ხაბარელი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა ხაბარელი

შოთა ხაბარელი – დაიბადა 1956 წლის 26 დეკემბერს ქარელის რ-ნის სოფ. ძლევისჯვარში. საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ძიუდოისტი (78 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 83), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 85), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1987-91 და 1997-2009). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სამჯერ ევროპის და ორჯერ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად. ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

სარჩევი

განათლება

  • საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი (1981).
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი (1986-1991)
  • უნივერსიტეტი "ლეგია და კომპანია", პრორექტორი (1991-1994)
  • საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი (1987-1991; 1997-2009)
  • 2009 წლიდან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №4 კრწანისის საარჩევნო ბლოკი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, თბილისის №13 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020), სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი (17-12-2020)
ბრძოლა ოლიმპიური ოქროსთვის: შოთა ხაბარელი და კუბელი ხუან ფერერი. მოსკოვი, 1980 წელი

სპორტული კარიერა

შოთა ხაბარელმა პირველი სპორტული ნაბიჯები ქარელის სოფელ ძლევისჯვრის ნახერხმოყრილ წრეში გადადგა და, ერთი ხანობა, თავისი სოფლიდან გორამდე, დარბაზში სავარჯიშოდ რომ მიეღწია, ჩანთამოკიდებულს ყოველდღე ოცი კილომეტრის გავლა უწევდა. დიდი სპორტსმენები იშვიათად ხდებიან დიდი მწვრთნელები. შოთა ხაბარელი ერთ­ერთი გამონაკლისია იმათ შორის, ვინც ჯერ თავად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მერე კი სახელოვანი ფალავნები აღზარდა. ხაბარელი თავისი სპორტული ბიოგრაფიის სამ მთავარ ამბავს გამოჰყოფს: პირველი ამბავი 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებს და იქ აღებულ ოქროს მედალს უკავშირდება. მეორე ამბავი შედარებით ახალია: ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე ხაბარელის გაწვრთნილმა ზურაბ ზვიადაურმა ოლიმპიადაზე ცალკე გუნდად მოასპარეზე საქართველოს პირველი ოლიმპიური გამარჯვება მოუტანა. მესამე ამბავი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩვენი ძიუდოისტების მნიშვნელოვან გუნდურ გამარჯვებებს ეხება.

... მოსკოვის ოლიმპიადა ხაბარელისთვის უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე საბრძოლველად ტატამზე უხმობდნენ. დაიწყო მაშინ, როცა, სრულიად მოულოდნელად, მისი სანაკრებო პერსპექტივა სათუო გახდა. საბჭოთა გუნდის მწვრთნელებმა ქართველ მოჭიდავეს რუსი ალექსანდრ ვოლოსოვი ამჯობინეს, რომელთანაც შოთას ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა. საბოლოოდ, ყველაფერი გადაწყვიტა საქართველოს სპორტკომიტეტის ხელმძღვანელთა აქტიურობამ და პრინციპულმა პოზიციამ. ნაკრების მწვრთნელებმა უკან დაიხიეს და ოლიმპიადაზე საჭიდაოდ ხაბარელი გაიყვანეს. ამით შოთას დამატებითი პასუხისმგებლობა დაეკისრა: „პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ოლიმპიური თამაშები უნდა მომეგო. სხვა გზა არ მქონდა, არ უნდა გამეწბილებინა ამ ხალხის იმედები. როცა ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წარმოვიდგინე, რა სიხარული იქნებოდა საქართველოში. ამას სიტყვებით ვერც გადმოსცემ. დავფრინავდი ცაში“.

მოსკოვში ხაბარელმა ოთხი უძნელესი შეხვედრა გამართა და ოთხივე მეტოქეს ქულებით აჯობა. გარდა ოლიმპიურისა, შოთა ხაბარელს სხვა არაერთი მედალი აქვს მოპოვებული: მათ შორის, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ორი ოქრო, პირადი ჩემპიონატის ორ­ორი ვერცხლი და ბრინჯაო, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო. მერე იწყება ხანგრძლივი და არანაკლებ წარმატებული სამწვრთნელო კარიერა საქართველოს ნაკრებში. ამ ნაკრების წევრებმა მრავალი გამარჯვება მოიპოვეს, გუნდურ ტურნირებში კი საოცარი შედეგები აჩვენეს – 2002-­2008 წლებში სამჯერ მოიგეს ევროპის გუნდური ჩემპიონატი, ორჯერ – მსოფლიოსი, თავად ხაბარელი კი ოთხჯერ აღიარეს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად.

1980 წლის ოლიმპიური თამაშები

78 კგ, 23 მონაწილე
1. შოთა ხაბარელი (სსრკ)
2. ხუან ფერერი (კუბა)
3. ბერნარ ჩულოიანი (საფრანგეთი)
3. ჰარალდ ჰაინკე (გდრ)
I წრე ­ ქულებით (კოკა) მოუგო ჰარალდ ჰაინკეს (გდრ); II წრე ­ ქულებით (კოკა) დაამარცხა გეორგი პეტროვი (ბულგარეთი); III წრე ­ ქულებით (იუკო) სძლია მირჩა ფრატიკას (რუმინეთი); ფინალში ქულებით (იუკო) გაიმარჯვა ხუან ფერერისთან (კუბა).

სახელმწიფო ჯილდოები

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (01.01.2000)
  • ღირსების ორდენი (01.01.2002)
  • ღირსების ორდენი (01.01.2003)
  • ღირსების ორდენი (01.01.2006)

წყარო

რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები