ველის მერცხალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ველის მერცხალა

ველის მერცხალა (ლათ. Glareola nordmanni Nordmann, 1842) − ფრინველი სავათისებრთა ოჯახიდან.

ველის მერცხალა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 180-205 მმ-ია, კუდი – 110-125 მმ, ნისკარტი – 13-14 მმ, წონა – 90-100 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება ვლინდება გამრავლების პერიოდში. გარეგნულად ძალიან ჰგავს მდელოს მერცხალას. ზურგის მხარე მურა-მონაცრისფრო აქვს. ყელზე წინა მხრიდან აქვს ჟანგმიწისფერი ლაქა, რომელიც ვიწრო შავი ზოლითაა შემოვლებული. მკერდის წინა ნაწილი კვამლისფერია, ხოლო უკანა ნაწილი – ჩალისფერი. მუცელი და კუდის ზემო მფარავები თეთრია. პირის კუთხეები წითელია. მდელოს მერცხალასაგან განსხვავებით, იღლიისა და ფრთების ქვემო მფარავები შავია და არა წაბლისფერი. ზურგის მხარეს რამდენადმე უფრო მუქიცაა. მეორე რიგის მომქნევების ბოლოები თეთრი არაა.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და შუა აზიის ველებს, დასავლეთით – დუნაის დელტიდან, აღმოსავლეთით ტიანშანის მთისწინეთამდე. სსრკ ფარგლებს გარეთ გვხვდება მხოლოდ რუმინეთში. ზამთრობს სამხრეთ აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს მშრალ ველებსა და მინდვრებში, თიხნარ და დამლაშებულ ფართობებზე, დაბალმოზარდი ბალახნარებით. ზოგჯერ ბუდობს წყალსატევებისა და ტენიანი მდელოების მახლობლადაც, მლაშე ტბების სანაპიროებზე, მეჩხერ ლელიანში, სიმინდის ნათესებშიაც კი.

გამრავლება

ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე. აპრილის ბოლოს ან მაისის პირველ რიცხვებში დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

კვება

ველის მერცხალას ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები – კალიები, კუტკალიები, ხოჭოები, სიფრიფანაფრთიანები და ველის ენტომოფაუნის სხვა წარმომადგენლები.

მნიშვნელობა

მრავლად ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები