მცირე კრონშნეპი
მცირე კრონშნეპი − (ლათ. Numenius tenuirostris Vieillot, 1817) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − ჭოვილოები (Tringinae)
- გვარი − კრონშნეპი (Numenius)
მცირე კრონშნეპი კრონშნეპებს შორის შედარებით პატარაა, მაგრამ საერთოდ საკმაოდ მოზრდილი ფრინველია. ფრთა 230-260 მმ-ია, გალო – 60-65 მმ, ნისკარტი – 65-95 მმ, დედალი ოდნავ დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი დიდი კრონშნეპის შეფერილობას მოგვაგონებს, თუმცა კარგად გამოირჩევა მისგან იმით, რომ მკერდზე და სხეულის გვერდებზე მსხლისებური ფორმის მოშავო-მურა ლაქები აქვს, ხოლო იღლიის, ფრთისქვეშა და კუდქვეშა მფარავები თეთრია. საჭის ბუმბულების ძირითადი შეფერილობაც თეთრია, მაგრამ მათზე არის მკვეთრი განივი შავი ზოლები.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი სრულად არაა დადგენილი. ცნობილია, რომ იგი მოიპოვება ტყე-ველისა და ველის ზონების ჭაობებში, სამხრეთ-დასავლეთ ციმბირსა და ჩრდილოეთი ყაზახეთის შედარებით მცირე ტერიტორიაზე – მდ. ურალსა და ობს შორის. სსრკ ფარგლებს გარეთ მითითებულია ამ ფრინველის ბუდობა ირანშიც, რაც ნაკლებად სარწმუნოა. ზამთრობს ევროპისა და აფრიკის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. საქართველოში იშვიათად გვხვდება მიმოფრენის დროს.
ბიოტოპი
უხვი მცენარეულობით დაფარული ტორფიანი ჭაობები.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ჭაობის მშრალ კოლბოხებზე, ამოფენს ხმელი ბალახით. მაისის მეორე ნახევარში დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.
კვება
ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, ჭიები, ლოკოკინები და სხვა უხერხემლოები. მცირე რაოდენობით ჭამს კენკრასაც.
მნიშვნელობა
ერთ-ერთი მეტად მცირერიცხოვანი სახეობაა. ამიტომ რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.