თვალშავი
თვალშავი (ლათ. Falco vespertinus Linnaeus, 1766) − ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი − შავარდნისებრნი (Falconidae)
- გვარი − შავარდენი (Falco)
ჩვენში გავრცელებულ შავარდნისებრთა შორის ყველაზე რპატარაა. ფრთა 225-255 მმ-ია, კუდი – 140-160 მმ, წონა 130-195 გ. დედალი ოდნავ დიდია მამალზე. სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული შეფერილობაშიც. ზრდასრული მამალი ზურგის მხარეს ნაცარა-რუხია; პირველი სამი დიდი მომქნევი მურა ფერისაა, მაგრამ შიგნითა მარაოებზე ფართო განივი თეთრი ლაქებია; დანარჩენი მომქნევები ნაცარა-ვერცხლისფერია. საჭის შუა და კიდურა ბუმბულები მორუხო-მურაა. საჭის სხვა ბუმბულებზე კარგადაა გამოხატული მოცვილისფრო და მურა განივზოლიანობა; სხეულის ქვემო მხარე მორუხო- ნაცარაა, მაგრამ მკერდზე შეიძლება იყოს მოქარცისფრო ლაქები. მუცლის უკანა ნანაწილი, კუდქვეშა და წვივის ბუმბულები მკვეთრი ქარცია. ზრდასრული დედალი ზურგის მხარეს ნაცარაა, განივი ზოლებით. მუცლის მხარეს – მოცვილოსფრო-ქარცი, მურა ფერის გასწვრივი ლაქებით; თვალებთან შავი ლაქებია. ნისკარტი მოყვითალოა, მაგრამ წვეროში მურა; ბრჭყალები მკრთალი მოთეთრო-რქისფერია. თვალების ირგვლივ რგოლი, ცვილანა და ფეხები მოწითალოა.
ზოგიერთი ავტორი გამოყოფს 2 ქვესახეობას. საქართველოში მოიპოვება დასავლური თვალშავი – F. v. vespertinus Linn., 1766.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ველების, ტყე-ველებისა და ნაწილობრივ ტაიგის ზონებს. გავრცელების დასავლეთი საზღვარია: ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, ბელორუსია, რუმინეთი, უნგრეთი, იუგოსლავია და სამხრეთი ბულგარეთი; სამხრეთი საზღვარი გადის ჩრდილო კავკასიაზე, ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ალტაიზე, მონგოლეთსა და ჩრდილოეთ ჩინეთში, აღმოსავლეთით ზღვისპირეთამდე. ზამთრობით მიფრინავს უპირატესად ტროპიკულსა და სამხრეთ აფრიკაში; აქა-იქ იზამთრებს აზიის სამხრეთ ნაწილშიც. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის დროს, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ ადგილას შეიძლება ბუდობდეს კიდეც.
ბიოტოპი
ღია, ვაკე ადგილები ველებსა და ტყე-ველებში, კულტურული ლანდშაფტი ბაღებითა და პარკებით, მდინარის სანაპირო ბუჩქნარები. უღრან ტყეში არ შედის. ბუდობის დროს მთებში მაღლა არ ადის, მაგრამ მიმოფრენის დროს შეიძლება შეგვხვდეს მაღალი მთების ველებზეც.
გამრავლება
ბუდობს ხეზე, ჩვეულებრივად ყვავის, ჭილყვავის, კაჭკაჭის ან სხვა ფრინველის მიერ გაკეთებულ ბუდეში, ზოგჯერ – ფუღუროში ან ფლატეზე გამოთხრილ სოროში. ბუდობა ხშირად კოლონიურია. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 3-4 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი, მაგრამ ღამით და საინკუბაციო პერიოდის ბოლოს – მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 28 დღემდე გრძელდება.
კვება
ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები – კალიები, კუტკალიები, ნემსიყლაპიები, ხერხიები, ფუნაგორიები, ხარაბუზები და მრავალი სხვა, რომელთაც იჭერს თათით ფრენის დროს და მიწაზეც. მრავლად ანადგურებს მავნე თაგვისებურ მღრღნელებს.
მნიშვნელობა
მავნე მღრღნელებისა და მწერების განადგურებით შესამჩნევი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.