მაისურაძე ბადრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბადრი მაისურაძე

ბადრი მაისურაძე − (13 ნოემბერი 1966, ქ. თბილისი), ქართველი მომღერალი (ტენორი). ვოკალისტთა ფ. ვინიასის (ესპანეთი) და ი. ბიორლინგის (შვედეთი) სახელობის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი (ორივე 1994), არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული. არის ხალხთა მეგობრობის საერთაშორისო ორდენის კავალერი. აქვს ძლიერი ფართო დიაპაზონის, ულამაზესი ტემბრის, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა, გამოირჩევა მაღალი არტისტიზმით. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მომღერალია.

1982 დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი (დ. ალექსიძის კლ.), ხოლო 1989 თბილისის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (გ. ბეჟუაშვილის კლ.). მოგვიანებით სწავლა განაგრძო მილანსა და მოსკოვში. 1989-90 სტაჟირება გაიარა მოსკოვის დიდ თეატრში (ხელმძ. ზ. სოტკილავა). 1989-93 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1990 შედგა მისი დებიუტი ო. თაქთაქიშვილის ოპერაში „მინდია“. 1994-იდან მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტია. საერთაშორისო კარიერა დაიწყო 1993 ლიეჟის სამეფო ოპერის თეატრში, სადაც შეასრულა ცრუ დიმიტრის როლი მუსორგსკის ოპერაში „ბორის გოდუნოვი“. მას შემდეგ 58 პარტია შეასრულა მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში. 1999 პირველად გამოვიდა მილანის „ლა სკალას“ თეატრში, შეასრულა ანდრეის პარტია პ. ჩაიკოვსკის ოპერაში „მაზეპა“. თანამშრომლობს გამოჩენილ მუსიკოსებთან (მ. როსტროპოვიჩი, რ. მუტი, ს. ოძავა და სხვ.), რეპერტუარში აქვს კამერული ვოკალური ნაწარმოებები, ასრულებს ტენორის პარტიას ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაში, ვერდის „რეკვიემში“, ბრიტენის „სამხედრო რეკვიემში“. მაისურაძე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრია, როგორიცაა: ბუსეტოს საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“, პარიზის ვ. ბელინის სახელობის კონკურსი, გ. ვიშნევსკაიას სახელობის ვოკალისტთა კონკურსი, მელბურნის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, საოპერო მუსიკის კონკურსი, „ჯოვანი მარტინელი-აურელიანო პერტილე“ (ჟიურის თავმჯდომარე). ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მანძილზე მას თანამშრომლობა აკავშირებდა ცნობილ დირიჟორებთან: ს.ოძავა, ზ. მეტა, დ. ორენი, ა. გუადანიო, მ. ვიოტი, მ. ბარბაჩინი, პ. ფერენეცი, კ.რიცი, ა. ვოლმერი, ა. ვედერნიკოვი, მ. არენა, გ. ნავარო, მ. ბენინი, ჯ. მორანდი, ნ. სანტი, ლ. ფოსტერი, ჯ. კახიძე, გ. აზმაიფარაშვილი, ო. დიმიტრიადი და სხვ.

რეპერტუარი: აბესალომი (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“), ედგარი (დონიცეტი „ლუჩია დი ლამერმური“), რადამესი, მანრიკო, ოტელო, ალფრედი (ვერდიაიდა“ „ტრუბადური“, „ოტელო“, „ტრავიატა“), კავარადოსი (პუჩინი „ტოსკა“), ტურიდუ (მასკანი „სოფლის ღირსება“), კანიო (ლეონკავალო „ჯამბაზები“), გერმანი (ჩაიკოვსკი „პიკის ქალი“) და სხვ. 2002-იდან გ. ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრის პროფესორია. 2016 ნოემბრიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. 2019-იდან მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ვერდის ფესტივალს საქართველოში.

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები