მარჯანი (ფრინველი)
მარჯანი (ლათ. Falco subbuteo Linnaeus, 1758) − ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი − შავარდნისებრნი (Falconidae)
- გვარი − შავარდენი (Falco)
შედარებით პატარა ზომის მტაცებელი ფრინველია, ფრთა 245-295 მმ-ია, კუდი − 145-170 მმ, წონა − 150-380 გ. დედალი შესამჩნევად დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის სხეულის ზემო მხარე ნაცარა-მურა ფერისაა; თავი ზემოდან უფრო მუქია, ღერძულა შტრიხებით და ვიწრო ჟანგმიწისფერი არშიებით; შუბლზე ვიწრო მოთეთრო ზოლია; კისრის უკანა ნაწილში მოქარცისფრო-ცვილისფერი ლაქებია. მომქნევები და საჭის ბუმბულები ნაცარა-მურაა; ყელი მოთეთროა; თვალების ქვემოთ ლაქები და ყურების მფარავები შავია; პირის კუთხეებიდან ყელის გვერდებზე შავი ზოლებია ჩამოშვებული. მკერდი და მუცლის წინა ნაწილი ღია ცვილისფერია, ფართო მოშავო-მურა გასწვრივი ლაქებით. მუცლის უკანა ნაწილი, კუდქვეშა და წვივის ბუმბულები მოჟანგისფრო ან ქარცია. ფრთების ქვედა ბუმბულებზე აქვს ფართო მოთეთრო კოპლები; მომქნევები და საჭის ბუმბულები ქვემოდან მორუხო-მურაა, შიგნითა მარაოებზე განივი ცვილისფერი ლაქებით. ცვილანა და ფეხები ყვითელია, ნისკარტი − მოშავო-რქისფერი, ბრჭყალები − შავი. ახალგაზრდები ზემოდან უფრო მურაა, მაგრამ ბუმბულების ჟანგმიწის ფერი კიდეები ქერცლისებურ სურათს ქმნიან. მომქნევებისა და საჭის ბუმბულების ბოლოებში საკმაოდ ფართო ცვილისფერი არშიებია.
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მარჯანი — F. s. subbuteo Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი საკმაოდ ვრცელია, იგი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი აფრიკის ზომიერ სარტყელს: დასავლეთით ინგლისიდან (ირლანდიისა და შოტლანდიის გამოკლებით) და პორტუგალიიდან, აღმოსავლეთით − მდ. კოლიმის აუზამდე, ოხოტის ზღვის სანაპიროებამდე, კამჩატკამდე და ამურის ნაპირებამდე; სამხრეთით − მცირე აზიას, ირანს, ჰიმალაისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას თითქმის ტროპიკებამდე. ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა მაღალტანიანი ტყის საზღვარს და მხოლოდ აქა-იქ აღწევს პოლარულ წრემდე. ზამთრობს ტროპიკულ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში მობინადრეა.
ბიოტოპი
ტყე, მინდვრებითა და მდელოებით; გვხვდება ტყე-ველებში, მცირერიცხოვნად — ტაიგაშიც. თურქმენეთსა და კავკასიაში − მთის ფერდობების ტყეებში, ვერტიკალურად 3000 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ბუდობს ხეზე. ბუდეს თვითონ არ აგებს, არამედ იყენებს ყვავის, კაჭკაჭის ან სხვა ფრინველის ბუდეს. მაისის ბოლოს დებს ჩვეულებრივად 2-4 კვერცხს, ზოგჯერ მეტსაც. კრუხად ჯდება დედალი. მამალი ზოგჯერ ცვლის მას, მაგრამ უპირატესად საკვები მოაქვს ბუდეზე მჯდომი დედლისათვის, შემდეგ კი მართვეებისთვისაც. საინკუბაციო პერიოდი 28 დღეს გრძელდება.
კვება
მარჯანი მსხვერპლს (ფრინველებსა და მწერებს) იჭერს ჰაერში. მწერებს ჰაერშივე ჭამს. ფრინველებიდან უპირატესობას ანიჭებს ღია ლანდშაფტში გუნდებად მფრინავებს, რომელთაც დიდი სისწრაფით დაედევნება (150 კმ-ით. საათში). აღნიშნულია მერცხლების, ტოროლების, შაშვების, შოშიას, გრატებისა და სხვა ფრინველების საკვებად გამოყენება.
მნიშვნელობა
მავნე მწერების განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს, მაგრამ მავნებელიცაა სასარგებლო ფრინველებისათვის, თუმცა მარჯანი არც ისე რიცხვმრავალია.