ბიტუმის მასტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცხელი მასტიკის ზედაპირზე დატანა საგორავით

ბიტუმის მასტიკაბიტუმის საფუძველზე მომზადებული პლასტიკური მასალაა, რომელიც გამოიყენება სამშენებლო, სარემონტო, მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესასრულებლად, სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ბურულის, საგზაო საფარის, საძირკვლების ჰიდრო და ორთქლიზალაციის, სართულშუა გადახურვების, საცურაო აუზების მოსაწყობად. გამოირჩევა მაღალი ადჰეზიური თვისებებითა და მედეგობით ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისადმი.

თანამედროვე სამშენებლო საქმეში ბიტუმის მასტიკა ბაზრის სეგმენტის ერთ-ერთი მასალატევადი, პოპულარული ნაწილია და კონკურენციას უწევს ცემენტისა და პოლიმერების საფუძველზე დამზადებულ მასალებს. შესანიშნავად მუშაობს დინამიკური დატვირთვების სიტუაციებში (ჰიდროსაიზოლაციო ნაკერების კუმშვა-გაფართოება ტემპერატურის ცვალებადობის დროს).

ცივი მასტიკის ზედაპირზე დატანა საგორავით

ბიტუმის მასტიკის გარდა, სამშენებლო ბაზარი დატვირთულია სხვადასხვა პრაიმერებით, საფითხნებით, ჰერმეტიკებით და მისთ., რაც იწვევს მომხმარებლის დაბნეულობას საჭირო მასალის შერჩევისას და ხშირად უწევს გაუცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ მნიშვნელოვანია მშენებელი კარგად ერკვეოდეს ამ მასალების თვისებებებსა და გამოყენების სფეროებში.

ბურულებისათვის გამოყენებული მასტიკა პლასტიკური ჰიდროსაიზოლაციო მასალაა, რომელიც იწარმოება სინთეზური და ორგანული ნაერთების საფუძველზე დანამატებით, ანუ იგი მოდიფიცირებულია ქიმიური საშუალებებით და კარგად იტანს სიცხესა და ყინვას. გასულ წლებში დაშვებული იყო ჰიდროსაიზოლაციო მასტიკები დატანილი ყოფილიყო დაჟანგულ და ტენიან ზედაპირებზე, ხოლო თანამედროვე მაღალხარისხიანი მასტიკები გამოიყენება მხოლოდ მშრალ ზედაპირებზე, რადგან სრაფად შრებიან და შეიცავენ მაარმირებელ ბოჭკოებს, თანაც კომპენსაციას უკეთებენ ძლიერ რხევებს.

სამშენებლო ბაზარზე წარმოდგენილი მასტიკები შედგენილობის მიხედვით შეიძლება დაიყოს შემდეგ სახეებად:

  • საწყისი მასალის მიხედვით – ბიტუმის, ბიტუმ-რეზინის, ბიტუმ-ემულსიური, ბიტუმ-პოლიმერული;
  • გამზავებლის მიხედვით – წყლის, ორგანული გამხსნელის, თხევადი ორგანული ნივთიერების;
  • გამყარების ხასიათის მიხედვით – გამყარებადი, გაუმყარებელი;
  • დანიშნულების მიხედვით – რულონური ბურულის გასაწყობი, ჰიდროსაიზოლაციო;
  • ზედაპირზე დატანის მიხედვით – ცხელი (ან წინასწარ გაცხელებული) დატანის და ცივი დატანის, რომელიც გაცხელებას არ საჭიროებს მასში არსებული აქროლადი (მფრინავი) ემულსიური მინარევების გამო. ასეთ შემადგენლობებში გამოიყენება მაზუთი, ნავთობის ზეთი, ნავთი, ბენზინი, ლიგროინი და სხვ.

ეს ინფორმაცია სასარგებლოა არა მარტო სპეციალისტების, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც თავისი ხელით აპირებენ საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავის ბურულის რემონტს.

სარჩევი

ცხელი მასტიკა

ცხელი მასტიკა გამოიყენება ბიტუმის ან კუპრის საფუძველზე დამზადებული საბურულე მასალებისა და მრავალფენიანი საბურულე ხალიჩის დასაწებებლად, ამიტომ მათ მოეთხოვებათ ერთგვაროვნება და სიმყარე ნორმალური ტემპერატურის დიაპაზონში. გარდა ამისა, 100°C ტემპერატურაზე მან უნდა შეინარჩუნოს ერთგვაროვნება და არ უნდა აქაფდეს, ხოლო მონტაჟის დროს 160-180°C ტემპერატურაზე თავისუფლად გაიშალოს ზედაპირზე და შექმნას ფენა სისქით 2 მმ.

ცხელ მასტიკას სახურავის ვერტიკალურ ელემენტებზე არ ასხამენ (გამყარებამდე ჩამოედინება ქვევით და თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებს), ამიტომ ასეთ უბნებზე გამოიყენება ბიტუმის პასტაზე და თხევად შემკვრელზე დამზადებული ცივი მასტიკები (ასფალტის მასტიკებისთვის ესაა წყალი, საბურულე მასტიკებისთვის – ზეთი, ლიგროინი ან ნავთი).

ცივი მასტიკები

ცივი მასტიკები იყოფა ფიზიკური და ქიმიური გამყარების პროდუქტებად. პირველ შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს წყლის ან შემკვრელის აორთქლების ხარჯზე, მეორეში – შიდა ქიმიური რეაქციებით (შეიცნობა მკვეთრი სუნით).

