ვეფხისტყაოსნის ლექსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეფხისტყაოსნის ლექსებიშოთა რუსთაველის გენიალური პოემა-რომანი ღრმად ხალხური ნაწარმოებია. იგი საუკუნეების განმავლობაში სრულყოფილად გადმოსცემდა ქართველი კაცის ფსიქოლოგიასა და იდეალს. ამ ნიადაგზე რუსთაველის ლექსი შეიჭრა ფართო მასების ცნობიერებაში და დაიპყრო იგი. იდეალურმა სახეებმა, უებრო გმირობამ და ვაჟკაცურმა სულისკვეთებამ მოხიბლა ხალხი და მის მოთაყვანედ აქცია. რუსთაველი სრულად გადავიდა ხალხში: ლექსითაც და ცხოვრებითაც. ამით აიხსნება, რომ პოეტის პიროვნებაზე ათეულობით ლეგენდები და თქმულებებია შემონახული. რუსთაველის პოეზია ნათესავი, სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია ქართული ეროვნული პოეზიისა, მასთან ერთად ხალხური პოეზიისა. „ვეფხისტყაოსნის“ ათეულობით და ასეულობით სენტენცია-აფორიზმი, სტროფები და პასაჟები, ეპიზოდები და ნაკვეთები, ზოგჯერ მთელი ნაწარმოები დამკვიდრებულია ზეპირსიტყვიერებაში და ფოლკლორული ტრადიციის თანაბრად ტრიალებს მხატვრული სიტყვისმოყვარულთა შორის.

შოთას მაღალი პოეტური ოსტატობა სალოცავი ხატი იყო სახალხო მგოსან-შემსრულებელთათვის. როგორც ძველი საბერძნეთის აედები და რაპსოდები საჯაროდ მღეროდნენ ჰომეროსის ლექსებს, ისე ქართველი მესტვირეები და მოშაირეები მთაში თუ ბარში რუსთაველის ლექსებით პაექრობდნენ და მღეროდნენ. რუსთაველის პოემის ცოდნა სასძლო-სასიძოთა შეფასების საზომიიყო. შემთხვევითი ფრაზა არაა რუსთაველისა და თეიმურაზის გაბაასებაში შოთას სახელით შესული აფორიზმი: „საქართველო სავსე არის, ჩემი წიგნი ყველგან გაჰქუხს... მართლაც, რუსთველურმა ლექსმა წიგნის თუ ზეპირი სიტყვის საშუალებით ყველგან შეაღო კარი, სადაც კი ქართველს ფეხი დაუბიჯებია, და არა მარტო იქ! ბევრ შემთხვევაში ხალხის მიერ რუსთაველის პოეზია მიღებულ იქნა ტრადიციული ჰოეზიის თანაბრად და შემსრულებელთა თაობებმა მას ავტორის პიროვნება ჩამოაცილეს.

ამ დროიდან „ვეფხისტყაოსნის“ ლექსებმა ანონიმურად იწყეს გავრცელება, მიმოქცევა. აქედან წარმოსდგა რუსთაველის ლექსთა დიდძალი ვარიაციები და ვარიანტები. მრავალი მათგანი ხალხური ვეფხისტყაოსნის სიუჟეტერ ქსოვილშია მოქცეული და დღემდე ფოლკლორის საკუთრებას წარმოადგენს. მხოლოდ ერთი შაირი –„ნახეს უცხო მოყმე ვინმე“ – ათზე მეტ ვარიანტად არის ფიქსირებული საქართველოს ყველა კუთხეში. მსგავსი- შემთხვევები მასიურად დასტურდება პოეზიაში, პროზაში, მუსიკაში, პარემიოლოგიაში, ფრაზეოლოგიაში, წესჩვეულებრიობაში. ვეფხისტყაოსნის ლექსების ფოლკლორში მასიური გავრცელება იმის კლასიკური ნიმუშია თუ რა კეთილი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინდივიდუალურ პოეტს ეროვნულ შემოქმედებაზე.

მ. ჩიქოვანი

ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, შოთა რუსთაველი და ქართული ფოლკლორი, 1966;

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები