თვლის ათობითი სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვლის ათობითი სისტემა – თვლის პოზიციური სისტემა 10-ის ფუძით.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინ, ძველ ბაბილონში შეიქმნა პირველი პოზიციური თვლის სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ციფრების მნიშვნელობის პოზიციური პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად, ერთსა და იმავე ციფრს აქვს სხვადასხვა რიცხვითი მნიშვნელობა იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილი უკავია მას რიცხვის ჩაწერაში.

არსებობს ორობითი, ათობითი, თორმეტობითი, ოცობითი და სხვა თვლის სისტემები. ძველი ბაბილონელების პოზიციური თვლის სისტემა იყო სამოცობითი. ამჟამად საყოველთაოდ მიღებულია ათობითი პოზიციური თვლის სისტემა, რომელიც აღმოცენდა V საუკუნეში ინდოეთში, შემდგომ კი გავრცელდა სხვა ქვეყნებში. ეს პოზიციური ხერხი ევროპაში არაბებმა შემოიტანეს X საუკუნეში. საქართველოში ამ ნუმერაციას უკვე X - XI საუკუნეებში იყენებდნენ.

ათობითი თვლის სისტემა არის პოზიციური სისტემა 10-ის ფუძით. სულ 10 ციფრი გვაქვს: 0,1,2,3,4,5,6,7,8,9. ნებისმიერი ნატურალური რიცხვი შეიძლება ჩაიწეროს an an-1 an-2...a1 სახით, სადაც ai ციფრია, an ≠ 0, ხოლო n – თანრიგის ნომერია. პირველი თანრიგის ციფრები (n=1) – ერთეულებია, მეორე თანრიგისა (n=2) –ათეულები, მესამე თანრიგისა (n=3) – ასეულები და ა.შ. პირველი თანრიგის ათი ერთეული ქმნის მეორე თანრიგის ერთეულს – რიცხვს 10 (ერთი ათეული), მეორე თანრიგის ათი ერთეული ქმნის მესამე თანრიგის ერთეულს – რიცხვს 100 (ერთ ასეულს) და ა.შ. ათობითი თვლის სისტემა ჩვენში ფართოდ გამოიყენება, რადგანაც იგი გარკვეულ კავშირშია ზომის და წონის ათობით სისტემასთან. ელექტრონულ–გამომთვლელი მანქანების განვითარებასთან დაკავშირებით მეცნიერებასა და ტექნიკაში ფართოდ გავრცელდა თვლის ორობითი სისტემა, რვაობითი სისტემა და სხვა.

ამჟამად ზოგჯერ ვსარგებლობთ თვლის სამოცობითი სისტემით (გრადუსები, წუთები, წამები) და თვლის შვიდობითი სისტემით (კვირეებით თვლა, კვირაში კი შვიდი დღეა).

დღესდღეობით მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხი იყენებს თვლის ათობით სისტემას.

მაინც რატომ აქვს რიცხვს 10 ასეთი პრივილეგირებული როლი?

მიზეზი, რომლითაც სახელდობრ თვლის ათობითი სისტემა არის სყოველთაოდ მიღებული, სრულიადაც არ არის მათემატიკური ხასიათის. ხელის ათი თითი – აითვლის ის საწყისი აპარატი, რომლითაც ადამიანი სარგებლობდა წინაისტორიული დროიდან დაწყებული. თითებზე ადვილია დათვლა ერთიდან ათამდე. ათამდე დათვლის შემდეგ, ე.ი. ბოლომდე გამოვიყენებთ რა ჩვენი ბუნებრივი „სათვლელი აპარატის“ – ხელების შესაძლებლობას, მივიღებთ რიცხვს 10 ახალ, უფრო დიდ ერთეულად (შემდეგი თანრიგის ერთეულად). ათი ათეული შეადგენს მესამე თანრიგის ერთეულს და ა.შ. ასე რომ, სწორედ ხელის თითებზე თვლამ დაუდო საფუძველი იმ სისტემას, რომელიც ახლა ჩვენ, როგორღაც, თავისთავად ცხადი გვეჩვენება. ჩვენი თანამედროვე ნუმერაციის ფუძემდებელია ინდური პოზიციური სისტემა. ინდოეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ქვეყანაა, სადაც მათემატიკა, როგორც მეცნიერება, უძველესი კულტურის ნაწილია. მასში ჭარბობს გამოთვლითიალგორითმული მეთოდები. ასევე პრაქტიკულია ინდური გეომეტრიაც.



წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები