ამონმესე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამონმესე – (ეგვ. Im-mów, „ამონის შობილი“, დაახლ. ჩვ.წ.- მდე 1203-1200 წწ.), ფარაონი, მეფობდა XIX დინასტიის დასასრულს მერნეპტახის შემდეგ. სხვადასხვა ვარაუდით, იყო მერნეპტახის შვილი (და, შესაბამოსად, რამსეს II-ის შვილიშვილი), ან ერთ-ერთი რამსეს II-ის მრავალრიცხოვანი შვილებისაგან.

რამსეს II-ის მრავალრიცხოვანმა ვაჟიშვილებმა „მეორე რიგის“ ცოლებისაგან და მათმა შვილებმა გაართულეს ვითარება XIX დინასტიის დასასრულს, და თვისებური დინასტიური კრიზისის მიზეზად გადაიქცნენ. ვითარებას ხელს არ უწყობდა ისიც, რომ რამსესის ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე მისი ყველა პირდაპირი მემკვიდრე გარდაიცვალა. რადგან ამონმესეს მომდევნო ფარაონის, სეტი II-ის სამარხში მისი სახელები წაშლილი და შემდეგ კვლავ აღდგენილია, არსებობდა ვარაუდი, რომ ამონმესემ ტახტის დროებით უზურპირება მოახდინა, შესაძლოა, როცა სეტი II ეგვიპტის გარეთ რაიმე კამპანიას აწარმოებდა. დღეს, უმეტესობის აზრით, სეტი II მერნეპტახის უშუალო მემკვიდრე იყო. ამ ვარაუდის თანახმად, ამონმესემ მოახდინა ტახტის უზურპირება სეტი II-ის მეფობის მეორე და მეოთხე წლებს შორის ზემო ეგვიპტეში და ნუბიაში, სადაც ამ პერიოდში წარწერებშია დაფიქსირებული, მაშინ, როცა ამ პერიოდში სეტი II-ის წარწერები ამ რეგიონებში არ გვხვდება. საბოლოოდ, სეტი II-მ მაინც მოახერხა უზურპატორის მოშორება. ამონმესეს სამარხი თებეში მიზანმომართულად არის განადგურებული, სავარაუდოდ, სეტი II-ის მიერ. მისი მუმია ნაპოვნი არ არის. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ არსებობს ვარაუდი ამონმესესა და ბიბლიური მოსეს ისტორიებს შორის პარალელების არსებობის შესახებ.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები