აკაპულკო
აკაპულკო – (ინგლ. Acapulco, რუს. Акапулько), ოკეანისპირა კლიმატური კურორტი მექსიკის შტატ გერერაში, ქ. მეხიკოდან 433 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს წყნარი ოკეანის აკაპულკოს ყურის სანტა-ლუჩიას უბის ნაპირზე; ესაზღვრება სამხრეთ სიერა მადრეს ქედს. კურორტის სანაპიროს ვიწრო ზოლის რელიეფი ვაკეა. ამ რელიეფს აკაპულკოს მიდამოებში ცვლის მთაგორიანი რელიეფი.
ჰავა – ტროპიკული ოკეანისპირა, შეხამებული მთის ჰავასთან. ზამთარი თბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 16,4°C. ზაფხული ცხელია და წვიმიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 28,5°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 1377 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი (1297 მმ) მოდის ივნის-ოქტომბერზე, ხოლო მინიმუმი (80 მმ) – ნოემბერ-მაისზე. ყველაზე წვიმიანი თვეა სექტემბერი (349 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი – მარტი (0 მმ).
აკაპულკოში, ლაგუნის სანაპიროზე, გავრცელებულია: გარგარის, ატმისა და ქლიავის ხეივნები. კურორტზე და მის მიდამოებში გვხვდება: კაქტუსები, ექინოკაქტუსები, ოპუნციები, პალმები და მუხა. სამხრეთ სიერა მადრეს ქედის კალთები დაფარულია ფოთლოვანი და შერეული ტყეებით (მუხა, რცხილა, ცაცხვი, ფიჭვი და სოჭი).
აკაპულკოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ტროპიკული ოკეანისპირა ჰავა, რომელიც შეხამებულია მთის ჰავასთან; იონებითა და მარილებით გაჯერებული ოკეანისპირა ჰაერი; ოკეანის წყალი.
აკაპულკოში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ოკეანეში, პასიური კლიმატოთერაპია და სხვ.).
ჩვენებები აკაპულკოში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემების დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. აკაპულკოში (სარღარიო დე ლა სოლედადის სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (XVII საუკუნე); მოდერნის სტილში აშენებული რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (1930 წელი); „მშვიდობის კაპელა“ – ციხესიმაგრე (XVI-XVII საუკუნეები) და 42-მეტრიანი ჯვარი, აღნიშნული ციხესიმაგრის გვერდით; სან-დიეგოს ფორტი (1616-1617 წლები) და ციხესიმაგრე (XVII-XVIII საუკუნეები); ნაციონალური პარკი პაპაგაიო; მუზეუმები – არქეოლოგიური, ისტორიისა და ხელოვნების; ეშკარატის და შპუხას ეკოლოგიური პარკები; სამხატვრო გალერეა; საგამოფენო ცენტრი; ოკეანარიუმი; ზოოპარკი; წყლის ატრაქციონების პარკი და სხვ.