თეთრკუდა მექვიშია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრკუდა მექვიშია

თეთრკუდა მექვიშია (ლათ. Calidris teruninckii Leisler, 1812) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.

თეთრკუდა მექვიშია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 90-105 მმ-ია, გალო – 17-20 მმ, ნისკარტი ― 15-19 მმ, წონა 23-35 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. შეფერილობა ცვალებადობს სეზონების მიხედვით. ზაფხულში ზურგის მხარეს მოწაბლისფრო-რუხია, წელის მიდამო – ერთფეროვანი მურა. მუცლის მხარე თეთრია, მაგრამ მკერდის წინა ნაწილი, ჩიჩახვი და კისერი მორუხო-ჟანგისფერია. მომქნევები მუქი-მურაა. პირველი მომქნევის ღერო თითქმის მთლიანად თეთრია, ხოლო დანარჩენისა – მუქი (მარაოს ფერის). იღლიის ბუმბულები თეთრია; ფრთისქვეშა თეთრ ბუმბულებს მოწაბლისფრო კიდეები აქვთ. საჭის შუა წყვილი მოშავო-მურაა. ისინი დანარჩენ, ღია ფერის ბუმბულებზე გრძელიცაა და თეთრი ფერის კიდურა წყვილს 10 მმ-ით სჭარბობს. ფეხები მურა-მომწვანოა, ნისკარტი – მოშავო. ზამთარში ზურგის მხარე კვამლისფერ-მურაა, ხოლო მუცლის მხარე – თეთრი.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ტუნდრისა და ნაწილობრივ ტყე-ტუნდრის ზოლს სკანდინავიის ჩრდილოეთი ნაწილიდან და კოლის ნახევარკუნძულიდან, ბერინგის სრუტემდე და ანადირის უბის ნაპირებამდე. ზამთრობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ევროპასა და აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულსა და სამხრეთი აზიის ქვეყნებში. მიმოფრენის დროს მოიპოვება ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში. ამ დროს გვხვდება საქართველოშიც.

ბიოტოპი

ტუნდრისა და ტყე-ტუნდრის ზონაში ბინადრობს საკმაოდ ნაირგვარ სტაციაში, უპირატესად წყალსატევების (ზღვების, ტბებისა და მდინარეების) სანაპიროებზე, სადაც შეიძლება იყოს ჭაობები, წნორის ბუჩქნარი, ღია სწორი ადგილები, ზოგჯერ სრულიად მოკლებული მცენარეულობას.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ორმოში. ივნისის შუა რიცხვებში დებს 4 კვერცხს. ინკუბაციასა და მართვეების აღზრდაზე მხოლოდ დედალი ზრუნავს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

კვება

თეთრკუდა მექვიშია საკვებს პოულობს წყალსატევის სანაპირო ზოლში, წყალში ან მის ნაპირზე. იკვებება კოღოების მატლებით, წვრილი ხეშეშფრთიანებით, მოლუსკებით, ნაირგვარი ჭიებით და სხვა უხერხემლოებით.

მნიშვნელობა

პრაქტიკული თვალსაზრისით ადამიანისთვის ინდიფერენტულია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები