სემერხეტი
სემერხეტი – (ეგვ. „ღვთაებრივის თანმხლები“, დაახლოებით ჩვ.წ.-მდე XXVIIIს.), პირველი დინასტიის ფარაონი. პირველი მეფე, რომლის დროსაც დაფიქსირებულია მეფის „ორი ქალღმერთის“ სახელი. მეფობდა ანეჯიბის შემდეგ.
არსებობდა აზრი, რომ სემერხეტი იყო უზურპატორი, რადგან ის გამოტოვებულია მეფეთა საქქარას სიაში, და მის სამარხში ნაპოვნია ქვის ლარნაკები, რომლებზეც წაშლილია ანეჯიბის სახელი და ზემოდან სემერხეტის სახელია წარწერილი, მაგრამ ჯოსერის საფეხუროვან პირამიდაში ნაპოვნი ლარნაკები ოთხი ფარაონის სახელით (დენი - ანეჯიბი- სემერხეტი -კაა) ადასტურებს, რომ ეს ასე არ იყო.
მისი მეფობა ყველაზე მოკლეა პირველ დინასტიაში (დაახლოებით 9 წელი) და სრულად არის დაფიქსირებული პალერმოს ქვის კაიროს ფრაგმენტზე, მაგრამ ხორის გაცილებების და მეფის რიტუალური გამოჩენების გარდა, არაფერი განსაკუთრებული მოხსენიებული არ არის. მისი აბიდოსის სამარხში ნაპოვნი სირია-პალესტინური წარმოშობის ჭურჭლის ფრაგმენტები მიუთითებს, რომ ვაჭრობა ამ რეგიონთან გრძელდებოდა. სემერხეტი არის ერთადერთი პირველი დინასტიის ფარაონი, რომლის მეფობით არ თარიღდება არც ერთი ელიტარული სამარხი მემფისის ნეკროპოლისში, რაც მისი მეფობის ხანმოკლეობით აიხსნება. დაფიქსირებულია მაღალი რანგის მოხელე, სახელად ჰენუკა, რომელიც მოღვაწეობდა სემერხეტის და შემდეგ მისი მემკვიდრის, კაას დროს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სემერხეტის სამარხის წყობა, რომელიც განსხვავებულია მისი წინამორბედების სამარხებისაგან. აქ თანმხლები სამარხები უშუალოდ ემიჯნება ფარაონის სარკოფაგის ოთახს და სავარაუდოდ მათ ერთი საერთო მასტაბა ედგათ თავზე, რაც შესაძლოა გულისხმობს ფარაონის ცოლების და მსახურების ფარაონთან ერთად დაკრძალვას და, აქედან გამომდინარე, მათ მოკვდინებას. ვ. ემერის რეკონსტრუქციით სემერხეტი გაიგივებულია მანეთონის სემემპსესთან, რომლის დროსაც, მანეთონის ცნობით, ბევრი უბედურება მოხდა.