ოსორკონ II
ოსორკონ II – ეგვიპტის ფარაონი (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 924-909 წწ.) XXII დინასტიის დამაარსებლის, შეშონკ I-ის შვილი იყო. მან გააგრძელა ქურუმების მიმართ მამის კეთილგანწყობილი პოლიტიკა, გამოუყო დიდი თანხები მემფისის, ჰელიოპოლისის, ჰერმოპოლისის და კარნაკის ტაძრებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ბუბასტისში, რომელიც ლიბიელების ფორპოსტი და მისი მშობლიური ქალაქი იყო.
აქ მან აუგო ტაძრები ატუმს და ბუბასტისის მფარველ ქალღმერთს, ბასტეტს. შეშონკის მიერ ჰერაკლეოპოლისზე დაწესებული კონტროლი გაამყარა ტაძრების მშენებლობით ელ ჰიბაში (ფორტი ჰერაკლეოპოლისთან) და ახლომდებარე ატფიჰში, რომელიც ისიდას მიუძღვნა. მან დააარსა სამხედრო ბანაკი ფაიუმში მიმავალი ტრანსპორტის გასაკონტროლებლად. როგორც თავისი მთავარი დედოფალი, ცოლად შეირთო XXII დინასტიის ბოლო ფარაონის, ფსუსენეს II-ის ქალიშვილი, რაც ეხმიანება ლიბიელების საერთო ტენდენციას მაქსიმალურად შერწყმოდნენ ეგვიპტურ ტრადიციებს, ეს ჩანს ასევე მათ დამოკიდებულებაში ეგვიპტური ღმერთების მიმართ, რომლებიც, შეძლება ითქვას, თავისად აღიარეს. სავარაუდოდ, გააგზავნა ჯარი იუდეაში. კამპანიას ხელმძღვანელობდა კუშიტური წარმოშობის მხედართმთავარი ზერა, მაგრამ ეგვიპტური ჯარი დამარცხდა და გაძევებული იქნა იუდეიდან, თუმცა ეგვიპტემ, ასევე სავარაუდოდ, შეინარჩუნა გავლენა ბიბლოსზე, რადგან ცნობილია, რომ ბიბლოსის მთავარმა ელი ბაალმა ოსორკონ II-ს ქანდაკება მიუძღვნა ბაალატ-გებალის სამლოცველოში. კარნაკში ოსორკონმა გადააყენა ამონის მთავარი ქურუმის თანამდებობიდან თავისი ძმა იუპუტი და მის ადგილზე თავისი შვილი და მემკვიდრე, შეშონკი დანიშნა, მაგრამ შეშონკი მამაზე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა, და ოსორკონმა ტახტი გადაულოცა თავის შვილს „მეორე რიგის“ ცოლისაგან, ტაკელოტს.