დახლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დახლა – დახლას ოაზისი, ხარგას ოაზისთან ერთად, ქმნის დიდ ოაზისს ეგვიპტის სამხრეთ-დასავლეთით, ლიბიის უდაბნოს სამხრეთში. ბერძნულ-რომაულ დროში მათ „დიდ ოაზისს“ (oasis major) ეძახდნენ. ოაზისები ერთმანეთთან დაახლ. 120კმ. საქარავნო გზით იყო დაკავშირებული. მეორე, ჩრდილო-დასავლეთით მიმავალი საქარავნო გზა დახლას ფარა ფრას, სივას, ბაჰრიას და ფაიუმის ოაზისებთან აკავშირებდა. უძველესი დროიდან განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენებოდა მესამე გზა, რომელიც დახლას ოაზისიდან უშუალოდ ნილოსის დაბლობამდე მიდის. ეგვიპტის კავშირი დახლას ოაზისთან უკვე არქაული პერიოდიდან არის დაფიქსირებული.

ეგვიპტელები უძველესი დროიდან იყვნენ დაინტერესებული სამხრეთით მდებარე ოაზისებით მათი ნუბიასთან სიახლოვის გამო. VI დინასტიისათვის დახლას ოაზისი უკვე სრულად იყო ანექსირებული და ის ეგვიპტის ადმინისტრაციული ქსელის ნაწილი გახდა. გვიანი ძველი სამეფოს დროისათვის ადგილობრივი (ე.წ. შეიხ მუფტას) კულტურა სრულებით ქრება. გადასახადებს ოაზისი იხდიდა ღვინით, ხილით, მინერალებით და ქსოვილებით. ახალი სამეფოდან ოაზისის დედაქალაქი იყო მუტი (დღეს მუტ ელ-ხარაბი). აქ მდებარეობდა სეტხის დიდი ტაძარი, რომელიც უდაბნოს და ოაზისების ღმერთი იყო. ტაძრის გრანდიოზული გალავნის (8 მ. სიმაღლის და 5მ. სიგანის) ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. გავრცელებული იყო ასევე ამონის კულტიც, რადგანაც ამონი ყველა ოაზისის მფარველ ღვთაებად იყო მიჩნეული. დღეს ძნელი დასადგენია, თუ რამდენად ცნობდა ადგილობრივი ლიბიური მოსახლეობა ეგვიპტის ღმერთებს, მაგრამ ლიბიელებთან კონფლიქტი, რომელიც სხვადასხვა სიმძაფრით იჩენდა თავს ეგვიპტის ისტორიის მანძილზე, მუდმივ პრობლემებს ქმნიდა დასავლეთ ოაზისებშიც, რომლებზეც მუდმივი კონტროლი იყო დაწესებული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები