მცირე თოლია
მცირე თოლია (ლათ. Larus minutus Pallas, 1776) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − თოლიასნაირნი (Lariformes)
- ოჯახი − თოლიასებრნი (Laridae)
- გვარი − თოლია (Larus)
მცირე თოლია პატარა ზომისაა, ფრთა 210-230 მმ-ია, ნისკარტი – 20-25 მმ, წონა 100-150 გ. სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება არაა. ზრდასრულ ფრინველს ზაფხულში თავი ელვარე შავი აქვს; ზურგი, მხრები და ფრთების ზემო მხარე – ღია მოცისფრო რუხი. ფრთაზე განივად და მის უკანა კიდეზე თეთრი ზოლებია. ფრთების ქვემო მხარე რუხია. დანარჩენი ბუმბულსაფარველი სუფთა თეთრია. ზამთარში თავი თეთრდება და მხოლოდ კეფაზე რჩება მოშავო ლაქები. ნისკარტი მოშავო-წითელია, ხოლო ფეხები – წითელი. ახალგაზრდები ზემო მხრიდან მოშავო-რუხია, თეთრი ზოლებით; კუდი თეთრია, მაგრამ ბოლოში შავი ზოლი აქვს. ნისკარტი მოშავოა, ფეხები – მორუხო-ხორცისფერი.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ რეგიონს ევროპისა და აზიის ზომიერ სარტყელში. დასავლეთით მოიპოვება გერმანიასა და დანიაში; ჩრდილოე-სამხრეთ შვეციაში, ფინეთში, არხანგელსკსა და პეჩორის დელტასთან. შემდეგ ციმბირში – ჩანისა და ზაისანის ტბებზე, ხოლო ისევ იზოლირებული არეალი – ბაიკალსა და იმიერბაიკალეთში, აგრეთვე ამიერკავკასიაში (ძირითადად სევანზე). ზამთრობს ხმელთაშუა, შავ და კასპიის ზღვებზე, იაპონიასა და სამხრეთ ჩინეთში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს უპირატესად შიდა წყალსატევებზე, ტბებისა და მდინარეების დაჭაობებულ სანაპიროებზე, უხვად განვითარებული წყლის მცენარეულობით. ბუდობს ზღვის სანაპირო ზოლშიც. ზამთარში მოიპოვება როგორც ტბებსა და მდინარეებზე, ისე ზღვებზეც.
გამრავლება
ბუდობს კოლონიებად. ბუდეს აგებს ორივე სქესის ფრინველი, ხმელი ბალახისაგან. ზოგჯერ ბუდე წარმოადგენს მოლუსკების ნიჟარების გროვაში უბრალო ჩაღრმავებას. მაისის მეორე ნახევარში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 23 დღეს აღწევს.
კვება
მცირე თოლიის საკვებ რაციონში ძირითადია ნაირგვარი მწერები – ბუზები, ხოჭოები, ნემსიყლაპიები, კალიები. იკვებება კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ჭიებით, ხოლო ხერხემლიანებიდან – პატარა ზომის თევზებითაც.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სოფლის მეურნეობისათვის სასარგებლო ფრინველია.