გიორგი V ბრწყინვალე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეფე გიორგი ბრწყინვალე

გიორგი V ბრწყინვალე - (1289-1346). საქართველოს მეფე (1299, 1318-1346). საქართველოს მეფის, დემეტრე II თავდადებულისა და სამცხის მთავრის, ბექა ჯაყელის ასულის – ნათელას შვილი. საქართველოს მეფის, გიორგი VI მცირის მეურვე-რეგენტი (1311-1318 წწ.).

1299 წ. მონღოლებმა 10 წლის გიორგი მეფედ დაამტკიცეს იმ განზრახვით, რომ აჯანყებული დავით VIII-სთვის დაეპირისპირებინათ სამცხის მთავარი, გიორგის პაპა ბექა ჯაყელი. გიორგი V-ის ფაქტობრივი უფლებამოსილება ამ დროს მხოლოდ თბილისზე ვრცელდებოდა. მას „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. მალე ამ უფლებასაც ძალა დაეკარგა. გიორგი V-ს უკიდურესად მძიმე მემკვიდრეობა ერგო: მონღოლთა ბატონობის შედეგად დაცემული ეკონომიკა, დაკნინებული საქალაქო ცხოვრება, დაქვეითებული კულტურა, XIII ს. 60-იან წლებში მონღოლთა დასტურით ჩამოსახლებულ ოსთა მიერ მიტაცებული ტერიტორიები და მათი გამუდმებული შეიარაღებული აგრესია, დასუსტებული ცენტრალური ხელისუფლება და ფეოდალთა თვითნებობა, სეპარატისტული მისწრაფებების გაძლიერება მთიანეთში, მონღოლთა გამუდმებულ და ხშირ შემთხვევაში წარუმატებელ ლაშქრობებში სისტემატური მონაწილეობის შედეგად შემცირებული და მეურნეობას მოწყვეტილი მოსახლეობა, პოლიტიკურად სამ ნაწილად (აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო და სამცხე-საათაბაგო) დაშლილი ქვეყანა. გიორგი V-ს მხოლოდ ქართლ-კახეთი და სომხითის ნაწილი ექვემდებარებოდა. მისი მოღვაწეობა მეფის ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას, საქართველოს გაერთიანებასა და მონღოლთა უღლის გადაგდებას ისახავდა მიზნად. მან თავდაპირველად საშინაო საკითხები მოაგვარა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოუკვეთა მონღოლებს ფეხი საქართველოდან. მართალია, ილხანთა სახელმწიფო ამ დროისთვის საკმაოდ დასუსტებული იყო და დიდ სიძნელეებსაც განიცდიდა, მაგრამ იმის ძალა კი შესწევდა, რომ პოლიტიკურად დაშლილი და ეკონომიკურად დაუძლურებული ქვეყანა მორჩილებაში ჰყოლოდა. აჯანყების შემთხვევაში მათ ახალ შემოსევას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა საქართველოსთვის. ამიტომ გიორგი V-მ, დავით VIII-სგან განსხვავებით, მონღოლებთან მშვიდობიანი ურთიერთობის გზა აირჩია. მან ისარგებლა ჯერ კიდევ რეგენტობის პერიოდში მოპოვებული პირადი გავლენით და მონღოლებისავე მხარდაჭერით შეუდგა თავისი მიზნების განხორციელებას.

გიორგი V რეგენტობის პერიოდშიც ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი იყო. 1316 წ. ის ოლჯაითუ ყაენს ახლდა ბიზანტიაში ლაშქრობისას. განსაკუთრებით გაიზარდა გიორგი V-ის გავლენა საყაენოს კარზე აბუსაიდის მმართველობის ხანაში. მისი მცირეწლოვანების პერიოდში საილხანოს ფაქტობრივი გამგებელი, პირველი ემირი ჩობან-ნოინი გიორგი V-ს საყაენოს საშინაო საქმეებსაც კი ეკითხებოდა. ასეთი ურთიერთობის დამყარების შედეგად გიორგი V-მ გამეფებისთანავე მიიღო საქართველოს გაერთიანების უფლება. ჩობან-ნოინმა „მოსცა ყოველი საქართველო, და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი და მესხნი, შვილნი ბექასანი“. მიუხედავად ყაენის კარზე მიღებული ნებართვისა, გიორგი V არ ჩქარობდა დავით VI ნარინისა და ბექა ჯაყელის შთამომავლებთან დაპირისპირებას. მან თავისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე დაიწყო წესრიგის აღდგენა და ხელისუფლების განმტკიცება. ასევე მოიპოვა ხარკის აკრეფის უფლება მონღოლ მოხელეთა გარეშე. ამიერიდან შეწყდა ბასკაკების თარეში და მოწესრიგდა საგადასახადო სისტემა, რაც ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო. თავდაპირველად მეფემ ბრძოლა გამოუცხადა საქართველოში ჩამოსახლებულ ოსებს, რომლებიც მონღოლთა მხარდაჭერით ქართველ ფეოდალთა მამულებს იტაცებდნენ და სულ უფრო და უფრო აფართოებდნენ თავიანთ სამფლობელოს. სამწლიანი ბრძოლების შემდეგ გიორგი V-მ გორიც გაათავისუფლა ოსებისგან და საერთოდაც „განასხნა და აღფხურნა“, ანუ საერთოდ განდევნა ისინი საქართველოდან. ოსების გაძევების შემდეგ გიორგი V-მ ჩრდილოეთ კავკასია დალაშქრა, იქაური მოსახლეობა დახარკა და კავკასიონის გადასასვლელები თვითონ დაიჭირა, რითაც საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის უსაფრთხოება უზრუნველყო.

ქვეყნის ცენტრალიზაციისა და პოლიტიკური მთლიანობის აღსადგენად აუცილებელი იყო დიდებული ფეოდალების თვითნებობის ალაგმვა. გიორგი V-მ კახეთში, ცივის მთაზე, სადარბაზოდ მიიწვია ურჩი ერისთავები და ამოწყვიტა. ეს იყო გიორგი V-ს ერთადერთი უკიდურესად რადიკალური, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დასჯილი ერისთავების ნაცვლად გიორგი V-მ თავისი მომხრეები დააყენა. შესაფერისი დრო იქნა შერჩეული დასავლეთ საქართველოს და სამცხე-საათაბაგოს შემოსაერთებლად.

1329 წ. დავით VI ნარინის უმცროსი ძის, ლიხთ-იმერეთის მეფის, მიქელის გარდაცვალების შემდეგ გიორგი V დიდი ჯარით გადავიდა დასავლეთ საქართველოში და მიქელის შვილს ბაგრატს თვითონ უწყალობა შორაპნის ერისთავობა. ასევე, სამცხის ათაბაგის, თავისი ბიძის, სარგის II ბექა ჯაყელის ძის გარდაცვალების (1334) შემდეგ, თვითონ დაადგინა სამცხის მთავრად სარგისის ძე ყვარყვარე. აგრეთვე დაიმორჩილა და თვითონ დაამტკიცა როგორც დასავლეთ საქართველოს (დადიანი, გურიელი, შერვაშიძე, სვანთა ერისთავი), ისე სამცხე-საათაბაგოს (კლარჯეთი, სპერი, კალმახი, არტანუჯი, არტაანი, წუნდა) ერისთავები. ეს კი ლიხთ-იმერეთსა და სამცხე-საათაბაგოზე მეფის უზენაესი ხელისუფლების აღდგენას ნიშნავდა. ამრიგად, ჭკვიანური და გამიზნული პოლიტიკით გიორგი V-მ პრაქტიკულად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, თითქმის უსისხლოდ, შეძლო საქართველოს მთლიანობის აღდგენა.

გიორგი V-მ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ქვეყანაში მონღოლთა თითქმის ასწლოვანი ბატონობის შედეგად შერყვნილი კანონიერებისა და სახელმწიფო წეს-წყობილების აღსადგენად. განსაკუთრებით შერყეული იყო სამართალი ქართლის მთიანეთში. ვითარების ადგილზე გაცნობის შემდეგ, უშუალოდ მისი მონაწილეობით სპეციალურად მთიანეთისთვის 1335 წ. შეიქმნა სისხლის სამართლის კანონთა კრებული „ძეგლის დადება მეფეთ-მეფისა გიორგის მიერ“, რომლის მიზანიც იყო მთაში მეფის ხელისუფლებისა და კანონიერების აღდგენა და მისი შენარჩუნება. „ძეგლის დადება“ მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტია, რომლის შექმნაში აქტიური როლი შეასრულეს პატრიარქმა და ეპისკოპოსებმა. „...დავსხედით და დავსვით წმინდა მეუფე და ქართლისა კათალიკოზი ეფთჳმე და დავსხით ვეზირნი და ეპისკოპოზნი... და ეს განაჩენი დავდევით“ – აცხადებს გიორგი V ამ ძეგლის შესავალ ნაწილში.

დაახლოებით ამავე პერიოდშია შექმნილი სახელმწ. სამართლის წიგნი „ხელმწიფის კარის გარიგება“, რომლის დანიშნულებაც ცენტრალური მმართველობის აღდგენა-მოწესრიგება იყო. ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისა და ქვეყნის გაერთიანების შემდეგ გიორგი V-მ 1335 წ. საქართველოში მყოფი მონღოლთა 10 000-კაციანი რაზმიც განდევნა ქვეყნიდან და ხარკიც შეუწყვიტა დამპყრობლებს. ამ აქტისთვისაც უაღრესად ხელსაყრელი დრო შეარჩია. ჩობან-ნოინის მოკვლით (1327) საილხანოში დაწყებული არეულობა აბუსაიდ ყაენის მოკვლით (1335) დაგვირგვინდა. გიორგი V-ს გამოწვევა მონღოლებმა უპასუხოდ დატოვეს და საქართველო განთავისუფლდა მონღოლთა ასწლიანი უღლისგან.

გიორგი V-მ საფინანსო რეფორმაც გაატარა – მოჭრა ახალი ვერცხლის ფული, რომელსაც „გიორგაული თეთრი“ ეწოდა.

მეფე აქტიურ საგარეო პოლიტუკის კურსს ატარებდა. ჯერ კიდევ რეგენტობის პერიოდში (1316) და შემდეგ (1320) მან ორი ელჩობა მიავლინა ეგვიპტის მამლუქ სულთან ალნასირთან. ქართულმა დიპლომატიამ დიდ წარმატებას მიაღწია. ქართველებს დაუბრუნდათ 1314 წ. მაჰმადიანების მიერ კვლავ მიტაცებული და მეჩეთად ქცეული იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და სხვა ქართული ეკლესიებიც წმ. მიწაზე – ქრისტეს „აღდგომის“ ტაძარი, „გოლგოთა“ და ქრისტეს „საფლავი“. ამ დამსახურებისთვის ჯვრის მონასტრის კრებულმა გიორგი V-ს ხუთი აღაპი დაუწესა.

XIV ს. 30-იანი წლებიდან ეგვიპტე უკვე თვითონ ესწრაფვის საქართველოსთან დაახლოებას. ქართველებს ნებას რთავენ ააშენონ ახალი ტაძარი იერუსალიმში მაშინ, როდესაც ოქროს ურდოს ყაენს მეჩეთის აშენების უფლება არ მისცეს. ეგვიპტის სულთნის წერილებში გიორგი V-ისადმი ხაზგასმულია უღრმესი პატივისცემა საქართველოს მეფის მიმართ. აშკარად ჩანს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭებოდა მამლუქთა საგარეო პოლიტიკაში საქართველოსთან ურთიერთობას.

ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებამ და მონღოლთა უღლის გადაგდებამ გიორგი V-ს საშუალება მისცა ჩარეულიყო ტრაპიზონის საკეისროს საქმეებში. უკანასკნელად საქართველოს ჰეგემონობა ტრაპიზონის იმპერიაში გიორგი V-მ აღადგინა. ბიზანტიელი ისტორიკოსის, მიქელ პანარეტოსის ცნობით, 1341 წ. ქართველთა ჯარმა საკეისროში დედოფალი ანახუტლუ გაამეფა და შემდეგ მას ტახტის შენარჩუნებაშიც დაეხმარა. საქართველოს პროტექტორატი ტრაპიზონის იმპერიაზე დაახლოებით ნახევარი საუკუნე – თემურლენგის შემოსევებამდე გაგრძელდა.

საქართველომ სავაჭრო ურთიერთობები დაამყარა იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებთან – ვენეციასა და გენუასთან, მათ მიერ დაარსებულ სავაჭრო ფაქტორიებთან შავიზღვისპირეთში. დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა გიორგი V-ს საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან, რომელსაც წმ. მიწის გამოსახსნელად დახმარებას ჰპირდებოდა 30 ათასი მოლაშქრით.

საქართველოს დიდ საერთაშორისო ავტორიტეტზე მიუთითებს რომის პაპის, იოანე XXII-ის ორი ეპისტოლე, რომელთა ცნობითაც, კათოლიკური ეკლესიის აღმოსავლეთის სამისიონერო ცენტრი ქ. სმირნადან (ამჟ. იზმირი) თბილისში გადავიდა. თბილისი კათოლიკეთათვის საეპისკოპოსო ქალაქად გადაიქცა და გადაწყდა იქ საკათედრო ტაძრის აშენების საკითხი. თბილისის გარდა კათოლიკური მისია გაიხსნა სოხუმშიც. საეპისკოპოსო ცენტრის თბილისში გადატანის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობაც იყო. იოანე XXII-ის 1329 წ. ეპისტოლეში თბილისი დახასიათებულია „მეტად შესანიშნავ, ხალხმრავალ, მარჯვე და მდიდარ ქალაქად“. საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, დმანისი, ახალციხე, ყარაღაჯი, ანისი) ზარაფხანების არსებობა საქალაქო ცხოვრების, ვაჭრობა-ხელოსნობის აღორძინების მაჩვენებელია. ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ახლაც მფარველობდა და ხელს უწყობდა ქალაქებში მცხოვრებ სხვადასხვა მრწამსისა და ეროვნების (მუსლიმური, სომხ., ებრ.) ვაჭარ-ხელოსნებს. ქვეყნის სამეურნეო წინსვლის და განვითარების მაღალ დონეს მიუთითებს „მეხილეთუხუცესისა“ და „მეღვინეთუხუცესის“ თანამდებობების შემოღება.

საქართველოს საერთო პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა აღმავლობამ ხელი შეუწყო მონღოლთა ბატონობის პერიოდში ჩამკვდარი კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას. გიორგი V-ს დროს მოღვაწეობდა უცნობი ქართველი ისტორიკოსი, ე.წ. ჟამთააღმწერელი, „ასწლოვანი მატიანის“ ავტორი. უაღრესად ერუდირებულმა, მსოფლიო ისტორიის და უცხო ენების (ბერძნ., სპარს., მონღოლ.) მცოდნე მემატიანემ ფართო ისტორიულ ფონზე გადმოგვცა საქართველოს ისტორია გიორგი IV ლაშას გამეფებიდან გიორგი V-მდე. (სამწუხაროდ, მეორე ნაწილი ამ თხზულებისა, სადაც გიორგი V-ის მეფობა იყო აღწერილი, დაკარგულია). ამავე პერიოდში დაიწყო მოღვაწეობა ცნობილმა ქართველმა მწიგნობარმა, კალიგრაფმა და მხატვარმა ავგაროზ ბანდაისძემ. აღორძინდა ქართული ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა, ჭედური ხელოვნება. კვლავ მძლავრად მუშაობდა ქართული კულტურის ცენტრები საზღვარგარეთ: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და პეტრიწონის მონასტერი. ამ უკანასკნელში კვლავ მოქმედებდა მონასტრის დამაარსებლის, XI ს. ცნობილი ქართველი მოღვაწის, გრიგოლ ბაკურიანისძის გახსნილი სემინარია და მისივე დადგენილი ტიპიკონი, რომლის ძალითაც მონასტერში ქართული წერა-კითხვის მცოდნე ბერები უნდა ყოფილიყვნენ და სემინარიაში სწავლებაც მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა წარმართულიყო.

გიორგი V-ის პიროვნება და მისი მოღვაწეობა უაღრესად ლაკონურად და ამომწურავად შეაფასა XVIII ს. ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ვახუშტი ბაგრატიონმა: „ხოლო ამისთვის ეწოდა მეფესა ამას გიორგი ბრწყინვალე, რამეთუ იყო ჰაე როვნებით, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე, უხვი, ობოლთა და ქურივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაითგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე-გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა, კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღამაშენებელმან, განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი, რჯული და სამოქალაქო წესნი განაბრწყინვა, ეკლესიანი დარღუეულნი და მოოხრებულნი აღაშენნა, განაახლა და განანათლა, ხოლო რანი, შირვანი და მოვაკანი მოხარკედ ჰყვნა თავისად; სძლო ყოველთა, სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა სიბრძნე-გონიერებითა და მეცნიერებითა თვისითა დაამშვიდნა, და მეფობდა მეფობითა კეთილითა ივერიასა ზედა 28 წელსა, შემდგომად გარდაიცვალა ყოვლითა კეთილითა და ღუთისმსახურებითა სავსე ტფილისს, ქრისტეისასა 1346-სა“.

გიორგი V-ის დროს საქართველოს პატრიარქები იყვნენ: ექვთიმე (ეფთჳმე) III (XIV ს. 10-30-იან წწ.) და ბასილი V (XIV ს. 30-60 იანი წწ.).

გიორგი V ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება, როგორც „მეფეთ-მეფე; იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი; აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფე, შარვაშა და შაჰანშა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თვით-ფლობით ხელმწიფედ მპყრობელი“.

გიორგი ბრწყინვალე „კეთილი მეფობით მეფობდა“ 32 წელი. იგი თბილისში გარდაიცვალა 1346 წელს. დასაფლავებულია გელათში.

გ. ოთხმეზური
ზ.აბაშიძე


წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;
  • ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987.
  • ავგაროზ ბანდაისძე, ძეგლი ერისთავთა, შ. მესხიას გამოც., მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30, თბ., 1954;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, 3, თბ., 1979;
  • სხეც-ი, ისტორიული საბუთების ფონდი: Hd-11626, 11627, 1162; ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ისტორიული საბუთების ფონდი, №1605;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3);
  • Тизенхаузен В., Заметки Эль калькашанди о Грузинax., Записки восточного отдела Русского археологического общества., т. I, вып. III, CПБ,1886

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები