ისლანდიური მექვიშია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისლანდიური მექვიშია

ისლანდიური მექვიშია (ლათ. Calidris canutus Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.

ისლანდიური მექვიშია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ფრინველია მექვიშიებს შორის, ფრთა 150-175 მმ-ია, გალო – 26-35 მმ, ნისკარტი – 29-38 მმ, წონა – 85 გ-მდე. სქესობრივი დიმორფიზმი, სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზაფხულში ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მურა-შავია, მაგრამ ბუმბულებს აქვთ თეთრი წვეროები. კისრის უკანა ნაწილი უფრო ღია ფერისაა. თხემი, ზოლები თვალების გასწვრივ და თავის გვერდები მოწაბლისფრო-ქარცია. კუდის ზემო მფარავები თეთრია, შავი განივი ზოლებით. სხეულის ქვემო მხარე მოწაბლისფრო-ქარცია. მუცლის უკანა ნაწილსა და კუდის ქვემო მფარავებს შორის თეთრი ფერის ბუმბულებიც ურევია. მომქნევები მორუხო-მურაა. ასეთივე ფერის ფრთების ზემო მფარავებს მოთეთრო არშიები აქვთ. იღლიის ბუმბულები თეთრია, აქა-იქ შავი წინწკლებით. საჭის ბუმბულები მურა-რუხია, ნისკარტი – შავი, გალოს სიგრძის ან ოდნავ გრძელი და წვეროში შემსხვილებული. ზამთარში ფრინველი გაცილებით ღია ფერისაა.

აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება აღმოსავლური ისლანდიური მექვიშია – C. c. canutus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ ტერიტორიას ევროპის, აზიისა და ამერიკის არქტიკულ ნაწილებში. მოიპოვება გრენლანდიაზე, შპიცბერგენზე, ტაიმირის ნახევარკუნძულზე, ნოვოსიბირსკისა და ზოგ სხვა კუნძულზე. არის ალასკის სანაპიროებზეც. ზამთრობს მალაის არქიპელაგზე, ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრიკის დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებზე. მიმოფრენის პერიოდში მოიპოვება აზიისა და ევროპის მრავალ ქვეყანაში. საქართველოში მცირე რაოდენობით გვხვდება აგრეთვე მიმოფრენის დროს.

ბიოტოპი

ბალახნარიანი მშრალი ტუნდრა, ჩვეულებრივად დაშორებული ზღვების უშუალო ნაპირებიდან.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, შემაღლებული ადგილების ფერდობებზე, სადაც შედარებით უხვადაა ბალახნარები. ივნისის მეორე ნახევარში დებს 4 კვერცხს. კრუხად მეტწილად ჯდება მამალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგეწილი არაა.

კვება

ისლანდიური მექვიშიას ძირითად საკვებს შეადგენს ნაირგვარი უხერხემლო ცხოველები – მრავალჯაგრიანი ჭიები, ორფრთიანების ლარვები, წვრილი ორსაგდულიანი მოლუსკები, კიბოსნაირები, ხოჭოები და სხვ. ზოგჯერ ჭამს მცენარეულ საკვებსაც.

მნიშვნელობა

პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები