არშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არშანი – (ინგლ. Arshan, რუს. Аршан), ბალნეო-კლიმატური კურორტი რუსეთის ფედერაციის ბურიატიის ავტონომიური რესპუბლიკის ტუნკის რაიონში, რკინიგზის სადგურ სლიუდანკიდან 137, ხოლო ქ. ულან-უდედან 479 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით და ქ. ირკუტსკიდან 220 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს აღმოსავლეთ საიანების მთისწინეთში ტუნკის „გოლცების“ ძირში, მდინარე კინგირკის (მდინარე ტუნკის შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 893 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – მკვეთრად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -20°С. ზაფხული ხანმოკლეა, წვიმიანი და გრილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 16°С. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 73%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 495 მმ-ს. წვიმების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე, მინიმუმი – შემოდგომაზე. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში საშუალოდ 2035 საათია. კურორტისთვის დამახასიათებელია ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთის სუსტი ქარები.

არშანისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია შერეული ტყით (სოჭი, ფიჭვი, ციმბირული ნაძვი, მუხა, ცაცხვი, კოპიტი, თელა, წიფელი, რცხილა და სხვ.).

არშანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M-3,0-4,8 გ/დმ3) ცივი და თერმული ნახშირმჟავა სულფატურ-ჰიდროკარბონატული, კაჟმჟავა, რკინიანი, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები და დაბალი მთის, აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

არშანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: არშანის მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა); აბაზანები, გამორეცხვები და შესხურებები აღნიშნული მინერალური წყლებით; კლიმატოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია).

ჩვენებები არშანში წასასვლელად: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველ- გამომყოფი გზების დაავადებები; რკინადეფიციტური ანემია; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები; საყრდენ- სამოძრაო აპარატისა და შარდ-სასქესო ორგანოების, პერიფერიული ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ არშანში (ბუდისტური ტაძარი – დაცანი (XX საუკუნის II ნახევარი); ფესვების პლასტიკის სახლ-მუზეუმი და სხვ.), კურორტ არშანის მიდამოებში (მდინარე კინგირგის ხეობა; „სიყვარულის პიკი“; ბროლის ტბა; მზის რადიოტელესკოპი; რადიოფიზიკური ობსერვატორია; მდინარე კინგირგის ჩანჩქერები; წყარო „ჟემჩუგის“ მინერალური წყალი (ამ წყლის აბაზანებს იყენებენ საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ); ბალნეოლოგიური კურორტი „ნილოვა პუსტინია“ რადონული წყლებით; შამაკის წყაროები სუბთერმული და თერმული მინერალური წყლებით; ბურიატული იურთი და სხვ.)


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები