მდელოს მწყერჩიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდელოს მწყერჩიტა (ლათ. Anthus pratensis Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

მდელოს მწყერჩიტა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 70-85 მმ-ია, კუდი – 50-65 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 15-20 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არ შეიმჩნევა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს ღია წენგოსფერია და კარგადაა გამოხატული მუქი ღერძულა წინწკლები თავსა და ზურგზე. ზურგის უკანა ნაწილსა და კუდის ზემო მფარავებზე წინწკლები არაა (გამონაკლისია ყველაზე გრძელი მფარავები). მუცლის მხარე მოთეთროა, მაგრამ ყელის ირგვლივ ჩიჩახვზე და სხეულის გვერდებზე მუქი ზოლები კარგად ჩანს. მომქნევები მურაა ფრთის ზემო მფარავები და მესამე რიგის მომქნევები მუქი მურაა, ღია ფერის არშიებით. საჭის კიდურა ბუმბულები მურაა, მაგრამ მათი წვეროები და გარეთა მარაოები თითქმის მთლიანად თეთრია; საჭის მეორე წყვილის წვეროებზე პატარა თეთრი კოპლებია. საჭის დანარჩენი ბუმბულები მუქი მურაა, შუა წყვილი კი სხვებზე უფრო ნათელია და ფართო ღია ფერის არშიები აქვთ. ნისკარტი მუქი მურაა, ფეხები – მკრთალი მურა.

ზოგი ავტორი გამოყოფს 2 ქვესახეობას. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მდელოს მწყერჩიტა – A. p. pratensis Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი მოიცავს ევროპას და ჩრდილოეთი აზიის დასავლეთ ნაწილს, აღმოსავლეთით მდ. ობამდე, სამხრეთით მდ. ურალის შუა დინებამდე, დონის სათავეებამდე, რუმინეთს, იუგოსლავიას, ჩრდილოეთ იტალიას და სამხრეთ საფრანგეთს. ზამთარს ატარებს შუა და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე აზიაში, ამიერკავკასიაში, ირანსა და პალესტინაში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენისას, აქა-იქ ზამთარშიც.

ბიოტოპი

გამრავლების დროს ირჩევს ტენიან ან დაჭაობებულ, კოლბოხებიან მდელოებს, ხავსიან და ბალახნარიან ჭაობებს. ქვა-ღორღიან ადგილებს, ტანბრეცილ არყნარიან ან ბუჩქნარიან ტუნდრას. ზამთარში ეტანება უპირატესად ჩალეწილ ან ცხოველების მიერ გათელილ ლელიანებს წყალსატევის უშუალო სიახლოვეს.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, რომელსაც წნავს ბალახისაგან და ამოაფენს გუგულის სელით. არეალის დიდ ნაწილში წელიწადში 2-ჯერ მრავლდება. პირველად აპრილის ბოლოს დებს 4-6 კვერცხს, მეორედ ივნისის მეორე ნახევარში – 3 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13 დღეს გრძელდება. ბარტყების გამოკვებაში დედალს მამალიც ეხმარება.

კვება

მდელოს მწყერჩიტას საკვებ რაციონში აღნიშნულია ძირითადად მწერები – ტკაცუნები და მათი ლარვები, ფოთოლჭამიები, ხერხიები, მეგაზაფხულეები, აგრეთვე ობობები.

მნიშვნელობა

დიდი სამეურნეო პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა ტუნდრაში მრავალ მწერს ანადგურებს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები