ავალიშვილი გიორგი ივანეს ძე
ავალიშვილი გიორგი ივანეს ძე (1769 – 3 აპრილი, 1850) – მწერალი, მოგზაური, დრამატურგი, დიპლომატი, XVIII ს. ქართული თეატრის მეთაური, დრამატული მწერლობის მამამთავრად წოდებული, ვოლტერიანელი, მანდატურთუხუცესი, საიდუმლო მრჩეველი, გარსევან ჭავჭავაძის ცოლის ძმა. ერეკლე II-მ დავით ბატონიშვილთან, ერასტი თურქესტანიშვილთან და იოანე ორბელიანთან ერთად, სწავლა-განათლებისათვის და საქართველოში რუსული კულტურის გადმოსანერგად რუსეთს მიავლინა. გიორგი ავალიშვილმა რუსეთში კარგი განათლება მიიღო. ქართულის გარდა იცოდა რუსული, სომხური და თათრული ენები.
გიორგი ავალიშვილი რუსეთში სწავლის დროს გაეცნო რუსული თეატრის საქმეს და სამშობლოში დაბრუნებისთანავე, XVIII საუკუნის მიწურულს, ზემოთხსენებულ თანამოსწავლეთა ჯგუფის აქტიური მონაწილეობით შეადგინა დრამატული დასი (რომელშიც ქალთაგან შედიოდნენ ერეკლე IIის, მისი ძის - გიორგისა და თვით ავალიშვილის ასულნი), იშოვა ბინა (მესხიშვილის, მელიქიშვილისა და ორბელიანის სახლი) და 1791 წელს (ზოგი ცნობით – 1794), ქართველთა მეფობის ჟამს, პირველი ქართული წარმოდგენა გამართა. წარმოადგინა საკუთარი ისტორიული კომედია „მეფე თეიმურაზ“ [საფლავიდან წამომდგარი თეიმურაზი დაინახავს-რა ევროპულად ჩაცმულ ხალხსა და შეცვლილ ზნე-ჩვეულებას, იტყვის: „ჰაი, გიდი საქართველოვ და საქართველოს ღატაკო ხალხო! მაგრამ, ეჰ, შვილო, ირაკლი, შენი იმედი მაქვს, რომ ჩვენს საყვარელ ხალხს სიმართლით უპატრონებ და არ შეაჭმევ მგლებს ბატკნებივით”-ო].
ეს ის დრო იყო, როცა ქართული უძველესი თეატრის ნიშან-წყალი მრავალი საუკუნის მანძილზე ველური ურდოების შემოსევასა თუ სხვა მიზეზებს წარეხოცა; ხოლო აღმოსავლეთის ზნე-ჩვეულებას, გართობა-შექცევას ნელ-ნელა მნიშვნელობა ეკარგებოდა. რუსეთის მხრივ ევროპული კულტურის სხივი შემოდიოდა. ამ დრომდე (ერეკლე II-ის მეფობა) ქართველობა ყაბახით, მუშაითობით (ჯამბაზობა), ბერიკაობითა და ყეენობით ერთობოდა.
გიორგი ავალიშვილმა თარგმნა კრილოვის, დერჟავინის, ა. პ. სუმაროკოვის პიესები: 1794 წელს – „რქის მატარებელი“ („Рогоносец”), „დედა რაყიფი ქალისა” („Мать совместница дочери”) და „საჩხუბარი“ („Пустая ссора”). სამივე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” № 11 ხელნაწერშია დაცული [ზ. მთაწმინდელისა (ჭიჭინაძე) და ალ. ხახანაშვილის ცნობით, პირველი პიესა 1791 წელს სამჯერ წარმოადგინეს, დანარჩენი ორი – 1792 წელს, რასაც უარყოფს პროფ. კორნელი კეკელიძე, (თანახმად მთარგმნელის წარწერისა)]. ასევე, თარგმნა: დიალოგი-სატირა „უბნობა მკვდართა“, რომელიც შეიცავს 4 ნაწილს (I. ძვირი და უხვი, II. უბნობა მაღალი ხარისხისა და მდაბალი ხარისხისა, III. უფალი და მონა, IV. ჯარა აქიმი და ლექსის მთქმელი), ვოლტერის ფილოსოფიური რომანი „ზადილი, ანუ ბედი” (1815-1816); „ამბავი აღმოსავლეთისა”; „ქვეყანა, ვითარცა არს”; „ხილვაჲ ბაბუკასი, თვით მის მიერ დაწერილი” და სხვ.
გიორგი ავალიშვილი თეატრისგან მოითხოვდა: ზნეობრივ აღმზრდელობას. თავისი პიესების წარმოდგენის დროს საზოგადოებას საკუთარი ლექსით მიმართავდა:
- „თუ ხართ ვინმე მოსურნენი თეატრს სმენად ანუ ცნობად,
- შეიმატებთ განდიდებას, ბრძენთა აგებთ თქვენად მკობად...
- მაგრამ მწადის განრიგება კიცხვითა და ქვემო რჩომა...
- დაიშალეთ, თუ რომ სჯობდეს მლიქვნელობა, ქვეშ-ქვეშ ძრომა”
გიორგი ავალიშვილი, როგორც ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეთაგანი, საქართველოს რუსეთთან შეერთებისათვის რუსეთს გაგზავნილ დესპანთა შორის ერია (დის ქმარ – გარსევან ჭავჭავაძესთან ერთად). 1784 წელს, ერეკლე II-მ პეტერბურგში საელჩოს მდივნად გაგზავნა.
