ალეატორიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალეატორიკა - ტერმინი ალეატორიკა (ლათ. alea – წილისყრა, კამათლის/კოჭის გაგორება) გამოიყენება იმ მუსიკის მიმართ, რომელშიც კომპოზიტორი ნაწილობრივ ან მთლიანად ამბობს უარს საკუთარი შემოქმედების შედეგის კონტროლზე და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შემთხვევითობას.

ალეატორიკის ცნება, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ზოგადად მუსიკის მიმართ ვიხმაროთ, ვინაიდან სანოტო დამწერლობის საყოველთაოდ მიღებული (კონვენციური) სისტემა არ იძლევა შემოქმედებითი ჩანაფიქრის ყველა დეტალის ზუსტად ფიქსირების საშუალებას, კერძოდ, ტემპის და, შესაბამისად, თითოეული გრძლიობის, დინამიკის და სხვ. მაგრამ საკუთრივ ტერმინი „ალეატორიკა“ XX საუკუნის მეორე ნახევრის მუსიკაში წარმოშობილი ერთი კონკრეტული მოვლენის მიმართ გამოიყენება, რომლისთვისაც შემთხვევითობა სააზროვნო კატეგორიას წარმოადგენს.

ისტორიულად ჩამოყალიბებული ე. წ. ევროპული ტიპის მუსიკალური ხელოვნება XI საუკუნის შემდეგ საავტორო ჩანაფიქრის სულ უფრო ზუსტი ფიქსირებისკენ ისწრაფვის და მისი ეს მისწრაფება კულმინაციას XX საუკუნის 50-იან წლებში, ტოტალური სერიალიზმის ხანაში აღწევს. გარკვეული თვალსაზრისით, მუსიკალური ტექსტის ამგვარ, უკიდურესად ზუსტ ფიქსაციაზე რეაქციამ განაპირობა ალეატორიკის გაჩენა. აქვე აღვნიშნავთ, რომ მუსიკალური ტექსტის ნაწილობრივი ფიქსაციის ცალკეული მაგალითები უფრო ადრეულ ეპოქებშიც გვხვდება, კერძოდ: ციფრირებული ბანი, კლასიკური (ჰაიდნის, მოცარტის) კონცერტების კადენციები და სხვ. მსგავს პრინციპებს ემყარება სხვადასხვა კულტურებში ჩამოყალიბებული იმპროვიზაციის ხელოვნება (ევროპული თუ აღმოსავლური, ხალხური თუ პროფესიული), თუმცა ალეატორიკას და იმპროვიზაციას შორის განსხვავება ისაა, რომ იმპროვიზაციისას ავტორი და შემსრულებელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ალეატორულ ნაწარმოებში კი − არა.

ნაწარმოებები, რომლებსაც შემთხვევითობა, როგორც ძირითადი შემოქმედებითი იდეა, უდევთ საფუძვლად, მხოლოდ XX საუკუნეში გაჩნდა. ერთ-ერთი პირველი კომპოზიტორი, რომელმაც შემთხვევითობის პრინციპი საფუძვლად დაუდო საკუთარ ნაწარმოებს და შემსრულებლებს თავისუფლებისკენ მოუწოდა ჩარლზ აივზი იყო. მის კვალდაკვალ ჰენრი კოუელმა „სიმებიან კვარტეტში №3 მოზაიკა” (1934 წ.) დაუშვა შემსრულებლების მიერ ნაწარმოების ცალკეული ფრაგმენტების ad libitum შესრულება. შესრულებაში შემთხვევითობის წარმოსაჩენად მან ე. წ. „ელასტიკური“ ნოტაცია გამოიყენა.

სწორედ ამ ცალკეულმა შემოქმედებითმა ექსპერიმენტებმა მოამზადეს მოგვიანებით, 50-იან წლებში, კოუელის მოწაფის, ჯონ კეიჯის ნაწარმოებებში ე. წ. „შემთხვევითი ოპერაციების (ქმედებების)“ (chance operations), როგორც ნაწარმოების შექმნის მთავარი პრინციპის დამკვიდრება, და საძირკველი ჩაუყარეს ალეატორიკას. ეს ახალი მეთოდი კეიჯმა პირველად საფორტეპიანო ნაწარმოებში MUSIC OF CHANGES (ცვალებადობათა მუსიკა) გამოიყენა. კეიჯის აღმოჩენებმა ამ სფეროში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის თანამოაზრეებზე – მორტონ ფელდმანზე, ერლ ბრაუნზე. აღსანიშნავია ფელდმანის 1950-იანი წლების დასაწყისში შექმნილი გრაფიკული ნაწარმოებები, მაგალითად, ხუთი თხზულება სახელწოდებით PROJECTIONS (პროექტები, სქემები), სადაც კომპოზიტორი იყენებს ჰორიზონტალურად განთავსებული ოთხკუთხედების სქემატურ გამოსახულებას, რომლებიც პირობითად ასახავენ სიმაღლეს, ან ბრაუნის DECEMBER 1952 – სხვადასხვა ზომის შავი მართკუთხედების კომპოზიცია (იხ. მაგალითები №6, 7).

ამერიკიდან ალეატორიკა ევროპაში გავრცელდა. 1955 წელს დარმშტადტის საზაფხულო კურსების მსმენელებს კეიჯმა საკუთარი შემოქმედებითი იდეები გააცნო, რამაც ევროპელი კომპოზიტორების, უპირველესად პიერ ბულეზის და კარლჰაინც შტოკჰაუზენის მძაფრი რეაქციას გამოიწვია. მათ საკუთარი, კეიჯისგან განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცეს ალეატორიკას. ასე შეიქმნა შტოკჰაუზენის KLAVIERSTŰCK XI (1956 წ.) და ბულეზის მესამე საფორტეპიანო სონატა (1956-57 წწ. − ამ ტიპის მათი ყველაზე ადრინდელი ნაწარმოებები, რომლებშიც კომპოზიტორები საკმაოდ მკაცრად ზღუდავენ შემსრულებლის თავისუფლებას და განსაზღვრავენ მის ქმედებებს. მნიშვნელოვანია, რომ ბრაუნის, ფელდმანის და კეიჯის ნაწარმოებებისგან განსხვავებით ბულეზის და შტოკჰაუზენის ნაწარმოებები შეიცავენ ტრადიციულ სანოტო ტექსტს, თუმცა, ტრადიციისგან განსხვავებით, ტექსტი არაა ფიქსირებული მუსიკალური დროის თვალსაზრისით.

მაგალითი №6
მ. ფელდმანი. – PROJECTIONS II

PROJECTIONS.JPG








მაგალითი M 7
ე. ბრაუნი. დეკემბერი 1952

DEKEMBERI MUS.JPG









მესამე საფორტეპიანო სონატის გარდა, ბულეზმა აღნიშნული მოვლენა თეორიულ-ესთეტიკურადაც გააანალიზა, წარმოაჩინა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ახსნა მოვლენის არსი. მისი სტატია „ალეა“ ამ მხატვრული მოვლენის თავისებურ მანიფესტად იქცა.

ალეატორიკა თავისი არსებობის ადრეულ ეტაპზე, კერძოდ კეიჯის, ფელდმანის, ბრაუნის შემოქმედებაში, უმთავრესად გრაფიკული დამწერლობითაა წარმოდგენილი (იხ. მაგალითები №№ 5, 6). მაგრამ, რასაკვირველია, ალეატორიკა მუსიკალური ტექსტის ჩაწერის მხოლოდ ამ ტიპს არ გულისხმობს. იგი შესაძლებელია გამოვლინდეს მუსიკალური ნაწარმოების სხვადასხვა დონეზე და, აქედან გამომდინარე, იყოს გამოყენებული გამომსახველი ხერხის, კომპოზიციის ტექნიკის თუ სააზროვნო სისტემის, შემოქმედებითი მეთოდის სახით.

ალეატორიკა, როგორც სანოტო ტექსტის ჩაწერის ერთ-ერთი ხერხი უკავშირდება მისი მოქმედების არეალის ლოკალურ გამოყენებას და გავლენას ახდენს მხოლოდ მუსიკალური ენის ორგანიზებაზე. მუსიკალური ნაწარმოების მთლიანობა ამ შემთხვევაში უცვლელია. ალეატორიკის გამოყენების ასეთ ხერხს შეზღუდული ალეატორიკა ეწოდება და მის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიჩნეულია ვიტოლდ ლუტოსლავსკი. თავის პარტიტურებში, ის იყენებს ე. წ. ალეატორულ კვადრატებს, რომლებშიც ლუტოსლავსკი და მის კვალდაკვალ სხვა კომპოზიტორები, მეტად ან ნაკლებად დეტერმინირებულ სანოტო ტექსტს წერენ. კვადრატში ჩაწერილი ტექსტი, როგორც წესი, იმდენჯერ უნდა გამეორდეს, რამდენიც აქვს მითითებული კომპოზიტორს. კომპოზიტორმა შესაძლებელია მიუთითოს გამეორებების რაოდენობა (მაგალითად, X10), დროის მონაკვეთის ხანგრძლივობა (მაგალითად, 15”), ან დასვას რაიმე სხვა ნიშანი.

მაგალითი №8
ვ. ლიუტოსლავსკი. სიმფონია №3

SIMF 3.JPG













ალეატორიკის გამოვლინების სხვა ტიპი უკავშირდება ნაწარმოების სტრუქტურის, მისი მთლიანის მობილურობას. მუსიკალური ქსოვილი, ამ შემთხვევაში, სტაბილურია. ასეთია, მაგალითად, შტოკჰაუზენის KLAVIERSTŰCK XI, სადაც კომპოზიტორი შემსრულებელს სთავაზობს არჩევანს მთლიანის ორგანიზებაში, მაგრამ ზუსტად განსაზღვრავს მის ერთეულებს.

KLAVIERSTŰCK XI შედგება განსხვავებული მასშტაბის 19 სტრუქტურული ერთეულისგან, ე. წ. ბლოკისგან, რომლებიც ერთ ფურცელზეა განთავსებული. მათი შესრულების თანმიმდევრობა არაა კომპოზიტორის მიერ დადგენილი და მთლიანად შემსრულებლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული: მას შეუძლია ნებისმიერით დაწყება და ნებისმიერზე გადასვლა. თუმცა, არსებობს გარკვეული პირობები: თავიდან უნდა შესრულდეს ყველა ფრაგმენტი, შემდეგ, შემსრულებელს შეუძლია გაიმეოროს ყველა, ან მხოლოდ ნაწილი და ნებისმიერი ერთი ფრაგმენტის მესამედ გამეორების შემთხვევაში, მან უნდა შეწყვიტოს შესრულება. გამეორებისას შესაძლებელია ტექსტის ოქტავური დისპოზიციის შეცვლა (იმ შემთხვევებში, სადაც ამას კომპოზიტორი მიუთითებს). ყოველი ფრაგმენტის/ბლოკის შემდეგ ავტორი მიუთითებს იმ ტემპს, დინამიკას და არტიკულაციის ტიპს, რომლითაც უნდა შესრულდეს მომდევნო.

ანალოგიურ პრინციპს მიმართავს ბულეზი, მაგალითად, DOMAINES-ში იმ განსხვავებით, რომ სთავაზობს შემსრულებელს ვარიანტებს და ამით ნაწარმოების ფორმის მობილურობას ზღუდავს. ნაწარმოების შესრულება შესაძლებელია ორი განსხვავებული ტემბრული ვერსიით. თავფურცელზე აღნიშნულია: DOMAINES კლარნეტისთვის ორკესტრთან ერთად ან მის გარეშე. ნაწარმოების სანოტო ტექსტი წარმოადგენს 12 ფურცელს – 6 ორიგინალს და 6 სარკეს, რომლებზეც ექვს-ექვსი მცირე ფრაგმენტი/ბლოკია განთავსებული და თითოეულზე აღნიშნულია, თუ რა თანმიმდევრობითაა შესაძლებელი მათი შესრულება. თითოეულისთვის არსებობს მხოლოდ ორი შესაძლებელი ვარიანტი. ვარიანტების სიმრავლეს კი მოცემული ფურცლების თანმიმდევრობის არჩევის თავისუფლებას ქმნის. თუმცა, აქაც არსებობს გარკვეული პირობები: ორკესტრთან (6 საორკესტრო ჯგუფთან) ერთად შესრულების შემთხვევაში პირველ წრეზე ცალკეული ფურცლების (მაგალითად, ორიგინალების) შესრულების თანმიმდევრობას განსაზღვრავს დირიჟორი, ხოლო მეორეს (მაგალითად, სარკეების) – სოლისტი. ხოლო თუ სრულდება სოლო ვერსია, ცხადია, ყველა გადაწყვეტილებას სოლისტი იღებს.

მაგალითი №9
პ. ბულეზი. DOMAINES


MUS 3.JPG













ალეატორიკის გამოყენების მესამე ნაირსახეობა გულისხმობს ორივე კომპონენტის − მუსიკალური ენის და მუსიკალური ფორმის არადეტერმინირებულობას. ალეატორიკის სწორედ ეს ნაირსახეობა იწვევს პირდაპირ ანალოგიებს იმპროვიზაციასთან, მაგრამ განსხვავება მათ შორის საკმაოდ დიდია: იმპროვიზაციაში შემსრულებელი მისი შემქმნელია, ალეატორულ ნაწარმოებს კი ჰყავს კომპოზიტორი და, ასევე, შემსრულებელიც, რომელიც ავტორის მითითებებს ასრულებს. მართალია, მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები, შესაძლოა, ძალზე შორს იყოს ტრადიციულისგან, მაგრამ ის მაინც არსებობს. ასეთი, ე. წ აბსოლუტური ალეატორიკა უმეტესწილად სარგებლობს გრაფიკული ან/და ვერბალური ტექსტით. მისი მაგალითებია ბრაუნის და ფელდმანის ზემოთ მოყვანილი ნაწარმოებები.

აბსოლუტურმა, არადეტერმინირებულმა ალეატორიკამ წარმოშვა სპეციფიკური თეატრალური ჟანრი – ჰეპენინგი (Happening), რომლის ერთერთი ფუძემდებელი ასევე ჯონ კეიჯია (1952 წელს მან საზოგადოებას წარუდგინა TEATER PIECE NO 1 (თეატრალური პიესა №1)). ჰეპენინგს, როგორც წესი, არა აქვს კონკრეტული სიუჟეტი. იგი შემოიფარგლება მხოლოდ საკვანძო იდეების განსაზღვრით და შემსრულებელთა იმპროვიზაციის დიდ წილს შეიცავს. ამის გამო, მას ხშირად სპონტანურ, უსიუჟეტო თეატრალურ მოვლენასაც უწოდებენ.

ალეატორიკამ XX საუკუნის ხელოვნებაში ისეთი სპეციფიკური მოვლენის გაჩენა განაპირობა, როგორიცაა ე. წ. ღია, ანუ მობილური ფორმა.


წყარო

მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზი: XX საუკუნე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები