იფიგენია ავლისში (ევრიპიდეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„იფიგენია ავლისში“ – ძველი ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს ტრაგედია.

ქალთმოძულეობაში ევრიპიდეს დადანაშაულების აბსურდულობის კიდევ ერთ დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ „იფიგენია ავლისში“, სადაც ტროას ომის ნამდვილ გმირად არა მხედართმთავარი აგამემნონი, არა აქაველთა ჯარის რიგითი ჯარისკაცები თუ რჩეული გმირები, არამედ ნორჩი იფიგენია იქცევა. პიესა ეფუძნება მითოლოგიურ ამბავს აგამემნონის მიერ საკუთარი ქალიშვილის, იფიგენიას მსხვერპლად შეწირვის შესახებ, რის გარეშეც ტროას ომის დაწყება შეუძლებელი ხდებოდა. ტროასკენ მიმავალი აქაველთა ფლოტი, ზურგის ქარის ამაო მოლოდინში, გაურკვეველი დროით შეყოვნდება. მისნობის შედეგად ირკვევა, რომ არტემისი მხედართმთავრისგან მისი ქალიშვილის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს, სანაცვლოდ კი ომში ბერძნებს მფარველობას აღუთქვამს. აგამემნონი, ძალზე რთულად მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას მაინც გადაწყვეტს და ქალიშვილს, ცნობილ გმირზე, აქილევსზე გათხოვების საბაბით ავლისში გამოიძახებს. კლიტემნესტრასა და იფიგენიას ავლისში ჩამოსვლისთანავე გაირკვევა სიმართლე. აგამემნონი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მისნობის შესახებ ჯარმა უკვე შეიტყო. მხედართმთავრის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, სიკვდილი უკვე არა მხოლოდ იფიგენიას, არამედ მთელ მის საგვარეულოს ემუქრება. მაგრამ საქმეს ისიც ართულებს, რომ კლიტემნესტრასთან შემთხვევითი შეხვედრის შედეგად, აქილევსი გაიგებს, რომ იფიგენია მასთან ქორწინების საბაბით მსხვერპლად შეწირვისთვის ჩამოიყვანეს. აღშფოთებული აქილევსი იფიგენიას დაცვას თავის მოვალეობად მიიჩნევს. კლიტემნესტრაც ქმარს მტრად, აქილევსს კი მხსნელად მიიჩნევს. მდგომარეობა უკიდურესად იძაბება. აშკარა ხდება, რომ იფიგენიას ვერაფერი უშველის, მის დამცველებს კი მისივე ბედის გაზიარება მოუწევთ, რადგან ბერძნებს ტროას აღება ნებისმიერ ფასად სურთ. უაზრო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის ინტერესების დასაცავად, იფიგენია უარყოფს თავისი გადარჩენის მცდელობას და ნებაყოფლობით თავგანწირვას გადაწყვეტს. პიესის დასასრულს კი, ქალიშვილის მსხვერპლად შეწირვის დროს, არტემისი სასწაულს მოახდენს: იფიგენიას გააქრობს და მის სანაცვლოდ სამსხვერპლოზე ირემს გააჩენს. იფიგენიას სასწაულებრივი გაქრობა ქალღმერთის სამეუფოში მისი წაყვანის მაუწყებლად აღიქმება.

„ელექტრას“ მსგავსად, „იფიგენიას ავლისში“ მკვლევრები მელოდრამის ჟანრს მიაკუთვნებენ, სადაც სჭარბობს გულისამაჩუყებელი სენტიმენტალიზმი და პათეტიკურობა. მართლაც ცრემლის აღმძვრელია იფიგენიასა და აგამემნონის შეხვედრა, რომლის დროსაც დარდითა და სინდისის ქენჯნით შეპყრობილ მამას, ბავშვურად სუფთა და მიამიტი ქალიშვილი დიდი მონატრებისა და სიყვარულის გამომხატველი გრძნობით ეალერსება. მაგრამ აზრობრივი თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო ეპიზოდს პიესაში, ძმების – აგამემნონისა და მენელაოსის კამათის სცენა წარმოადგენს. როდესაც შფოთით შეპყრობილი აგამემნონი იცვლის გადაწყეტილებას და ქალიშვილის გადარჩენას გადაწყვეტს, მენელაოსი ხელთ იგდებს კლიტემნესტრასადმი ხელმეორედ მიწერილ წერილს და ძმის გაკიცხვას იწყებს. მენელაოსის სიტყვები არავითარ ილუზიას არ ტოვებს ტროას ომის წამომწყებთა პრაგმატული მოტივაციის შესახებ. ევრიპიდე ამჯერადაც ნებისმიერი ექსპანსიის სრულ დეჰეროიზაციას ახდენს. აქაველებისთვის, უპირველესად კი მხედართმთავარ აგამემნონისთვის, ომი მომხვეჭელობისა და მოძალებული ამბიციების დაკმაყოფილების საშუალება იყო და არა მშვენიერი ელენეს დაბრუნებით შელახული ღირსების აღდგენის შესაძლებლობა. ძმის გაკიცხვისას, მენელაოსი მას უახლოეს წარსულს ახსენებს, – ახსენებს, თუ როგორ ცდილობდა მხედართმთავრად არჩევამდე ამომრჩევლის გულის მოგებას, – მლიქვნელობისა და სხვათა მაამებლობის ტაქტიკის გამოყენებას, რომელიც მიზნის მიღწევისთანავე ქედმაღლობითა და ამპარტავნებით შეიცვალა. აშკარად, ავტორისეული შეფასებების გამომხატველი პერსონაჟის სიტყვებში, ძალაუფლების მოპოვებისკენ მსწრაფი ადამიანის ბუნების უცვლელი ხასიათი ვლინდება. მიზნის მისაღწევად თავის დამამცირებელი ადამიანი, – მტრებთანაც კი არაგულწრფელი კეთილმოსურნეობით მოსაუბრე, სასურველი მდგომარეობის მოპოვებისთანავე მიუწვდომელი და გულცივი ხდება. არა მხოლოდ გასაჭირი და უბედობა, არამედ წარმატებაც ადამიანის სულიერი უმწიფრობისა თუ მოწიფულობის საცდელ ქვად იქცევა.

არტემისის მხრიდან, იფიგენიას მსხვერპლად შეწირვის მოთხოვნა, გარკვეულწილად, ძალაუფლებისა და პრაგმატულ ღირებულებებზე დაფუძნებული წარმატების მოხვეჭისთვის საჭირო საფასურის გადახდის გარდაუვალობის სიმბოლურ აქტად შეიძლება მივიჩნიოთ. უანგაროდ მოსიყვარულე იფიგენიას მსხვერპლად შეწირვის აქტი, აგამემნონის სულის ყველაზე ძვირფასი ნაწილის გაწირვის გამომხატველადაც შეიძლება მოვიაზროთ.

აქაველებთა საერთო ფონზე ძალზე მომგებიანად გამოირჩევა იფიგენიას დამცველად ქცეული აქილევსი – ერთადერთი მამაკაცი ევრიპიდეს ამ დრამაში, რომელიც არა ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არამედ ღირსების დასაცავად იბრძვის. გარემომცველებთან იძულებით დაპირისპირებული აქილევსის სახით, – სწორედ საყოველთაოდ დამკვიდრებულისა და აღიარებულისგან პიროვნების განზე განდგომისა და გაუცხოების ევრიპიდესეული მოტივი წარმოჩინდება.

პიესაში „იფიგენია ავლისში“ ტროას ომის გმირთა დეჰეროიზაციის მიუხედავად, ევრიპიდე („ტროელი ქალებისა“ და „ორესტესისგან“ განსხვავებით) არ მიმართავს პერსონაჟთა დემონიზაციას, – ცალსახად ნეგატიური მხრიდან მათი წარმოჩენის ხერხს. აქაველების მხედართმთავარიც და მისი ძმაც გაორებულ ადამიანებად წარმოდგებიან, რომლებშიც ერთმანეთს ებრძვის ახლობლისადმი თანაგრძნობა და პატივმოყვარეობა. გარკვეულ დროს, აგამემნონში ანგარებას მამობრივი გრძნობა სძლევს, მენელაოსში კი – ძმისადმი თანაგრძნობა. მაგრამ ძალაუფლების მოხვეჭის გზაზე შემდგარი, უმეტესწილად საკუთარი არჩევანისვე მძევლად იქცევა. გაკეთებული არჩევანი კი, ხშირად, შეუქცევად ხასიათს იძენს, როდესაც გადაწყვეტილების შეცვლა და გზიდან გადახვევა შეუძლებელი ხდება. თავისუფლების ძალაუფლებისთვის გამწირავისთვის არსობრივად რაიმეს შეცვლა ყოველთვის უკვე დაგვიანებული აღმოჩნდება ხოლმე, მის მიერვე არჩეული თამაშის წესების შეცვლა კი - შეუძლებელი.


მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები