მცირე ქათამურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცირე ქათამურა

მცირე ქათამურა (ლათ. Porzana parva Scopoli, 1769) − ფრინველი ლაინასებრთა ოჯახიდან.

მცირე ქათამურა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 95-110 მმ-ია, ნისკარტი – 16-20 მმ, წონა 50-65 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში სუსტადაა გამოხატული. დედალი ოდნავ დიდია მამალზე. ზრდასრული მამალი გამრავლების პერიოდში ზურგის მხარეს მურა- წენგოსფერია, ფართო გასწვრივი შავი ზოლებით. წელისა და კუდის მფარავების ზოგიერთ ბუმბულზე ვიწრო თეთრი ხაზებია. ყელი, კისრის წინა მხარე და გვერდები, მკერდი და მუცელი მოცისფრო-რუხია; მუცლის უკანა ნაწილსა და კუდქვეშა ბუმბულებზე მურა და თეთრი განივი ზოლებია; მომქნევები მურაა; მეორე რიგის შიგნითა წაგრძელებულ მომქნევებზე ფართო მუქი ღერძულა ლაქებია; საჭის ბუმბულები მუქი-მურაა, მურა-წენგოსფერი არშიებით. შემოდგომით მამლების ნიკაპი და ყელი უფრო თეთრია, ხოლო მუცლის რუხი ბუმბულების წვეროებზე არშიებია. დედალი ზურგის მხარეს მამლის მსგავსია, ყელი თეთრი აქვს, ხოლო მთელი დანარჩენი ქვემო მხარე – მოვარდისფრო-ჟანგმიწისფერი. ფეხები მომწვანო-მურაა; ნისკარტი მწვანეა, მაგრამ ძირში წითელია. ახალგაზრდებს ზურგის მხარეს მეტი აქვთ თეთრი სიჭრელე. თავის გვერდები, ყელი და კისრის წინა ნაწილიც თეთრია; მკერდი და მუცელი – მოთეთრო.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

ბუდობის არეალის საზღვრები ევროპასა და აზიაში ასეთია: დასავლეთითჰოლანდია, აღმოსავლეთი საფრანგეთი, ჩრდილოეთი იტალია; აღმოსავლეთით – ობის ზემო დინება, ბარნაული, მდ. ტარიმის დაბლობი, ლობრონის ტბა; ჩრდილოეთით – ბალტიისპირეთი, კალინინის, ვლადიმირის, რიაზანის ოლქები, მდ. სურას აუზი, ყაზანი, უფრო აღმოსავლეთით − 55-ე პარალელი. სამხრეთით – ჩრდილოეთი იტალია, ბულგარეთი, მცირე აზია, ამიერკავკასია, ჩრდილოეთი ირანი და ავღანეთი. აფრიკაში – მაროკო, ალჟირი, ტუნისი და ნილოსის შესართავი. ზამთრობს ევროპაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთში, წინა აზიაში, პაკისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთში. საქართველოში მობუდარია.

ბიოტოპი

მტკნარწყლიანი ტბები, ტბორები ან მდორე მდინარეთა ლელქაშიანი, ლერწმიანი ან ისლიანი სანაპიროები, უპირატესად დაბლობებში, თუმცა შესაფერისი ბიოტოპის არსებობის შემთხვევაში ადის მთებშიც 2000 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ლელის ხმელი, ჩალეწილი ღეროებისა და ფოთლებისაგან, მიწაზე ან წყლის ზედაპირზე. ნორმალურად დებს 8 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი, მაგრამ უფრო მეტხანს დედალი. საინკუბაციო პერიოდი 20-21 დღეს გრძელდება. აპრილიდან სექტემბრამდე ასწრებს 2-ჯერ გამრავლებას.

კვება

ძირითად საკვებს შეადგენენ ჭიები, ნაირგვარი, უპირატესად წყლის მწერები და მათი მატლები, ობობები. მცირე რაოდენობით ჭამს წყლის მცენარეთა ფოთლებსა და ყლორტებსაც.

მნიშვნელობა

პრაქტიკული თვალსაზრისით ინდიფერენტული ფრინველია


წყრო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები