კარტოგრაფიული დიზაინი
კარტოგრაფიული დიზაინი – (cartographic design), რუკის, ატლასის და ნებისმიერი კარტოგრაფიული ნაწარმოების მხატვრული მხარის, ეფექტური ესთეტური იერის დაპროექტება და განხორციელება რუკის თემატიკისა და დანიშნულების მიხედვით. კარტოგრაფის მიერ განხორციელებული კარტოგრაფიული დიზაინი რუკათშედგენის პროცესის განუყოფელი ნაწილია და დიდ როლს ასრულებს რუკის მეშვეობით გარემოს ვიზუალურ აღქმაში. კარტოგრაფიული გამოსახულების მხატვრულ სახეს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა რენესანსის ეპოქაში. რუკები მხატვრულად აქვთ გაფორმებული XV-XVI საუკუნეების ცნობილ მხატვრებს ლეონარდო და ვინჩის, ალბრეხტ დიურერს და სხვებს. XV-XVIII საუკუნეების კარტოგრაფიული გამოსახულებები გამოირჩეოდა დახვეწილი გრაფიკით (ნახატი, შრიფტი, ფერი, მხატვრული ჩარჩო). ისინი საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის სამეფო კარის დარბაზებს ამშვენებდნენ. დღეს ბევრი მათგანი მსოფლიოს დიდ მუზეუმებშია გამოფენილი, რაც კარტოგრაფიის ისტორიის სიამაყეა. ასევე მაღალმხატვრული ღირებულებებით გამოირჩევა XIX საუკუნეში შვეიცარიაში შექმნილი რუკები და ატლასები. რელიეფის ნატიფი გაფორმების ეტალონად ითვლება შვეიცარიის 1:100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. XIX–XX საუკუნეებში რუკის მხატვრული გაფორმების დეტალები შედარებით გამარტივდა, კარტოგრაფიისადმი მიდგომა უფრო პრაგმატული, მომხმარებელზე ორიენტირებული გახდა. ზოგჯერ მხატვრები გეოგრაფიული ობიექტების – კონტინენტების, კუნძულების, ქვეყნების – გრაფიკული გამოსახვის ორიგინალურ ხერხს მიმართავენ