დმანისის სიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დმანისის სიონი

დმანისის სიონი − (ინგლ. Dmanisi Sioni) – VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე, დმანისის ნაქალაქარის ცენტრში, შიდა ციხის ქვემოთ.

დმანისის რაიონი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელიც უძველესი ხანიდან მჭიდროდ დასახლებული იყო. არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ხელმძღვანელები ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) გამოვლინდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის (ძვ. წ. XV-VII სს.), ანტიკური (ძვ. წ. VII – ახ. წ. V სს.) და ადრეული შუა საუკუნეების ხანის ფენები (IV-X სს.). შუა საუკუნეების ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა განმარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები. ნაპოვნი იქნა 1,8-1,7 მილიონი წლის წინანდელი ჰომიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები (დაფიქსირებულია ზეზვასა და მზიას სახელით), რითად დადგინდა, რომ დმანისის ტერიტორიაზე ცხოვრობდა დედამიწაზე უძველესი ადამიანი (აფრიკის გარეთ). ჩამოყალიბდა აზრი, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.

KaribWe dmanisi.JPG

VI-VII საუკუნეებში დმანისში ქალაქური ტიპის დასახლება და საეპისკოპოსო კათედრალი იყო (ამ დროს აშენდა ღვთისმშობლის სახელობის სიონის ტაძარი). IX საუკუნეში მას არაბები დაეპატრონენ. XI საუკუნის ბოლოს – თურქსელჩუკები (შუა აზიაში მომთაბარე ოღუზთა ტომების გაერთიანება). დმანისი 1123 წელს საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა გაანთავისუფლა თურქ-სელჩუკებისაგან. შემდეგ, მცირე ხნით, ისევ მტრის ხელში აღმოჩნდა. 1125 წელს საქართველოს მეფე დემეტრე I-მა დაიბრუნა. XII-XIII საუკუნეები საქართველოსთვის აყვავების ხანაა, ვიდრე ქვეყანა XIV საუკუნის ბოლოს შუააზიელი მოძალადის თემურ-ლენგის ჯარებმა არ დაარბიეს. 1482 წელს დმანისი თურქმანმა იაყუბ ყაენმა დალაშქრა. ამის შემდეგ ქალაქი დაცემის გზაზეა, თუმცა XVI საუკუნეში ბარათაშვილების საგვარეულომ აქ ციხე აღადგინა, მაგრამ ამავე საუკუნის ბოლოს ოსმალებმა, ხოლო XVII საუკუნის დასაწყისიდან სპარსელებმა დაიკავეს დმანისი, სიცოცხლე შეწყდა და ერთდროს აყვავებული ქალაქი ნაქალაქრად იქცა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ხელახლა დაიწყო დმანისის ტერიტორიის ათვისება. აქ ჩამოსახლდნენ ჯავახეთიდან აყრილი, სხვადასხვა კუთხიდან მოსული ქართველები, ბერძნები, გერმანელები, რუსები და სხვ.

აღწერილობა

ინტერიერი

დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე განთავსებული დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სამეკლესიანი ბაზილიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია აღმოსავლეთით შვერილი აფსიდით. ეკლესიის გარე ზომებია: სიგრძე დასავლეთის კარიბჭის გარეშე – 23 მ, სიგანე – 20,5 მ (მარტო შუა ეკლესიისა – 11,5 მ)]. როგორც ყველა სამეკლესიან ბაზილიკაში, შიგნით ნავები ერთმანეთისგან კედლებითაა გამოყოფილი. სამი წაგრძელებული სადგომი ერთმანეთთან დაკავშირებულია კარებით. შუა სადგომი დანარჩენ ორზე რამდენადმე მაღალი და ფართოა, რის გამოც გარედან შენობას ნამდვილი ბაზილიკის იერი აქვს. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის უხეშად დამუშავებული ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვაც. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. სახურავისთვის გამოყენებულია ბრტელი ქვის ლორფინი. სარკმლები შემოსილია წითელი მჭადა-ქვის კვადრებით. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩასმულია წითელი ქვა, რომლის ცალ პირზე გამოქანდაკებულია ბოლნური ჯვარი კვარცხლბეკიან მედალიონში. სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთის მხრიდან – სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა – საკურთხეველში შემორჩენილია XIII-XIV საუკუნეების მხატვრობა: წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. საკურთხევლის სამხრეთ კედელში საინტერესო ბარელიეფია. აქვეა თითქმის კაცის სიმაღლის კვარცხლბეკიანი ჯვარი. ყველაფერი ჩასმულია სადა ჩუქურთმიან ჩარჩოში. აღსანიშნავია, რომ მამაკაცების ქუდები ძალიან ჰგავს XIII-XIV საუკუნეების საფარის ფრესკებზე გამოსახულ ათაბაგთა თავსაბურავებს. მოგვიანებით, 1213-1222 წლებში, ლაშა-გიორგის მეფობაში, დასავლეთიდან ტაძრისთვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. იგი ძირითადი ნაგებობისგან განსხვავდება სტილითა და მორთულობის ხასიათით. კარიბჭის სამივე ფასადი, ყველა სვეტი და თაღი მოპირკეთებულია ღია მწვანე თლილი ქვის ფილებით. გადახურულია ოთხ სვეტზე ამოყვანილი, თაღებზე დაყრდნობილი კამარით. კარიბჭეს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ხოლო სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან პატარა სარკმლებია გასანათებლად. შესასვლელის თაღი შეისრულია. კარიბჭეს სამი ასომთავრული წარწერა აქვს, რომელთაგან ერთ-ერთში მოხსენიებულია მეფე ლაშა-გიორგი. კარიბჭის ფასადს ამშვენებს ქვაში ნაკვეთი ჯვრის რელიეფური გამოსახულება. დმანისის სიონის აღმოსავლეთ მხარეს აღმართულია გეგმით ოთხკუთხა ქვის სამრეკლო, რომელიც მრავალჯერ არის გადაკეთებული.

დმანისის სიონი უხვადაა შემკული ქვაზე ნაკვეთი უძველესი ქართული რელიეფური ჩუქურთმებითა, რაც იქცევს მნახველის ყურადღებას და აჩვენებს უძველესი ქართული ჩუქურთმის დახვეწილობას, სიდიადესა და მშვენიერებას.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები