ბაზალეთი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:50, 12 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზალეთი – ისტორიული სოფელი საქართველოში, დუშეთის რაიონში. მდებარეობს ბაზალეთის პლატოზე, მდინარე ტინისხევის მარცხენა ნაპირზე.

ბაზალეთი მოწმეა არაერთი სისხლისმღვრელი ბრძოლისა გარეშე მტერთან; იგი მოწმეა ძმათა შორის ატეხილი შინაური ომებისაც, რომელთაგან განსაკუთრებული ტკივილით გვახსენდება 1626 წლის ბრძოლა თეიმურაზ მეფისა და ზურაბ არაგვის ერისთავის შეერთებული ლაშქრისა დიდი მოურავის-გიორგი სააკაძის – წინააღმდეგ. აი, როგორ აღწერს ამ სამარცხვინო ძმათა ომს ჩვენი მემატიანე ბერი ეგნატაშვილი: „და შეიბნენ ბაზალეთს ფიცხლად, ასრე რომე არა დარჩა კაცი, რომ არ დაიჭრა და მრავალნი თავადნი დაიჴოცნენ და თჳთ ბატონი თეიმურაზცა დაიჭრა მას დღესა და დაუმარცხდა მას დღესა მოურავსა და თჳთ მოურავიც დაიჭრა…

სხვაგვარად გაუთქვა სახელი ბაზალეთს დიდმა ილიამ: ბაზალეთის ტბის ძირას ჩადგმულ ოქროს აკვანში პოეტმა მომავალი ეროვნული გმირის აღზრდის იდეა შთააგონა მკითხველს: სწორედ ბაზალეთის ტბიდან უნდა წამომართულიყო ის გმირი, ვის სახელსაც „დღედაღამ ჰნატრულობდა ჩუმის ნატვრითა ქართველი“. ძმათა სამარცხვინო შუღლისა და მტრობის სანაცვლოდ ბაზალეთს უნდა ეშვა გმირი, რომელიც ტანჯულ ქვეყანას ერთიანობას და ნანატრ თავისუფლებას მოუტანდა.

საქართველოში სამი ბაზალეთია. დუშეთის რაიონის გარდა, ბაზალეთი სოფლებს ჰქვია ზემო იმერეთსა (ხარაგაულის რაიონი) და ზემო აჭარაში (ქედის რ. ცხომორისის სას. საბჭო), მაგრამ ამჯერად მკითხველს დუშეთის რაიონში მდებარე ბაზალეთის შესახებ გვინდა მოვუთხროთ.

ბაზალეთი, როგორც დასახლებული პუნქტი, გვიან შუა საუკუნეებში ჩანს წარმოქმნილი. პირველად ბაზალეთი ცნობილ საისტორიო წყაროში „ძეგლი ერისთავთაში“ არის მოხსენიებული, რომელიც 1348-1400 წლებს განეკუთვნება. აქ ვკითხულობთ: „მაშინ დავით (იგულისხმება მეფე დავით IX, გიორგი V ბრწყინვალის ძე, გ.ბ.) დგა ბაზალეთს და მიჰმართა ციხესა დარიალისასა და… შეიარეს არაგვი და განრდავლეს ჯუართა ყელი“…

ცნობას ბაზალეთის წარმოშობის თაობაზე პირველად ვახუშტი ბატონიშვილი გვაწვდის. ბაზალეთი, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ვრცელი ტერიტორიული ერთიანობაა: „აქვს ბაზალეთს აღმოსავლით არაგვი, სამვრით ციხე ბოდავისა და ტინის მთა, დასავლით გრემის ჴევი, და ალევის მთა, ჩდილოთ ჭართალის მთა“. რაც შეეხება თვით ტბას, სახელწოდება მას „დაბისა გამო“ მიუღია. როგორც ვხედავთ,ვახუშტი ბატონიშვილი სახელწოდების ისტორიას გვთავაზობს და არა მის შინაარსს. ამ თვალსაზრისით ბაზალეთის პირველი მეცნიერული ახსნა, თუ არ ვცდებით, კ. ჰანს ეკუთვნის, თუმცა მისი ვარაუდი სარწმუნოდ ვერ გამოიყურება: ამოსავლად კ. ჰანი საკუთარ სახელს ბასილს – ბასილეთი მიიჩნევდა: Базалеты груз. Басилети от ვასილი…

საინტერესოა ხალხური ცნობა ბაზალეთის წარმოშობის თაობაზე. ხალხური ვერსიის მიხედვით ბაზალეთი თურმე ბაზარეთს ნიშნავს: „აქა ყოფილა უწინ ხალხის დიდი მიდენ-მოდენა; ქვეყანა იყო თურმე აქ დადებული – თათარი, რუსი, ლეკი, ქისტი… ყველა აქ მოდენილა, ათასი ძვირფასეულობა, ეგრე კიდევ ოთხფეხი, ღვინო, მარცვლეული, ფარჩა-ატლასი მოჰქონებიათ და უყიდნიათ. ეს ყოფილა ბაზარი ადგილი და უძახნიათ ბაზარეთი. დარჩენილა ბოლობოლო ეგ სახელი და ეხლაც ყველა ეგრე ეძახის, უფრო კულტურულად კი ბაზალეთს ვიტყვით“, (შალვა ებიტაშვილი. სოფ. ბაზალეთი, 1984)

ბაზალეთი, ჩვენი ღრმა რწმენით, ანთროპონიმული (გვაროვნული) წარმოშობის სახელია. იგი ემყარება ძველ ქართულ გვარს ბაზალს, რომელსაც XIV-XV საუკუნეებში აქ, ამ ტერიტორიაზე, უნდა ეცხოვრა. XVII-XVIII ს.ს. ქართლის სამეფოს მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ამ გვარის წარმომადგენლებმა, როგორც მაშინდელი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, ჩანს, საცხოვრებლად მთას მიაშურეს და საბოლოოდ ხევში დაიდეს ბინა. ამჟამად ბაზალთა გვარის წარმომადგენლები ძირითადად ხევში (ყაზბეგის რ.) სახლობენ.“

აღსანიშნავია, რომ ბაზალთა გვარი ეკონომიკურად დიდად დაწინაურებული გვარი ყოფილა. მათ სჭერიათ სასაძოვრე მთები, როგორც თვით ხევში, ისე მთიულეთ-გუდამაყარში. სოფელ არშაში, მაგალითად, ერთ-ერთ მთას ბაზალთ მთა ჰქვია. ბაზალთა გვარის წარმომადგენლები (ბაზლიძენი) მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო როლს ასრულებდნენ XVIII-XIX საუკუნის საქართველოს ყოფა-ცხოვრებაში. ქართული კულტურის ისტორიაში კარგად არის ცნობილი იოანე ბაზლიძის ღვაწლი. იოანე, განთქმული თავისი კალიგრაფიითა და ენციკლოპედიური განსწავლულობით, მოღვაწეობდა პეტერბურგში, ბატონიშვილ იოანეს მიერ დაარსებულ ქართულ კოლონიაში. აქ მას 1807 წელს, ირინე ბატონიშვილის დავალებით, რუსული ენიდან უთარგმნია „ყრმათა ენციკლოპედია". გამორიცხული არაა, რომ იოანე ბაზლიძე იყო ბაზალთა იმ გვარის (ბუნის) წარმომადგენელი, რომელთაგანაც მომდინარეობს სახელწოდება ბაზალ-ეთ-ი: „ბახალთა სოფელი", „სოფელი, რომელშიც ბაზალთა გვარს უცხოვრია“.

უთუოდ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არაგვის ხეობის ბარის სოფლების 1781 წლის აღწერის მასალებში სოფელი ბაზალეთი მოხსენიებულია -ეთ სუფიქსის გარეშე: ბაზალი, მეკომურთა სიაში კი დასახელებულია „აზნაურიშვილი ბაზლიძე, კომლი ა, თავი ა, ივანე“.

ყველაფერი ეს, უეჭველია, განამტკიცებს აზრს, რომ ტოპონიმი ბაზალეთი ქართულ გვარ ბაზალთან კავშირში უნდა განიხილებოდეს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები