ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემა
ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემა – (Global Positioning System – GPS), გლობალური პოზიციონირების სისტემა, რომლითაც ხდება კოსმოსურ სივრცესა და დედამიწაზე (პოლარული ოლქების გარდა), ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა – განედი, გრძედი, სიმაღლე ზღვის დონიდან, მოძრაობის მიმართულება და სიჩქარე (დრო წამის მეათედის სიზუსტით – ნანოსეკუნდი). დამუშავდა აშშ-ში, როგორც სივრცითი კოორდინატების მაღალი სიზუსტით განსაზღვრის სამხედრო სანავიგაციო სისტემა, თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა. მისი კოდური სახელწოდებაა NAVSTAR (Navigation Satellite Timing and Ranging). იყენებს ორბიტალურ თანამგზავრებს. დედამიწის ზედაპირის სრული დაფარვისათვის გამოყენებულია 24 თანამგზავრი, რომლებიც მოძრაობენ 20 180 კმ-ის სიმაღლეზე, 6 ორბიტალურ სიბრტყეზე. მათ სიგნალებს დედამიწაზე იღებენ სპეციალური მოწყობილობებით. გეოგრაფიული კოორდინატების და აბსოლუტური სიმაღლის განსაზღვრისათვის საჭიროა სიგნალების მიღება მინიმუმ ოთხი თანამგზავრიდან. GPS თავდაპირველად გათვალისწინებული იყო სამხედრო მიზნებისთვის. ამჟამად საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ნავიგაციაში გამოიყენება სამოქალაქო დანიშნულებით, მაგალითად: მიწის ნაკვეთების წერტილთა კოორდინატების განსაზღვრა, ელექტრონულ რუკაზე ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მისი მოძრაობის მონიტორინგი. არსებობს ადგილმდებარეობის განსაზღვრის სხვა გლობალური და რეგიონული სისტემებიც.
იხილე აგრეთვე
სანავიგაციო თანამგზავრული სისტემები