დიდი ლია
დიდი ლია (ლათ. Limosa limosa Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − ჭოვილოები (Tringinae)
- გვარი − ლია (Limosa)
დიდი ლია მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 175-240 მმ-ია, გალო – 60-95 მმ, ნისკარტი – 70-130 მმ, წონა – 235-330 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრულ მამალს გამრავლების პერიოდში თავი, კისერი და მკერდი ქარცი აქვს, მაგრამ თავზე გასდევს მუქი მურა გასწვრივი ზოლები. ზურგის მხარეს მურა-მოშავოა, განივი ქარცი კოპლებითა და ზოლებით. კუდის ზემო მფარავები თეთრია. მკერდსა და სხეულის გვერდებზე განივი მურა და თეთრი ზოლებია. დედალი მამლის მსგავსია, მაგრამ უფრო მკრთალი შეფერილობისაა და ლაქები და ზოლები ნაკლებად მკვეთრია. ზამთარში ორივე სქესის ფრინველი ზურგის მხარეს მორუხო-კვამლისფერია, ყელი მოთეთრო აქვთ; კისერი, ჩიჩახვი, მკერდი და სხეულის გვერდები – ნაცრისფერი, არამკვეთრი უფრო მუქი განივი ზოლებით. დანარჩენი ქვემო მხარე თეთრი აქვთ. სწორი, გრძელი ნისკარტი მოყვითალოა, მუქი წვეროთი; მაღალი, ოთხთითიანი ფეხები – შავი.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური დიდი ლია – L. l. limosa Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყე-ველების ზონას ისლანდიიდან და ფარერის კუნძულებიდან კამჩატკამდე, სახალინამდე და კურილის კუნძულებამდე. ალტაის მხარეში არეალი წყდება. ჩრდილოეთი საზღვარი გადის დაახლოებით შემდეგ პუნქტებზე: ბელგია, დანია, სამხრეთი შვეცია, ფსკოვისა და ნოვგოროდის ოლქები, რიაზანი, ყაზანი და ტობოლსკი; სამხრეთი საზღვარი გერმანიასა და პოლონეთში, სამხრეთ უკრაინაში, ვოლგოგრადის რაიონში, შემდეგ მიჰყვება დაახლოებით 48-ე პარალელს. ზამთრობს ჩრდილოეთსა და ეკვატორულ აფრიკაში, აზიის ტროპიკულ ნაწილსა და ავსტრალიაში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბინადრობს ტენიან მდელოებზე წყალსატევების მახლობლად. მაღალბალახნარიან ჭაობებში ან ტბების სანაპირო ჭანჭრობიან მინდვრებში.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს უმთავრესად კოლონიებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისის პირველ რიცხვებში დებს ჩვეულებრივად 4 კვერცხს. ნაპოვნია ერთ ბუდეში 7 კვერცხიც, რასაც ორი დედლის ნადებად მიიჩნევენ. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღეს გრძელდება.
კვება
ზაფხულის პირველ ნახევარში იკვებება ველებზე, სადაც მოიპოვება ნაირგვარი მწერები – უმთავრესად ხოჭოები, ზოგჯერ კალიები, მწერების მუხლუხოები და პეპლები. ბარტყების დაფრთიანების შემდეგ საკვების შედგენილობაში უფრო ხშირია წყლის უხერხემლო ცხოველები – კიბოსნაირები, მოლუსკები, ტბორულები, ბაღლინჯოები და სხვა. ზოგჯერ ჭამს მცენარეთა თესლებს, ლიფსიტებს და ბაყაყის ქვირითსაც.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლოა სოფლის მეურნეობისათვის. აქვს სპორტული სანადირო მნიშვნელობაც.