თემატური გეოგრაფიული ატლასი
თემატური გეოგრაფიული ატლასი – (thematic geographical atlas), კომპლექსური ატლასის ერთ-ერთი სახე, ერთი დარგის მრავალმხრივი კვლევის საფუძველზე შედგენილი რუკების სისტემური კრებული (კლიმატური, აგროკლიმატური, ნიადაგების, სოფლის მეურნეობის, კურორტების, ისტორიის, გეოპოლიტიკური და სხვ.).
ზოგადგეოგრაფიული ატლასისგან განსხვავებით დარგობრივი ატლასის რუკები სხვადასხვა შინაარსისაა, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი თემა. რუკების შედგენა ხდება ზოგადგეოგრაფიულ საფუძველზე. რუკათა თემატიკას და თანამიმდევრობას განსაზღვრავს დარგის სტრუქტურა და მისი ელემენტების ურთიერთკავშირი. ატლასის რუკები არის ანალიზური, სინთეზური და კომპლექსური. მათი შინაარსი გადმოცემულია შესაბამისი კარტოგრაფიული სახვითი საშუალებებით. საქართველოში გამოცემულია ორი თემატური ატლასი: საქართველოს სსრ კურორტები და საკურორტო რესურსები (1989), საქართველოს ისტორიის ატლასი (2003). უცხოეთში გამოცემული დარგობრივი ატლასები საყურადღებოა თემატიკის მრავალფეროვნებით.