კოკორინა-ბეღურა
კოკორინა-ბეღურა (ლათ. Calidris minuta Leisler, 1812) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − მექვიშიები (Calidriinae)
- გვარი − მექვიშია (Calidris)
კოკორინა-გეღურა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 87-102 მმ-ია, გალო – 20-22 მმ, ნისკარტი – 16-20 მმ, წონა – 25-27 გ. სქესთა შორის განსხვავება სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზაფხულში ორივე სქესის ფრინველი ზურგის მხარეს მოწითალო-ქარცია, ბუმბულების შუა ნაწილში შავი ლაქებით. მუცლის მხარე თეთრია, მაგრამ მკერდის წინა ნაწილზე, ჩიჩახვზე, ყელზე, კისრის გვერდებსა და ლოყებზე მოჟანგისფრო ნაფრქვი და მურა ფერის წინწკლები აქვს. პირველი რიგის მომქნევები მოშავო-მურაა, ხოლო მათი ღეროების დიდი ნაწილი თეთრია. მეორე რიგის მომქნევები ძირში თეთრია, წვეროები კი შავი აქვთ. ფრთის ზემო მფარავები მუქი-მურაა, საჭის ბუმბულები − ღია ნაცრისფერ-მურა. მათი ღეროები თეთრია. შუბლი მოთეთროა, ფრთის ქვემო მფარავები – თეთრი. საშუალო სიგრძის ნისკარტი სწორი და შავია. შავია ფეხებიც. ზამთარში ზურგის მხარე მორუხო-მურაა, ხოლო მუცლის მხარე – თეთრი, ჩიჩახვის არეში ჟანგმიწისფერი ნაფრქვით.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობს ტუნდრის ზონაში, დასავლეთით სკანდინავიის, კოლის ნახევარკუნძულებისა და ახალი მიწის სამხრეთი კუნძულიდან, აღმოსავლეთით მდ. ლენის ქვემო დინებამდე და ნოვოსიბირსკის კუნძულებამდე. სამხრეთი საზღვარი ემთხვევა ტუნდრის ზონის საზღვარს. იზამთრებს აფრიკის ეკვატორულ და აღმოსავლეთ ნაწილებში, არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე, ირანის, ერაყისა და ინდოეთის სამხრეთ ნაწილებში, აგრეთვე კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბინადრობს არქტიკულ ტუნდრაში. ბუდობს წყლის მახლობლად, მაგრამ უფრო მშრალ ადგილებში, რომელიც არაა მოკლებული მცენარეულ საფარს. მიმოფრენის დროს ეტანება მდინარეებისა და ზღვების ნაპირებს.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აკეთებს მიწაზე, პატარა ჩაღრმავებაში, რომელიც ამოფენილია ხმელი ბალახით. ივნისის ბოლოს დებს ჩვეულებრივად 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.
კვება
კოკორინა-ბეღურას ძირითად საკვებს შეადგენს მწერები, მოლუსკები და კიბოსნაირები, რომელთაც ფრინველი პოულობს უპირატესად წყლის ნაპირებთან, წყალში ან ხმელეთზე.
მნიშვნელობა
პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.