გიორგი ავალიშვილმა 1791 წელს სპარსეთის აზერბაიჯანში იმოგზაურა, ხოლო 1819–1820 წწ. – აღმოსავლეთის წმ. ადგილებში, რაც წიგნში აღწერა: „მგზავრობა თბილისით იერუსალიმისადმი საბერძნეთსა ზედა, უკუთქცევაჲ იერუსალიმით თბილისისისადმივე კიპრის ჭალაკისა, მცირისა აზიისა და ანატოლიის ძალით“, 2 ნაწილად, სურათებით და ქარტით (1825 წ. დაწერილი, წ.-კ. ხელნაწ. № 450).
მისი მოგზაურობის მარშრუტი იყო: თბილისი – დასავლეთი საქართველო – ყირიმი – კონსტანტინოპოლი – ალექსანდრია – ქაირო – იერუსალიმი – კუნძული კვიპროსი – თარსუ – კაისარი – არზრუმი – ყარსი – შულავერი – თბილისი. აღწერილი აქვს ზოგიერთი ქალაქის წარმოშობის ისტორია. მოგზაურობის დროს იერუსალიმიდან გამოიტანა ოქროპირისა და სხვების ქადაგებათა ხელნაწერი კრებული „მარგალიტი“, ეგვიპტიდან – მუმიები და მუზეუმისათვის პეტროგრადს ჩაიტანა.
მისივე ნაშრომია:
ა) „გამოცდილებაი რაბბინის სიბრძნისა (საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის ხელნაწერი „დიმიტრიანში“);
ბ) „ხმა ცოდვილისა ღმრთისადმი“, იამბიკოდ დაწერილი [პოემა]. – თბ., 1884, ილია ჭყონიას წინასიტყვაობით [რომლის აზრითაც, ეს არის „დაუჭკნობელი ვარდი, ჩვენს საღვთისმეტყველო პოეზიის წალკოტში ხელოვანოსტატისაგან ნიჭიერად მონაგარებული“] და სხვ.
გარდაიცვალა მოსკოვში, 1850 წლის ივნისის 3-ს და იქვე, ყოვლადწმიდის (ვსესვიატსკოეს, იგივე „სვენცკას“) ეკლესიაში, დაკრძალეს. გიორგი ავალიშვილის საფლავის ქვას აწერია: „Здесь погребен князь Георгий Иванович Авалов, скончавшийся 3 июня 1850 года“.
გამოყენებული ლიტერატურა:
- 1. ზ. მთაწმინდელი [ჭიჭინაძე]. ქართ. წარმოდგენები მე-18 ს. // დროება. – 1879. – № 236-237;
- 2. Цагарели, А. А. Сведения о памятниках грузинской письменности. – Вып. второй. – Спб., 1889. – с. XXIXXVIII;
- 3. სალარო ცოდნისა: რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი = Русско-грузинский энциклопедический словарь / ივ. როსტომაშვილის რედაქციით. – წ. 1: [А - Афонъ]. – თბ., 1898. – გვ. 19;
- 4. ხახანაშვილი, ა. ქართული სიტყვიერების ისტორია: (უძველესი დროიდგან მე-XVIII საუკუნის გასულამდე). – ტფ., 1919. – გვ.: 434, 450;
- 5. კეკელიძე, კ. ქართული ლიტერატურის ისტორია. – ტ. I: ძველი მწერლობა. – ტფ., 1923. – გვ.: 67, 600; მე-2 შევსებ. და შესწ. გამოცემა. – თბ., 1941. – გვ.: 509; ტ. 2: საერო მწერლობა XI-XVIII ს.. – ტფ., 1924. – გვ.: 496–498; მე-2 შევსებ. და შესწ. გამოცემა. – თბ, 1941. – გვ.: 41;
- 6. აბრამიშვილი, მ. ძველი ქართული თეატრი: (ისტორიული მიმოხილვა). – ქუთაისი, 1925. – გვ.: 32-35; 15-29;
- 7. ლეონიძე, გ. ბესიკი, მარმონტელი და ლესაჟი // ლიტერატურული საქართველო. – 1938. – № 24;
- 8. რუხაძე, ტ. უძველესი ქართული დრამატული თხზულება // ლიტერატურული საქართველო. – 1938. – № 23,
- 9. რუხაძე, ტ. ქართული ეპოსი გარდამავალი ხანის ლიტერატურაში. – თბ., 1939. – გვ. 247;
- 10. ბალახაშვილი, ი. – ა) გრიბოედოვი საქართველოში და ნინო ჭავჭავაძე // ჩვენი თაობა. – 1940. – № 8. – გვ. 52; ბ) მცირე თეატრი და გრ. ორბელიანი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1949. – № 43;
- 11. გეხტმანი, გ. ნ. გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურნი: სიტყვარი-ცნობარი. – თბ., 1942. – გვ. 11-12;
- 12. ჯანელიძე, დ. მეთვრამეტე საუკუნის ქართული სახიობა და თეატრი // კომუნისტი. – 1944. – № 7;
- 13. რუხაძე, ტრ. ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია. – თბ., 1949. – გვ. 552.