ხელოვნების ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:00, 21 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელოვნების ფსიქოლოგია საქართველოში - Psychology of Art in Georgia - Психология Искусства в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში ხელოვნების ფსიქოლოგია. ის ხელოვნების ფსიქოლოგიის თითქმის ყველა ძირითად საკითხს მოიცავს. ეს თავად სკოლის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის მეცნიერულ საქმიანობაში გამოიკვეთა. ესთეტიკისადმი და შესაბამისად მხატვრული შემოქმედების პრობლემისადმი ინტერესი უზნაძეს თავიდანვე ჰქონდა და ბოლომდე არ განელებია. სამშობლოში გამოქვეყნებული მისი პირველივე ნაშრომი მხატვრული შემოქმედების ფილოსოფიურ-ესთეტიკურ და ფსიქოლოგიურ ანალიზს შეიცავს: „ბარათაშვილის ლირის მოტივები” (1910). უზნაძე ხელოვნების საკითხებს ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, კერძოდ ცხოვრების საზრისის ეგზისტენციალური პრობლემის კონტესტში განიხილავს. ქართული კულტურის ნიმუშების, სახელდობრ ი. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, ა. აბაშელის (მოგვიანებით − ი. გრიშაშვილის) შემოქმედებას აანალიზებს სხვადასხვა ნარკვევებში, რამდენადაც, მისი თქმით, პოეზია სიკვდილ-სიცოცხლის განაზრების სფეროში მოძრაობაა. ხელოვნების ნაწარმოებთა ფსიქოლოგიური ანალიზი შემდგომში მისმა მოწაფეებმა განაგრძეს და ყურადღების ცენტრში მოაქციეს ქართული ლიტერატურის მწვერვალი „ვეფხისტყაოსანი” (ვლადიმერ ნორაკიძე, ალექსანდრე ფრანგიშვილი).

დ. უზნაძეს არა მხოლოდ შემოქმედების რაობის გარკვევა სურდა, არამედ ხელოვნების ადამიანზე ზემოქმედების ახსნაც, რადგან ესთეტიკური აღქმა/ტკბობა და შემოქმედება ერთი მედლის ორი მხარეა. ასეთმა მიდგომამ თავი იჩინა მაშინაც, როდესაც დ. უზნაძე ხელოვნების ზოგად ესთეტიკურ-ანთროპლოგიური განხილვიდან წმინდა ფსიქოლოგიურ დახასიათებაზე გადავიდა. ეს მოხდა ქცევის ფორმებისადმი მიძღვნილ ცნობილ გამოკვლევაში (1940). აქ მოცემულია ესთეტიკური ქცევის (განცდის) ზოგადფსიქოლოგიური ანალიზი. მხატვრული შემოქმედება განიხილება, როგორც ფუნქციონალური მოთხოვნილებით მოტივირებული ინტროგენული ქცევის სპეციფიკური ფორმა; იგი გზას უხსნის „ხელოვანის განწყობათა განსახიერებას” და მხატვრული ნაწარმოების სახით „ხელოვანის პიროვნების განწყობათა ობიექტივაციას”. ასევე მკაფიოდ ინტროგენურია ესთეტიკური აღქმაც.

ხელოვანის პიროვნება ყოველთვის იყო უზნაძის ინტერესების სფეროში. ამ მხრივ ნიშანდობლივია წერილი „ლიტერატურა როგორც ფსიქოლოგიური დოკუმენტი”, რომელშიც ბარათაშვილის ნაწარმოებებში სხვადასხვა განცდების გამომხატველი სიტყვების რაოდენობის მიხედვით ნაცადია პოეტის ფსიქიკური წყობის დახასიათება. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ უზნაძის ადრინდელ პედაგოგიკურ თხზულებებში დიდი ყურადღება ეთმობა ხელოვნების აღმზრდელობითი ფუნქციის დახასიათებას.

მოგვიანებით ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მან წამოიწყო ხელოვნების წარმომადგენელთა ემპირიულ-ფსიქოლოგიური კვლევა. კერძოდ, მიმდინარეობდა მხატვარ ლადო გუდიაშვილის ფსიქოლოგიური შესწავლა, საგანგებოდ შექმნილი ექსპერიმენტული მეთოდით. ფიქსირებული განწყობის მეთოდი პირველმა გამოიყენა რ. ნათაძემ მსახიობთა სასცენო გარდასახვის შესასწავლად {წარმოსახვით ფიქსირებული განწყობა}.

ხელოვანთა ფსიქოლოგიური შესწავლის მიმართულებით სისტემურ მუშაობას ეწეოდა ვლ. ნორაკიძე. მას ეკუთვნის სერიოზული მონოგრაფიული გამოკვლევები, შესრულებული ფსიქოლოგიური პორტრეტის ჟანრში (ნ. ბარათაშვილი, დ. გურამიშვილი, ლ. გოთუა, ლ. გუდიაშვილი). თანამედროვეთა კვლევისას იყენებდა სხვადასხვა ფსიქოდიაგნოსტიკურ ტექნიკას, მათ შორის თავის მიერ დამუშავებულს − პიროვნების განწყობის სტრუქტურის კვლევის კლინიკურ-ბიოგრაფიული მეთოდი. ვლ. ნორაკიძემ შექმნა აგრეთვე მნიშვნელოვანი განმაზოგადებელი თხზულებები ხასიათის ფსიქოლოგიისა და შემოქმედების მიმართების საკითხებთან დაკავშირებით: „ხასიათის ფსიქოლოგია და ხელოვნება (1962), „ხასიათის ფსიქოლოგია და მხატვრული ლიტერატურა” (1972).

ესთეტიკური აღქმის (განცდის) საკითხებს ასაკობრივი და პედაგოგიკური ფსიქოლოგიის კუთხით შეისწავლიდნენ გიორგი კეჩხუაშვილი, დარეჯან რამიშვილი, ფატი ხუნდაძე, დოდო ჯვარშეიშვილი). ხოლო პათოფსიქოლოგიის კუთხით − ე. ვაჩნაძე. საკმაოდ ბევრი გაკეთდა მუსიკის ფსიქოლოგიის მიმართულებით (ლ. ბალანჩივაძე, ლ. სამსონიძე, გ. კეჩხუაშვილი, ჯემალ ბუსურაშვილი). განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიტალი კაკაბაძის წიგნი „მუსიკის ფენომენი” (1993), რომელშიც გადმოცემულია სმენისა და მუსიკის ფსიქოლოგიის ძირითადი შინაარსი. ნაყოფიერად მუშაობს რუსუდან მირცხულავა რამდენიმე მიმართულებით: მხატვრული ნაწარმოების ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია (უპირატესად თეატრისა და კინოხელოვნების დარგებში), არტთერაპია, კერძოდ ფსიქოდრამა. მის წიგნში „ხელოვნების ფსიქოლოგია” (2007) განხილულია ხელოვნების ფსიქოლოგიის კვლევის ძირითადი მიმართულებები და თეორიები.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები