ანეჯიბი
ანეჯიბი – (ასევე ენეზიბი, ეგვ. nd-ib, „დაცული გული“, ან „გული დაცულია“), I დინასტიის მეექვსე ფარაონი, დაახლ. ჩვ.წ.-მდე XXIX ს. მისი „ორი ქალღმერთის“ სახელი იყო მერბაპენი, და ამდენად შეიძლება მიჩნეული იყოს მანეთონის მიებიდოსად, რომელმაც სავარაუდოდ 26 წელს იმეფა, თუმცა დღეს ბევრი მეცნიერი ასეთ ხანგრძლივ მეფობას საეჭვოდ მიიჩნევს არქეოლოგიური მასალის სიმწირის გამო. შესაძლოა, იყო დენის შვილი. ანეჯიბი არის პირველი ფარაონი, რომელიც მოხსენიებულია საქქარას მფეთა სიაში და ამდენად, შესაძლოა, არის პირველი ტინისელი (სამხრეთელი) ფარაონი, რომლის ლეგიტიმურობა ჩრდილოეთმა აღიარა.
აღსანიშნავია, რომ შემონახულია ქვის ჭურჭელი, სადაც ანეჯიბის სახელი ამოშლილია მისი შთამომავლის, სემერხეტის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, არ არის მოხსენიებული საქქარას სიაში. ეს შეიძლება მიუთითებს დინასტიურ ბრძოლაზე მეფეებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ, ან არ ჰქონდათ ჩრდილოეთის მხარდაჭერა, თუმცა არქეოლოგიური მასალა არ იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ იყო რაიმე სერიოზული განხეთქილება ორ ეგვიპტეს შორის ანეჯიბის მეფობის დროს. მისი სამარხი უმ ელ-ქააბში ყველაზე პატარაა (14.4x9 მ.) აბიდოსის I-II დინასტიების მეფეთა სამარხებს შორის. ორ ქვის ჭურჭელზე საქქარასა და აბიდოსში მოხსენიებულია ანეჯიბის ხებსედი. მისი სახელი ნაპოვნია სულ სამ ადგილას ეგვიპტეში (საქქარა, ჰელვანი, აბიდოსი) და შესაძლოა, ორ საბეჭდავზე ეგვიპტურ ნაგებობაში ელ ბესორში (პალესტინა).
ანეჯიბის მეფობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია მასტაბა ჩრდილოეთ საქქარაში, შესაძლოა, აგებული უმაღლესი რანგის მოხელისათვის. მასტაბა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნახტომს ეგვიპტური მიცვალებულთა კულტის არქიტექტურის და სიმბოლიზმის განვითარების თვალსაზრისით. თუმულუსს, რომელიც ფარავს საფლავის კამერას და თავის მხრივ მთლიანად დაფარულია სამარხის მიწისზედა ნაგებობით, აქვს არა უბრალო ბორცვის, არამედ საფეხუროვანი სტრუქტურა და შესაძლოა III დინასტიის საფეხუროვანი პირამიდის წინამორბედს წარმოადგენს. შესაძლოა ასევე, რომ ანეჯიბი იყო პირველი ფარაონი, რომელმაც სამეფო ტიტულატირაში შეიტანა „ორი ქალღმერთის“ (nb. tj) და „ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფის“ (n w.t bj.tj) სახელები, თუმცა ეს უკანასკნელი დაფიქსირებულია ანეჯიბის წინამორბედის, დენის მეფობის დროსაც, მაგრამ სახელის გარეშე.