ქათამურა
ქათამურა (ლათ. Porzana porzana Linnaeus, 1766) ფრინველთა გვარი ლაინასებრთა ოჯახისა ლაინასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ლაინასნაირნი (Ralliformes)
- ოჯახი − ლაინასებრნი (Rallidae)
- გვარი − ქათამურა (Porzana)
ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 3 სახეობა.
- ქათამურა (ლათ. Porzana porzana Linnaeus)
- მცირე ქათამურა (ლათ. Porzana parva Scopoli)
- პაწაწა ქათამურა (ლათ. Porzana pusilla Pallas)
ქათამურა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 100-125 მმ-ია, ნისკარტი – 18-22 მმ, წონა – 80-130 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი გამრავლების დროს ზურგის მხარეს შავია, მაგრამ ბუმბულებს აქვთ მოწაბლისფრო-წენგოსფერი არშიები, თეთრი ვიწრო გასწვრივი ზოლები და წინწკლები. შუბლის წინა ნაწილი და ზოლები თვალების ზემოთ ასპიდურ-რუხია; ყელი, კისერი წინიდან და ჩიჩახვი − რუხი. მურა-წენგოსფერ მკერდსა და გვერდებზე თეთრი კოპლებია. სხეულის გვერდებზე განივი თეთრი ზოლებია; მუცელი თეთრია, ჟანგმიწისფერი ელფერით; ფრთების ქვემო მფარავები და მომქნევები მურა ფერისაა, განივი ზოლებით. საჭის ბუმბულები შავია. მურა ფერის კიდეებით. ზამთრის სამოსელში სხეულის ზურგის მხარე უფრო მუქია; ყელი მოთეთროა, ჩიჩახვი – მურა-წენგოსფერი, მრავალი თეთრი კოპლით. ახალგაზრდა ფრინველი ჰგავს მოზრდილს ზამთრის სამოსელში, მაგრამ ყელზე, მკერდსა და მუცელზე თეთრ ფერს ჟანგმიწისფერი ელფერი გადაჰკრავს. ნისკარტი მომწვანო-ყვითელია, მაგრამ ნისკარტზედას ძირში ნარინჯისფერი. ფეხები მომწვანოა.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას, დასავლეთით ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით მდ. ზემო ირკუტის აუზამდე; ჩრდილოეთით – სამხრეთ სკანდინავიას, არხანგელსკს, მდ. პეჩორაზე 61-ე, ხოლო ურალის ქედზე 62-ე პარალელს. შემდეგ ტომსკს და კრასნოიარსკს, სამხრეთ-დასავლეთ მონგოლეთამდე; სამხრეთით – მთელ ევროპას, მცირე აზიას, ამიერკავკასიას, ჩრდილო-დასავლეთ ირანს, ყაზახეთს და ალტაის. ზამთრობს დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთ არაბეთში, წინა აზიასა და ჩრდილოეთ ინდოეთში. აღმოსავლეთ საქართველოში მობუდარია, ხოლო დასავლეთ საქართველოში – მიმომფრენი.
ბიოტოპი
დამდგარი წყალსატევებისა და მდორე მდინარეების ლელქაშიანი, ლერწმიანი, ისლიანი და ბუჩქნარიანი სანაპიროები, ჭაობიანი ან ტენიანი მდელოები – უპირატესად დაბლობებში, თუმცა ამიერკავკასიაში შეიძლება შეგვხვდეს მთების ტბების ნაპირებზეც 1800 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ხმელი მცენარეული ბურბუშელისაგან, ჭაობებში ან სველ მდელოებზე – პატარა მშრალ კოლბოხებზე. აპრილის მეორე ნახევარში (არეალის ჩრდილოეთ ნაწილში – მაისში) დებს 12-15 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18-21 დღეს გრძელდება.
კვება
ქათამურას ძირითად საკვებს შეადგენენ წყლის მოლუსკები, მწერები და მათი მატლები. მცირე რაოდენობით ჭამს წყლის მცენარეთა ნორჩ ნაწილებსა და მათ თესლებს.
მნიშვნელობა
პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია.