შავარდენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავარდენი

შავარდენი (Falco peregrinus) – ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახიდან. შავარდენი კოსმოპოლიტი ფრინველია, რომელიც ანტარქტიკის გარდა ყველა მატერიკზეა გავრცელებული. ჩრდილოეთით მცხოვრები პოპულაციები გადამფრენია, სამხრეთით მცხოვრებნი – მობინადრენი. საქართველოში შავარდნები ერთეული წყვილების სახით გვხვდება: საგურამოში, ატენის ხეობაში, ტაბახმელა-შინდისის, მანგლისის, ბირთვისის მიდამოებში, მესხეთში (ადიგენის რაიონი, ბორბალოს ხეობა), ჯავახეთში (აბულ-სამსარის ქედის მიდამოები), ხევსურეთში, სამეგრელოსა და აჭარაში.

ბინადრობენ ტყეების მომიჯნავე ღია ადგილებში, მაგრამ სრულიად ღია, ვაკე ლანდშაფტს გაურბიან (მაგალითად, შავარდნები არ არიან ევროპის, ციმბირის, ავსტრალიის ველებზე, სამხრეთ ამერიკის პამპაში). ამჟამად შავარდნების ადგილსამყოფელი მცირდება ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გამო.

შავარდნები ქმნიან მუდმივ წყვილებს (ერთ-ერთის სიკვდილამდე) და საბუდარ ტერიტორიებს მრავალი წლის განმავლობაში იკავებენ. თვითონ ბუდეს არ იშენებენ და სხვა ფრინველებისთვის წართმეული ან მიტოვებული ბუდეებით სარგებლობენ. ტუნდრაში კვერცხებს დებენ მდინარეების ციცაბო ნაპირებზე, ჩვენში – ხშირად კლდეების ნაჭდევებსა და ბზარებში. აპრილში დებს 2-4 კვერცხს. ინკუბაციის ხანგრძლივობა 28-29 დღე-ღამეა; კრუხობს ძირითადად დედალი, რომელსაც მცირე ხნით მამალი ენაცვლება. მართვეები გამოჩეკიდან მე-40 დღეზე ტოვებენ ბუდეს. სქესმწიფობას აღწევენ ერთი წლის ასაკში.

შავარდენი იშვიათი და მცირერიცხოვანი ფრინველია. განსაკუთრებით მცირერიცხოვანია საქართველოში. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები