აღმოსავლური ბულბული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღმოსავლური ბულბული (ლათ. Luscinia luscinia Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

აღმოსავლური ბულბული დაახლოებით ბეღურასოდენა ფრინველია, ფრთა 80-90 მმ- ია, კუდი – 65-75 მმ, ნისკარტი – 10-13 მმ, წონა – 22-30 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს ერთფეროვანი მოქარცისფრო-მურა-წენგოსფერია. მურა-რქისფერ მომქნევებს წენგოსფერი არშიები აქვთ; კუდზედა და საჭის ბუმბულებს კარგად გამოხატული ქარცი ელფერი აქვთ; სხეულის ქვემო მხარე მორუხო-თეთრია, მაგრამ მკერდზე არის ფართო წენგოსფერ-რუხი განივი, მკვეთრწინწკლებიანი ზოლი. მუცლის ცენტრალური ნაწილი სუფთა თეთრია. სხეულის გვერდები – წენგოსფერ-რუხი. ნისკარტი მურა-შავია, ხოლო ფეხები – მურა.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს აღმოსავლეთი ევროპის შუა და სამხრეთ ნაწილებს, საიდანაც ვრცელდება დასავლეთ ციმბირში. დასავლეთით აღწევს დანიამდე, გერმანიაში – მეკლენბურგამდე, პოლონეთში – პოზნანამდე, უნგრეთის აღმოსავლეთ ნაწილამდე; სამხრეთით დაახლოებით მდ. დუნაის გაყოლებით, ვრცელდება შავი ზღვის სანაპიროებამდე; მოიცავს ყირიმს, ჩრდილოეთ კავკასიას, კასპიის ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროებით ვოლგის დელტამდე, ყაზახეთის ჩრდილოეთ რაიონებს და ალტაის მთისწინეთს. ჩრდილოეთით მოიპოვება სკანდინავიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე ლენინგრადამდე, ვოლოგდამდე, კოსტრომისა და კიროვის ოლქებამდე და ტობოლსკამდე, აღმოსავლეთით – ტომსკამდე. ზამთარს ატარებს ტროპიკული აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის დროს.

ბიოტოპი

ხშირი ბუჩქნარები დაბურულ ფოთლოვან ტყეში, ტყის კორომები, ჭალები, პარკები და ბაღები, სადაც არის წყალი, პატარა მდინარე, ნაკადული ან ტენიანი ნიადაგი მაინც.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად, თუმცა ბუდე შეიძლება იყოს ერთმანეთის მახლობლად. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ბუჩქის ან ხის ამონაყარის ძირში. წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდება. მაისის პირველ ნახევარში დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13-14 დღემდე გრძელდება.

კვება

აღმოსავლური ბულბულის საკვებს შეადგენენ მიწაზე, მეტწილად ტყის საფენში მცხოვრები მწერები და სხვა უხერხემლოები – ჭიანჭველები, ხოჭოები, ბაღლინჯოები, მრავალფეხანი, ტკაცუნები, ობობები და სხვ.

მნიშვნელობა

გარდა იმისა, რომ შესანიშნავი გალობით იპყრობს ადამიანის ყურადღებას, დიდი სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების მასობრივად განადგურებითაც.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები