ჩვეულებრივი კირკიტა
ჩვეულებრივი კირკიტა (ლათ. Falco tinnunculus Linnaeus, 1758) − ფრინველი შავარდნისებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი − შავარდნისებრნი (Falconidae)
- გვარი − შავარდენი (Falco)
პატარა ზომის მტაცებელი ფრინველია, ფრთა 230-275 მმ-ია, კუდი – 170-190 მმ, წონა – 160-280 გ. დედალი ოდნავ დიდია მამალზე. შეფერილობაში კარგადაა გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. ზრდასრული მამალი ზურგის მხრიდან მოჟანგმიწისფრო-ქარცია, მურა ფერის სამკუთხა ლაქებით ზურგსა და ფრთების მფარავებზე. თავი მორუხო-ნაცარა ფერისაა, წვრილი ღერძულა მუქი შტრიხებით. მურა ფერის მომქნევების შიგნითა მარაოებზე თეთრი განივი სიჭრელეა; კუდზედა და კუდი ნაცარაა, მხოლოდ კუდის ბოლოში ფართო შავი ზოლია, ხოლო წვეროზე თეთრი არშია. სხეულის ქვემო მხარე მკრთალი ცვილისფერია, მურა ფერის გასწვრივი ზოლებით მკერდზე და მომრგვალო კოპლებით − მუცელზე. კუდქვეშა და საჭის ბუმბულები ქვემოდან მოთეთროა. ფრთაც ქვემოდან მოთეთროა, მურა ფერის კოპლებით. დედალი ზემო მხრიდან მოჟანგმიწისფრო-ქარცია, თავზე მურა გასწვრივი, ხოლო ფრთებზე, ზურგსა და საჭის ბუმბულებზე – განივი ზოლებით. ქვემო მხრიდან ცვილისფერია, მურა გასწვრივი ლაქებით მკერდსა და მუცელზე. ჩვეულებრივი კირკიტა შეფერილობით ძალიან ჰგავს ველის კირკიტას, მაგრამ მისგან ადვილი გასარჩევია შავი ბრჭყალებით.
აღწერილია 15 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური ჩვეულებრივი კირკიტა – F. t. tinnunculus Linn, 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი ერთობ ვრცელია. აფრიკაში მოიპოვება თითქმის ყველგან. არის არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. ევროპასა და აზიაში გავრცელებულია ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით იაპონიის ჩათვლით, მხოლოდ ჩრდილოეთი საზღვარი გადის: სკანდინავიასა და ფინეთში – 70-ე პარალელზე, არხანგელსკზე, ურალსა და დასავლეთ ციმბირში – 64-ე, ენისეის აუზში – მე-60, ხოლო იაკუტიაში 68-ე პარალელებზე. სამხრეთით მოიპოვება მთელ ევროპაში, კავკასიაში, ერაყში, ირანში, პაკისტანში, ჰიმალაის სამხრეთ ფერდობებზე ბირმაში. იზოლირებული არეალი არის ინდოეთის სამხრეთ ნაწილში. იზამთრებს აფრიკაში, ამიერკავკასიაში, სამხრეთ აზიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი, თუმცა მისი ნახვა აქ ზამთარშიაც ყოველთვის შეიძლება.
ბიოტოპი
ირჩევს უპირატესად ტყის ნაპირებს, ტყე-ველებს, კულტურულ ლანდშაფტს, ბუჩქნარებს. პალეარქტიკაში მოიპოვება ყველგან, გარდა ტუნდრისა და უღრანი ტაიგისა. არ ერიდება ადამიანის სიახლოვეს.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს ხეზე, ბუჩქზე, ხის ფუღუროში, ზოგჯერ კლდის ნაპრალში ან ხრამებისა და ფლატეების ნაპირებზე გამოთხრილ სოროში. აპრილის დამლევს დებს 3-8 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, მამალს მოაქვს საკვები დედლისა და შემდეგ – მართვეებისთვისაც. საინკუბაციო პერიოდი 28 დღემდე გრძელდება.
კვება
ზამთარში მის ძირითად საკვებს შეადგენენ თაგვისებური მღრღნელები, თუ იშვიათად მოიხელთა – პატარა ზომის ფრინველებიც. ზაფხულში ჭამს უმთავრესად მწერებს, ქვეწარმავლებს (ხვლიკებს) და მღრღნელებსაც.
მნიშვნელობა
ფრიად სასარგებლო ფრინველია, რადგან მრავლად ანადგურებს მავნე მწერებსა და თაგვისებურ მღრღნელებს.