წყალზე და გამხსნელებზე დამზადებული ცივი მასტიკები მომხმარებელს მიეწოდება მზა სახით და განსაკუთრებით ძვირად ფასობს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესასრულებლად, ასევე უარყოფითი ტემპერატურის პირობებში. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი ტემპერატურა იწვევს მასტიკის გადასვლას ბლანტ მდგომარეობაში, რაც ართულებს მის დატანას ზედაპირზე. ხარისხს აუარესებს ისიც, რომ უარყოფით ტემპერატურაზე ზედაპირზე ჩნდება თვალით უზილავი ყინულის შრე და უარესდება მასტიკის ადჰეზია ზედაპირთან. ერთდროულად იზრდება მასტიკის გაშრობის დროც.

ცხელი მასტკებისგან განსხვავებით, ცივი მასტიკის ფენის სისქეა 1 მმ. იგი ეკოლოგიურად შედარებით სუფთა მასაა, ამიტომ დასაშვებია მისი გამოყენება ინტერიერის სამუშაოებშიც.

ცხელი და ცივი ბიტუმის მასტიკების ზოგიერთი ძირითადი ფიზიკური მახასიაებლები მოცემულია ცხრილში

ბიტუმის მასტიკების ფიზიკური მახასიათებლები

წარწერის ტექსტი


მასტიკის ხარისხი დამოკიდებულია შედგენილობაზე. როგორც წესი, მის შედგენილობაში ბიტუმის გარდა შედის: ფისები, მინერალური ზეთი, პარაფინი, კარბოიდები (კარბოიდი – ნახშირწყალბადების შემჭიდროებითა და პოლიმერიზაციით მიღებული პროდუქტი ზეთებისა და საწვავის თერმული დაშლის პირობებში) ან ასფალტოგენური მჟავები.

ბიტუმ-კაუჩუკის მასტიკა

დღევანდელ სამშენებლო სივრცეში ყველაზე პოპულარული მასტიკებია: ბიტუმ-კაუჩუკის, ელასტიკური ბიტუმ-კაუჩუკის, ბიტუმ-პოლიმერის, ბიტუმ-ალუმინის.

ბიტუმის ნაერთი ფისთან ბიტუმის მასტიკის ტიქსოტროპული ნარევია, რომელსაც გააჩნია შესანიშნავი ანტიკოროზიული თვისებები, ასევე ნარევში პრაქტიკულად არ ჩნდება მარცვლოვანი (ღორღისებრი) წარმონაქმნები, რაც აადვილებს მასტიკით დაფარული ზედაპირის თანაბრობას და შესრულებულ სამუშაოს აძლევს კარგ ესთეტიკურ გამომსახველობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტიქსოტროპული თვისებებით აღჭურვილი მასტიკა არ ჩამოედინება ვერტიკალური ზედაპირებიდან, ამიტომ ხშირად მას იყენებენ ბურულის პრობლემური და არათანაბარი ადგილების დასაფარავად (პარაპეტთან, სავენტილაციო არხის ამოსასვლელთან, ლიფტის შახტებთან და მისთ.). ასეთ მასტიკას უნარი აქვთ გარედან ჩაურევლად შეავსოს (შეკრას) 5 მმ-მდე სისქის ბზარები და „გააცოცხლოს“ სახურავი.

ბიტუმ-პოლიმერული მასტიკა

ბიტუმ-კაუჩუკის მასტიკა

თანამედროვე მშენებლობაში პოპულარობას იძენს ბიტუმ-კაუჩუკის მასტიკა, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება სქელი საგოზავის სახით ბალონებში. იგი არ შეიცავს გამხსნელს და ამიტომ უფრო მოსახერხებელია სამუშაოების წარმოებისას. ძირითადად გამოიყენება სარდაფების მძიმე ჰიდროსაიზოლაციოდ (ევროპული კლასიფიკაციით) და გარაჟების მოსაწყობად, სადაც საჭიროება მოითხოვს შედარებით მსუბუქ ჰიდროიზოლაციას. კაუჩუკის შემცველობა ზედაპირს აძლევს ელასტიკურობას და შესაბამისად ადვილად ხდება ზედაპირის მოძრაობის კომპენსაცია (5 მმ-მდე)

ბიტუმ-პოლიმერული მასტიკა

ბიტუმ-პოლიმერულ მასტიკას სხვანაირად „ცოცხალ რეზინასაც“ ეძახიან, რაც, ჩვენი აზრით, მცდარი სახელია, რადგან ამ მასალას აქვს აბსულუტურად სხვა შემადგენლობა (არც რეზინი და არც კაუჩუკი მასში არ შედის). გამოყენების ძირითადი სფეროა – ნაკერები, პირაპირები, ღრეჩოები, ბზარები, ნახეთქები და მისთ. ეს მასტიკა გამოირჩევა ელსტიკური თვისებებით და შესანიშნავად მუშაობს გაჭიმვაზე, რაც ნათლად ფიქსირდენა გამყარებამდეც (ნედლ მდგომარეობაში).

ბიტუმ-ალუმინის მასტიკა

სამშენებლო ბაზრის სიახლეა ბიტუმ-ალუმინის მასტიკა, რომელიც წარმოადგენს კაუჩუკის ემულსიას, შევსებულს ალუმინის ფხვნილით (პიგმენტით). გამოირჩევა ულტ-რაიისფერი სხივების არეკვლის უნარით, რის გამოც ამ მავნე გამოსხივებისგან იცავს თვით მასტიკასა და იმ მასალასაც, რომელზედაც იგია დატანილი. ფართოდ გამოიყენება ფოლადის კონსტრუქციების ანტიკოროზიულ საფარვლად. ხარჯი შეადგენს 0,4-0,7 კგ/მ2.


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები