არგვეთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არგვეთა – (Argveta, Аргвета), ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილას (მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზესტაფონიდან 7 კმ-ში, ჩრდი- ლო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 120 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი _ ვაკე.

ჰავა – სუბტროპიკული, ნოტიო. იცის რბილი ზამთარი და შედარებით მშრალი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,7°C, ხოლო აგვისტოსი – 23,6°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,9°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1190 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე, მინიმუმი – ზაფხულზე.

არგვეთის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, მსხალი, ხურმა და სხვ.) და ვენახებით. საკურორტო ადგილის მურყანი და სხვ. ქვეტყეს ქმნის მარადმწვანე (ბაძგი, წყავი, თაგვისარა) და ფოთლოვანი (თხილი, კვიდო, კუნელი, ზღმარტლი და სხვ.) ბუჩქები.

არგვეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ორი ჭაბურღილის მინერალური წყალი. ჭაბურღილი №6 მდებარეობს მდ. ჩოლაბურის (მდ. ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ამ ჭაბურღილის წყალი არის დაბალი მინერალიზაციის (M-6,27 გ/დმ3) მეთანიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი. ჭაბურღილი №7 მდებარეობს მდინარე ყვირილას ხეობაში. აღნიშნული ჭაბურღილის წყალი არის მეთანიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი სუსტი მარილწყალი (M - 43,8 გ/დმ3).

არგვეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია მინერალური წყლების აბაზანები და შესხურებები ამ წყლით.

სავარაუდო ჩვენებები არგვეთში წასასვლელად: დასვენება; შარდ-სასქესო ორგანოების, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

არგვეთსა და მის მიდამოებში (ციხესიმაგრე შორაპანში და ციხე შროშაში (შუა საუკუნეები), ტაბაკინის (VI-VII საუკუნეები) და სანახშირის (შუა საუკუნეები) ეკლესიები, ზედა საქარისა და ზედა წევის ეკლესიები (XI საუკუნე) და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები