრიან დისტანციაზე, როგორც წესი, ინიშნება ორი სტარტი, დანარჩენებზე – თითო. ცალკეულ დისტანციებზე ადგილები ნაწილდება ნაჩვენები დროის მიხედვით, მრავალჭიდში – დაგროვილი ქულების შესაბამისად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები