მუსიკალური საკრავები
მუსიკალური საკრავები – საკრავები, რომელთაც ადამიანის მეშვეობით შეუძლიათ რიტმულად მოწესრიგებული და სიმაღლის მიხედვით ფიქსირებული ბგერების ან მკაფიოდ რეგულირებული რიტმის გამოცემა. თითოეულ მუსიკალურ საკრავს ახასიათებს განსაკუთრებული ტემბრის ხმოვანება, საკუთარი დინამიკური მუსიკალური გამომსახველობითი შესაძლებლობანი, გარკვეული დიაპაზონის ბგერები. მუსიკალური საკრავების ხმოვანების ხარისხი დამოკიდებულია საკრავის დასამზადებლად გამოყენებულ მასალასა და საკრავის ფორმაზე. ხმოვანების შეცვლა შესაძლებელია დამატებითი საშუალებებით (მაგ., სურდინით) ან დაკვრის სხვადასხვა წესით (პიციკატო, ფლაჟოლეტი). მუსიკალური საკრავები. 2 ჯგუფად იყოფა – ხალხური და პროფესიული. ხალხური მუსიკალური საკრავები შეიძლება იყოს თვითმყოფადი, რომელიმე ერთი ერის კუთვნილება, ან ზოგადეროვნული, გავრცელებული ეთნიკური ან ხანგრძლივი ისტორიულ-კულტურული კონტაქტებით დაკავშირებულ ხალხებში
პროფესიული მუსიკალური საკრავები შეადგენს სიმფონიურ (საოპერო), სასულე და საესტრადო ორკესტრებს. თითქმის ყველა პროფესიულ მიკალური საკრავები ხალხური საკრავიდან წარმოიქმნა.
მუსიკალური საკრავების გვარის სახეობის განსაზღვრისათვის არსებობს კლასიფიკაციის სხვადასხვა სისტემა. უმთავრესია სამჯგუფიანი სისტემა, რომლის მიხედვით მუსიკალური საკრავები იყოფა სასულე, სიმებიან და დასარტყმელ საკრავებად. თავის მხრივ ყოველი მათგანი იყოფა ქვეჯგუფებად (მაგ., ხისა და სპილენძის ჩასაბერი საკრავები და სხვ.). თანამედროვე მუსიკალურ საკრავებს შორის განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის ელექტრონული საკრავები, რომელთა ბგერის წყარო არის ბგერის სიხშირის გენერატორი. ეს საკრავები 2 ჯგუფად იყოფა: ელექტრონულ და ადაპტირებულ საკრავებად. მაგ: ელექტროგიტარა. პირველი ნივთიერი საბუთები საქართველოს ტერიტორიაზე მუსიკალური საკრავების არსებობისა გვხვდება ძვ. წ. II-I ათასწლეულში (სამთავროში, ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა გედის წვივის ძვლის სამთვლიანი სალამური, რომელიც ძვ. წ. XV-XIV სს-ით თარიღდება).
ლიტერატურულ ძეგლებში დასახელებული საკრავებიდან დღემდე შემორჩენილია სიმებიანი (ჩამოსაკრავი – ფანდური, ჩონგური, მოსაზიდი-ჩანგი, ხემიანი-ჭუნირი, ჭიანური), ჩასაბერი (ლარჭემი ანუ სოინარი, უენო და ენიანი სალამური, გუდასტვირი და ჭიბონი) და დასარტყმელი საკრავები (დოლი, დიპლიპიტო); ხალხურ ყოფაში მეტ-ნაკლებად დამკვიდრდა აღმოსავლური მუსიკალური საკრავები: ზურნა, კავკასიური დუდუკი, დაირა, აგრეთვე, თარი და საზი; ევროპიდან შემოსული-გიტარა, გარმონი (აკორდეონი), კლარნეტი; აღმოსავლათ საქართველოს მთიან რაიონებში – მინიატიურული გარმონი („ბუზიკა“) და სხვ. საქართველოში მუსიკალურ საკრავებს ძირითადად აკომპანემენტის ფუნქცია ეკისრებათ.
ს. ჟორდანია