ამასისი
ამასისი − XXVI (საისური) დინასტიის მეხუთე ეგვიპტელი ფარაონის, იახმესის ბერძნული სახელი. მეფობდა ჩვ.წ.-მდე 570-526 წწ.
არასამეფო წარმოშობის გენერალმა, რომლის მოხსენიებასაც პირველად დინასტიის მესამე ფარაონის, ფსამტიხ I-ის დროს ნუბიაში მოღვაწეობისას ვხვდებით, გამოიყენა ეგვიპტურ ჯარში და მოსახლეობაში თავისი წინამორბედის, აპრიესის მიმართ აგორებული უკმაყოფილების ტალღა და ტახტის უზურპირება მოახდინა. მისი გამეფებისთანავე ასურელებმა ისარგებლეს შიდაარეულობით ეგვიპტეში და სცადეს ქვეყანაში შეჭრა, მაგრამ ამასისმა მოახერხა მათი უკუგდება.
ამასისი ცნობილია თავისი მოქნილი პოლიტიკით ბერძენ ვაჭრებთან, რომლებსაც თავი მოუყარა ქალაქ ნავკრატისში. მან ასევე თავისუფალი სავაჭრო პოსტის სტატუსი მიანიჭა ნავკრატისს, რამაც ბიძგი მისცა ვაჭრობის გასაოცარ აყვავებას დელტაში. მისი მეფობა ეგვიპტის აყვავების ხანად ითვლება, წარმატებული ვაჭრობით და მზარდი სოფლის მეურნეობით.
ამასისი ბევრს აშენებდა – ელეფანტინაზე, მემფისში, ფილეზე, ედფუში, აბიდოსში, კოპტოსში და სხვ. ვარაუდობენ, რომ ეგვიპტის მოსახლეობის რიცხვმა ამ დროს 7.5 მილიონს გადააჭარბა, რაც თავისთავად უზარმაზარი რიცხვია იმდროინდელი ხმელთაშუაზღვისპირეთის მოსახლეობის რიცხვის გათვალისწინებით. თვითონ მას იხსენებდნენ, როგორც კარგი ხასიათის მქონე მმართველს. მის დიპლომატიურ ნიჭზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ შეინარჩუნა კარგი დამოკიდებულება ბერძნებთან, მოიპოვა სამხედრო გამარჯვება რამდენიმე კვიპროსის ქალაქზე, რამაც საშუალება მისცა გამოეყენებინა კვიპროსის გემები სავაჭრო მიზნებისათვის. ამასისს ჰქონდა პარტნიორული ურთიერთობა ლიდიის მეფესთან – კრეზოსთან და სამოსის ტირანთან – პოლიკრატესთან. მაგრამ ამ დროს ძალას იკრეფდა სპარსეთი, რომელიც მალე ასურელებზე უფრო დიდ იმპერიად გადაიქცა.
მეფობის ბოლო წლებში ამასისი დაკავებული იყო სპარსელების წინააღმდეგ ალიანსის შექმნით, მაგრამ კიროს II-ის მიერ ბაბილონის და ლიდიის დაპყრობის შემდეგ ფაქტობრივად მოკავშირეების გარეშე დარჩა. ეგვიპტეში სპარსელების შემოჭრა მცირე ხნით გადაიდო კიროს II-ის გარდაცვალების შემდეგ, მგრამ მისი მემკვიდრე კამბიზ II დაიძრა ეგვიპტისაკენ ჩვ.წ.-მდე 525 წ. ამასისი გარდაიცვალა სპარსელების შემოჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, მისი შვილი კი დამპყრობლებმა ჩაიგდეს ხელში და სიკვდილით დასაჯეს. ამასისის სხეულის შეურაცხსაყოფად კამბიზი თავად ჩავიდა საისში. ფარაონის მუმია გამოათრიეს სამარხიდან და როცა ცემით ბალზამირებულ სხეულს ვერაფერი დააკლეს, დაწვეს (ჰეროდოტე III, 16).