ალუპკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურორტი ალუპკა

ალუპკა – (ინგლ. Alupka, რუს. Алупка), ზღვისპირა კლიმატური კურორტი უკრაინაში, ყირიმის ოლქში. წარმოადგენს ე.წ. დიდი იალტის ნაწილს და მდებარეობს ქ. იალტიდან 17 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის ნაპირზე, ყირიმის სამხრეთ ნაპირზე, ყირიმის მთების ფერდობებზე, ზღვის დონიდან 90 მ-ის სიმაღლეზე. ალუპკის ზღვისპირა ვიწრო ზოლის რელიეფი ვაკეა, რასაც ცვლის მთა-გორიანი რელიეფი.

ჰავა – სუბტროპიკული, ხმელთაშუა ზღვის ტიპის. ზამთარი რბილია. თებერვლის საშუალო ტემპერატურაა 3,4°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 24°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობაა 69%. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 400 მმ-ს, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა – 2300 საათს წელიწადში.

ალუპკისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ევროპული და ყირიმული ფიჭვი, ღვია, სხვადასხვა სახის მუხა, ვერხვი, წიფელი, კედარი, რცხილა, თელა, შინდი, ურთხელი, ასფურცელა, კვიპაროსი, მაგნოლია, გლიცინია, მარაოს პალმა, ლენკორანული აკაცია, დაფნა, იფანი, თრიმლი, სოჭი, ჭადარი, ლეღვი, ბროწეული, აგავა, დედინაცვლის ენა, ვენახები და სხვ. ყირიმის მთების კალთები დაფარულია მუხნარით და ღვიის ბუჩქნარით.

ლუპკის პარკში (ყოფილი მ. ვორონცოვის პარკი) მცენარეების 200-მდე სახეობაა, მათ შორის: დიდყვავილა მაგნოლიები, კვიპაროსები, აღმოსავლური ჭადრები, კორპის მუხა, პალმები, დაფნა, ზეთისხილის ხეები, ხემარწყვა, ჩილიური არაუკარია, მარადმწვანე ძახველი და სხვ.

ალუპკას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავა; სუფთა, იონებით, ფიტონციდებითა და ფიჭვების ფისის არომატით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი, შეხამებული მთის ჰაერთან; ზღვის წყალი.

ალუპკაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ალუპკაში წასასვლელად: ფილტვების, შარდ-სასქესო ორგანოებისა და ძვალ-სახსართა სისტემის ტუბერკულოზი.

ტურისტული ობიექტები:

ქ. ალუპკაში (მართლმადიდებლური ეკლესიები – დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის (1902 წელი), მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის (1903-1908 წლები) და რუსეთის კეთილმორწმუნე მთავრისა, წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის (1910-1913 წლები); ალუპკის მეჩეთი (XIX საუკუნის 20-იანი წლები); ალუპკის სასახლე და ალუპკის პარკი (მ. ვორონცოვის ყოფილი სასახლე და პარკი, XIX საუკუნის 20-40-იანი წლები); პლაჟები – ვორონცოვის საბანაოები; „ლაჟვარდოვანი ნაპირი“, „შავი ბორცვი“, ველური და სხვ.; მუზეუმები – მხარეთმცოდნეობისა, ახმეტხან სულთანის და სხვ.; მწერალ ა. ჩეხოვის სახლ-მუზეუმი; მხატვარ ა. კუინჯის ბინა-მუზეუმი; ღვინის ქარხანა „ალუპკის“ სადეგუსტაციო დარბაზი; აკვაპარკი „ცისფერი ყურე“ და სხვ.), ქ. ალუპკას მიდამოებში (ნეოლითის ხანის ადამიანის ცხოვრების (ძვ.წ. XV-XII ათასწლეული) ნაკვალევი, ყირიმის მთების დაკარსტულ რაიონში არსებულ გამოქვაბულებში; ყირიმის მთების მთავარი (სამხრეთი) ქედის მწვერვალი აი-პეტრი (სიმაღლე 1332 მ ზღვის დონიდან); გენუელთა ციხესიმაგრის (XIV საუკუნე) ნანგრევები ჯვრის მთაზე); დაბა კორეიზში (დიდმოწამე თეოდორე ტირონის სახელობის მონასტრის (IX-XIV საუკუნეები) ნარჩენები; სასახლეები – კორეიზის (ყოფილი ფ. იუსუპოვის, XIX საუკუნის II ნახევარი) და დიულბერის (1895-1898 წლები); მისხორის პარკი (XVIII საუკუნის ბოლო); მისხორის სანაპირო „ალი“; საბაგირო გზა „მისხორი-აი-პეტრი„“; ფიჭვისა და ზეთისხილის ხეების კორომები და სხვ.), დაბა გასპრას მიდამოებში (ტავრების ნეკროპოლები (ძვ.წ. V-I საუკუნეები); რომაული ციხესიმაგრე ხარაქსის (ახ.წ. I-III საუკუნეები) ნანგრევები აი-თოდორის კონცხზე; ბიზანტიური ციხესიმაგრე გასპრა-ისარის (ასპრა-ისარის) (VI-VIII საუკუნეები) ნანგრევები; ხარაქსში – მოციქულთა სწორისა და ქალწულისა წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1880 წელი), პარკი (XIX საუკუნის 30-იანი წლები), სანატორიუმი „იასნაია პოლიანა“ (თავად ა. გოლიცინის ყოფილი სასახლე, 1830 წელი) და სხვ.; ციხე-დარბაზი „ლასტოჩკინო გნეზდო“ (1911-1912 წლები); „მზის“ ანუ „მეფის“ ბილიკი ლივადიის სასახლესა და დაბა გასპრას შორის და სხვ.), დაბა ლივადიაში – პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა მსოფლიო ამაღლების სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1860-1866 წლები), პარკი (1834 წელი), სასახლე (1910-1911 წლები) და სხვ.;
დაბა სიმეიზში – XIX საუკუნეში აშენებული ვილები „ოცნება“ და „ქსენია“; კვიპაროსების ხეივანი და სხვ.),
დაბა სიმეიზის მიდამოებში – დოლმენები (ძვ.წ. V-IV ათასწლეულები) და ტავრების საძვალეები (ძვ.წ. V-I საუკუნეები) ბეშ-თექნეს ქვაბულში, მთა ათ-ბაშის ჩრდილო კალთებთან, სიმეიზის ობსერვატორია (ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სიმეიზის განყოფილება და ლიმენ-ისარის სიმაგრის (ძვ.წ. VIII – I საუკუნეები) ნანგრევები მთა კოშკაზე, კლდეები „დივა“ და „პანეა“, რომლებთანაც მდებარეობს IV – V საუკუნეების ნასახლარებისა და ქრისტიანული ტაძრების ნაშთები და სხვ.;
დაბა ფოროსში (უფლისა ღვთისა და მაცხოვრის ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1892 წელი), პარკი (XIX საუკუნის I ნახევარი), სანატორიუმ „მელასის“ ერთ-ერთი კორპუსი (ლ. პეროვსკის ყოფილი სასახლე, XIX საუკუნის 30-იანი წლები), სანატორიუმ „ფოროსის“ ერთ-ერთი კორპუსი (კუზნეცოვის ყოფილი სასახლე, 1889 წელი); ტესელის ყოფილი აგარაკი (XIX საუკუნის II ნახევარი) და სხვ.;
დაბა ფოროსის მიდამოებში – სანავიგაციო შუქურა სარიჩის კონცხზე, ბაიდარის ჭიშკრები (უღელტეხილი მთა აი-პეტრიზე), ბაიდარ-კასტროპოლის კედელი (მთა აი-პეტრის დასავლეთი ნაწილი), ეშმაკის კიბე – შაითან მერდვენის უღელტეხილი ყირიმის მთებში, დრაკონის მთა, ჩელების განტოტების მწვერვალი (სიმაღლე ზღვის დონიდან – 656 მ) და სხვ.; დაბა ბოტანიჩესკოესთან (ყოფილი დაბა ნიკიტა) – ნიკიტის ბოტანიკური ბაღი (1812 წელი), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (XX საუკუნის 90-იანი წლები) და სხვ.;
დაბა ორეანდში – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის საფარველის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1884-1885 წლები), სასახლე (1843 წელი) და სხვ.;
დაბა ორეანდის მიდამოებში – მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია მთა აი-ნიკოლას ძირში (2006 წელი) და სხვ.;
დაბა მასანდრაში – წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანეს თავისკვეთის სახელობის (1824-1832 წლები) და მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (1914-1916 წლები) მართლმადიდებლური ეკლესიები; პარკი (1822 წელი); სასახლე (1881-1898 წლები), სამრეწველო-აგრარული გაერთიანება „მასანდრას“ ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი და სხვ.;
ქ. იალტაში (რუსეთის კეთილმორწმუნე მთავრისა, წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (1901-1902 წლები); მართლმადიდებლური ეკლესიები – წმიდა იოანე ოქროპირის სახელობის (1833-1837 წლები) და დიდმოწამე თეოდორე ტირონის სახელობის (1989 წელი); მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური სამლოცველო (2001 წელი); სომხური სამოციქულო ეკლესია (1909-1917 წლები); ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის უმწიკვლო განაყოფიერების სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1898-1906 წლები); ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის ლუთერანული ეკლესია (XIX საუკუნის 80-იანი წლები); მუზეუმები – იალტის ისტორიულ-ლიტერატურული, „იალტის კულტურა – XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი“, ქანდაკებისა და ფლორისტიკის, პეპლების, ლესია უკრაინკას და სხვ.; მუზეუმი-პარკი „ზღაპრების ველობი“; ა. ჩეხოვის სახლ-მუზეუმი; კომპოზიტორ ა. სპენდიაროვის სახელობის მუსიკალური კულტურის სახლ-მუზეუმი; ზოოპარკი „ზღაპარი“, იალტის აკვარიუმი და იალტის ნიანგარიუმი; ორგანული მუსიკის ცენტრი „ლივადია“, იალტის საბაგირო გზა; XIX საუკუნის II ნახევარში აშენებული შენობები – შენობა მავრიტანულ სტილში, სახლი კარიატიდებით, შესრულებული გოტიკურ სტილში ციხე-დარბაზი (ამჟამად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სანატორიუმის კორპუსი), ბუხარის ემირის ყოფილი სასახლე (ამჟამად ერთერთი სანატორიუმის კორპუსი), ქალაქის სანაპირო და სხვ.), ქ. იალტის მიდამოებში (ზღვის ცხოველთა თეატრი „აკვატორია“ დაბა ვინოგრადნოეში; მთის ტბა ყარა-ქოლი; უჩან-სუს ჩანჩქერი; იალტის სამთო-სატყეო ნაკრძალი და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები