აბრიე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი აბრიე

აბრიე (აბრი) – (Abries, Abri; Абрье, Абри), – კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, პროვანსალპების-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონში, ზემო ალპების დეპარტამენტში, ბრიანსონის რაიონში, ქ. ბრიანსონიდან 25 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. გრენობლიდან 100 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ქ. ნიციდან 125 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს კეირას რეგიონალურ ბუნებრივ პარკთან და ნაწილობრივ ამ პარკის ტერიტორიაზე, მდინარე გილის ხეობაში, მდინარე გილისა და მდინარე ბუშეს შეერთების რაიონში. კურორტ აბრიეს ადგილმდებარეობის მინიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1513 მ-ია, ხოლო მაქსიმალური – 3035 მ. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზღვის დონიდან 1513-1700 მ-ის სიმაღლეზე, სადაც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ცხოვრობენ, ჰავა ზომიერად კონტინენტურია, საშუალო მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5,2°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 5,5°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1100 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (386 მმ), ხოლო მინიმუმი – გაზაფხულზე (186 მმ).

მცენარეული საფარი აბრიეს ტერიტორიაზე გვხვდება: ნაძვი, სოჭი, მუხა, ვერხვი და სხვ. კურორტის მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია ნაძვი და სოჭი. აქ აგრეთვე გვხვდება მაღალი მთის ბუჩქნარი (დეკა, მთის ფიჭვი, ღვია და სხვ.). ზღვის დონიდან 2300 მ-ის ზევით, თოვლის ხაზამდე, მცენარეული საფარი მეჩხერი, მეტწილად დაბალბალახიანი ალპური მდელოებია. აქ უმთავრესად ხარობს: ფხიჯა, ფურისულა, ყოჩივარდა, ასტრა, ია, ბაია, ალისარჩული და სხვ.

აბრიეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და მსუბუქი აეროიონებით გაჟღენთილი მთის ჰაერი

აბრიეს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.


ჩვენებები აბრიაში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებით სრიალი, ციგურაობა, სეირნობა სნოუბორდით; სეირნობა ძაღლებიანი მარხილით და სხვ.; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; რაქიტი; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები კურორტ აბრიეში

წმიდა პეტრეს, წმიდა პავლესა და წმიდა ანტონის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (აშენდა XII საუკუნეში, რესტავრაცია ჩაუტარდა XVI საუკუნეში და XX საუკუნის 50-იან წლებში) სამრეკლოთი (1620 წელი); ლეს ალი – შენობა (XVI საუკუნის დასასრული, XVII საუკუნის დასაწყისი), სადაც ამჟამად მდებარეობს რატუშა და საფოსტო განყოფილება; პეტროგლიფები (წარწერები ქვებზე) (XVIII საუკუნე) და სხვ.

აბრიეს მიდამოების სოფლებში (ჯვრის სადგური, რომელიც მთავრდება ღვთისმშობლის სახელობის რომაულ-კათოლიკური სამლოცველოთი (1830 წელი); XVIII-XIX საუკუნეში აშენებული სამლოცველოები – წმიდა როხეს სახელობის, წმიდა ლორანის სახელობის, შვიდი მწუხარების ღვთისმშობლის სახელობის და სხვ., ქ. ბრიანსონში (კორდელიერების (ფრანცისკელების) ეკლესია (XIII-XV საუკუნეები); ფრანცისკელთა მონასტერი ეკლესიით (XVIII საუკუნე); სამრევლოს რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1703-1726 წლები); ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა ნიკოლოზის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1718 წელი) და სხვა რელიგიური დაწესებულებები; ქალაქის კედლის შემორჩენილი ნაწილი (XIV საუკუნე); ფრანცისკ I-ის შადრევანი (XVI საუკუნე); ციტადელი (გადაკეთდა XIV საუკუნის ციხესიმაგრიდან მძლავრ ციტადელად XVII საუკუნის შუა ხანებში მარშალ ვობანის მიერ); XVII საუკუნის ორი წყალსადინარი; ფორტიფიკაციური ნაგებობები (XVII საუკუნე); XVI-XVIII საუკუნეებში აშენებული ფორტები – Fort Du Mont Chaberton და Fort Du Chateau; კაზინო „Barriere de Briancon“, მე-18 საუკუნის შენობაში; კორდელიერების მუზეუმი; კიერის რეგიონალური პარკი, ეკრენის ნაციონალური პარკი და სხვ.

ქ. გრენობლში (რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი – Notre-Dame de Grenoble (XIIXIII საუკუნეები); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – წმიდა გუგოს სახელობის (XII საუკუნე), წმიდა ანდრიას სახელობის (XIII საუკუნე), წმიდა ლუის სახელობის (1699 წელი) და სხვ.; ვიზიტანტების ყოფილი მონასტერი (1619-1621 წლები); ყოფილი რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – წმიდა ლორანის სახელობის (XII საუკუნე) და წმიდა ლავრენტის სახელობის (XII საუკუნე); ვიზიტანტების ყოფილი კაპელა (1647 წელი); ქალაქის კედლის (III საუკუნე) ნაშთები, წმიდა ლორანის სახელობის ყოფილ ეკლესიასთან; ქალაქის თავდაცვის ნაგებობათა (XIV საუკუნე) ნაშთები, წმიდა ლავრენტის სახელობის ყოფილ ეკლესიასთან; გრენობლის ბაპტისტერიუმის (III საუკუნე) ნანგრევები; კრიპტები – წმიდა ეგვენდის სახელობის (გაკეთდა V საუკუნეში, ხოლო VII საუკუნეში გამდიდრდა 20 სვეტით სხვადასხვა კაპიტელით), წმიდა ლავრენტის სახელობის ყოფილი ეკლესიის ქვეშ, წმიდა ლორანის სახელობის ყოფილი ეკლესიის ქვეშ (VIII საუკუნის დასასრული) და Notre-Dame De Grenoble-ის ქვეშ (XI-XIII საუკუნეები); კოშკები – პრემოლისა (1350 წელი) და კუნძულის (XIV საუკუნე); ეპისკოპოსის ძველი სასახლე (1350 წელი); დოფინეს პარლამენტის ყოფილი სასახლე (1478-1539 წლები); რაბოს ფორტი (XV საუკუნე); ბასტილიის ციხესიმაგრე (აშენდა XVI საუკუნეში, ხოლო მისი გაფართოება და გაძლიერება გრძელდებოდა XIX საუკუნის II ნახევრამდე); XVI საუკუნის სახლები – ბიუშეს, დელიგიერის და სხვ.; წმიდა ანდრიას სახელობის კოლეჯი (XVI საუკუნე); სტენდალის სახელობის კოლეჯი და ლიცეუმი რომაულ-კათოლიკური სამლოცველოთი (XVII საუკუნე); სამხედრო მიზნით გამოთხრილი მანდრენის გამოქვაბულები (1844 წელი) მონ-ჟალის კლდეში; კვარტალი სენ-ლორანი (XIXსაუკუნე); მუზეუმები – გრენობლის, არქეოლოგიური, დოფინეს პროვინციის (დოფინუა), სენ-ლორანის სახელობის ეკლესიის, ბუნებრივი ისტორიის, ნატიფი ხელოვნების, სახვითი ხელოვნების, ფერწერისა და ქანდაკების, სტენდალის, სამხედრო, ძველი საეპისკოპოსო, წინააღმდეგობისა და დეპორტაციის, ავტომატების „მექანიკის ოცნებები“ და სხვ.; ცენტრები – თანამედროვე ხელოვნების, ზამთრის სპორტის სახეობების, ალპინიზმის, ბირთვული კვლევებისა და სხვ.; XX საუკუნეში აშენებული ობიექტები – საბაგირო გზა, ახალი რატუშა, გამოფენების სასახლე, კულტურის სახლი, ყინულის სასახლე, ოლიმპიური სოფელი და სხვ.; პარკები – დოფინეს, ალბერ მიშალონის, პოლ მისტრალის და სხვ.;

ქ. გრენობლის მიდამოებში (კარტეზიანელთა დიდი მონასტერი „Grand Shartreuse“ (დაარსდა 1084 წელს) გრანდ-შარტრეზის მთის მასივში, ქ. გრენობლიდან 26 კმ-ში, ჩრდილოეთით (ამ მონასტრის ბერებმა შეიმუშავეს განთქმული ლიქიორის „შარტრეზის“ რეცეპტი) და მუზეუმი ამ მონასტერში; წმიდა ანტონ დიდის სახელობის რომაულ-კათოლიკური სააბატო (XIII საუკუნე), ქ. გრენობლიდან 40 კმ-ში, დასავლეთით; პრემოლის მონასტრის (XV საუკუნე) ნანგრევები, ქ. გრენობლიდან 14 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით; შარტრეზის ბუნებრივი პარკი და სხვ.;

ქ. ნიცაში (XVII-XVIII საუკუნეებში აშენებული რომაულ-კათოლიკური რელიგიური დაწესებულებები – წმიდა რეპარატას სახელობის საკათედრო ტაძარი, სამლოცველო „Chapelle Saint-Groix“, ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის ბაზილიკა და სხვ.; მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის რუსული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი (XIX საუკუნის დასასრული და XX საუკუნის დასაწყისი); მუზეუმები – არქეოლოგიის, ბუნებრივი ისტორიის, ნატიფი ხელოვნების, მასენის, მატისის, ლასკარის, ა. ჟაკოვსკის გულუბრყვილო ხელოვნებისა და მარკ შაგალის ბიბლიური წერილის და სხვ.

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები