ალალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალალი

ალალი (ლათ. Falco columbarius Linnaeus, 1758) − ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახიდან.

პატარა ზომის მტაცებელი ფრინველია. ფრთა 190-260 მმ-ია, კუდი – 130-165 მმ, წონა – 170-300 გ. დედალი რამდენადმე დიდია მამალზე. შეფერილობაში კარგადაა გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. ზრდასრული მამალი ზემოდან ნაცარა-მურაა, ვიწრო ღერძულა ხაზებით; თავი უფრო მუქია, ვიდრე ზურგი. კისრის უკანა ნაწილში ცვილისფერი ლაქებია; მომქნევები შავია, მაგრამ შიგნითა მარაოებზე არის ნათელი განივი ლაქები; მომქნევების წვეროებზე ვიწრო მოთეთრო არშიებია. კუდის ბოლოში ფართო შავი ხოლია. ქვემო მხარე ცვილისფერია, ღერძულა ხაზებით; წვივის წაგრძელებული ბუმბულები (საჩერნე) მოქარცისფროა. ზრდასრული დედალი ზემოდან მოქარცისფრო-კვამლისფერია, ცვილისფერი განივი ზოლებით; ქვემო მხარე დედალსაც ცვილისფერი აქვს, მაგრამ მასზე არის ფართო გასწვრივი მურა ზოლები. ფრთების ბოლოები შავია, ხოლო კუდი − მუქი მურა, ქარცი განივი ზოლებით, ცვილანა და ფეხები ყვითელია, ნისკარტი – მოლურჯო-მურა, ბრჭყალები – შავი. ახალგაზრდები დედლის მსგავსია, მაგრამ რამდენადმე უფრო მუქი და ქარცია.

აღწერილია 10-მდე ქვესახეობა. საქართველოში შეიძლება შეგვხვდეს ჩვეულებრივი ალალი – F. c. aesalon Tunstall, 1771 და ველის ალალი – F. c. christiani-ludovici Kleinschmidt, 1917, თუმცა ეს დამატებით შესწავლას მოითხოვს.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი ფრიად ვრცელია. იგი მოიცავს თითქმის მთელ ევროპასა და აზიას, ჩრდილოეთით – ტყე-ტუნდრის საზღვრამდე (აქა-იქ იჭრება ტუნდრაშიც); სამხრეთით ბუდობს შუა ევროპამდე, მინსკის, ხარკოვის, მოსკოვისა და ჩკალოვის ოლქებამდე, ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიანშანის, ალტაისა და საიანის მთებზე, სახალინზე, ჩინეთსა და იაპონიაში; რამდენიმე ქვესახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაშიც. ზამთრობს ცენტრალურსა და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთი ამერიკის სამხრეთ ნაწილში და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში მოიპოვება როგორც მოზამთრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბუდობის დროს ირჩევს ღია ადგილებს ტყის ზონაში, სადაც ტყესთან მონაცვლეობს მინდვრები, ველები ან მდელოები (ტყე-ტუნდრა და ტყე-ველები). ზამთრობით შეიძლება შეგვხვდეს ნაირგვარი ტიპის ღია ადგილებში ტყის მახლობლად.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს კლდეზე, ჭაობებში – მიწის კოლბოხებზე, ფიჭვნარში ან წყლისპირა ბუჩქნარიან ფლატეზე, იშვიათად ხეზე. მაისში დებს 3-4 კვერცხს, ზოგჯერ მეტსაც, მაგრამ ნაჩეკში უპირატესად მხოლოდ 3 მართვეა. კრუხად ჯდება დედალი, რომელსაც იშვიათად მამალიც ცვლის. საინკუბაციო პერიოდი ერთ თვემდე გრძელდება.

კვება

ალალის საკვებს შეადგენენ პატარა ზომის ფრინველები და მღრღნელები, აგრეთვე მცირე რაოდენობით – მწერებიც. ფრინველებს თავს ესხმის უპირატესად ფრენის დროს, ხოლო მღრღნელებსა და მწერებს იჭერს მიწაზე.

მნიშვნელობა

პრაქტიკული მნიშვნელობა შესწავლილი არაა. კვების ხასიათის მიხედვით, მის მიერ მოტანილი სარგებლობა და ზიანი თითქმის თანაბარია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები