ფსუსენეს II
ფსუსენეს II – (ჩვ.წ.-მდე 959-945), ეგვიპტის XXI დინასტიის უკანასკნელი ფარაონი იყო. მისი პიროვნება ბუნდოვანია. არსებობს მოსაზრება, რომ ის არის იგივე ე.წ. ფსუსენეს III, ამონის მთავარი ქურუმი თებეში, რომელიც ავიდა ტახტზე, როგორც კოლატერალური დინასტიური ხაზის უფროსი წევრი სიამუნის გარდაცვალების შემდეგ, ისე, რომ იმავდროულად შეინარჩუნა თებეში ამონის მთავარი ქურუმის წოდება. ამ მოსაზრებას ამყარებს აბიდოსში, სეტი I-ის ტაძარში ნაპოვნი გრაფიტო, რომელზეც ფსუსენეს II იმავდროულად ამონის მთავარ ქურუმად და მთავარსარდლად არის მოხსენიებული. მისი მეფობის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. კარნაკში ნაპოვნია მის მიერ უზურპირებული თოტმეს III-ის ქანდაკება. ასევე კარნაკშია მოძიებული წარწერა, სადაც ის მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი მომდევნო ამონის ქურუმის, შეშონკის ბაბუა. კარნაკის მეშვიდე პილონის ჩრდილოეთ მხარეზე მოთავსებულია დეკრეტი მისი ქალიშვილის, მაატკარას მიერ თებეში მიწის შესყიდვის შესახებ.
ფსუსენესის დროს განსაკუთრებულად ძლიერდება ბუბასტისში მრავალი თაობით ადრე ჩასახლებული ლიბიური ოჯახი, რომლის უფროსები ასევე თაობების მანძილზე თავს „მაშვაშების (ან „მას“) დიდ ბელადებს ეძახდნენ. ლიბიელები იმდენად დაუახლოვდნენ ტანისის დინასტიას და დიდგვაროვან ოჯახებს, რომ ერთ-ერთმა ბელადმა, შეშონკმა თავისი ქალიშვილი გაათხოვა ფარაონზე (სიამუნზე ან შესაძლოა ფსუსენეს II-ზე). შეშონკის მემკვიდრის, ნიმლოტის ქალიშვილი მემფისში პტახის უმაღლესი ქურუმის ვაჟიშვილზე გათხოვდა. ნიმლოტის ვაჟი, ასევე შეშონკი ნიმლოტის გარდაცვალების შემდეგ „მას ბელადი“ გახდა. ის სულ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება ქვეყანაში. თავისი ვაჟი, ოსორკონი შეშონკმა ფსუსენეს II-ის ქალიშვილზე, მაატკარაზე დააქორწინა. ფსუსენესის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მალე (ან შესაძლოა, უფრო ადრეც) შეშონკი ტანისის ტახტზე ავიდა. მისი გამეფებით უკვე შემდეგი, ე.წ. XXII (ლიბიური) დინასტია იწყება.