პასკალი ბლეზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბლეზ პასკალი

ბლეზ პასკალი (1623 – 1662), დაიბადა 1623 წლის 19 ივნისს, ქალაქ კერმონ-ფერანში. პასკალი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ნიჭით. მამამისმა, თავისი დროისათვის განათლებულმა პიროვნებამ და მათემატიკოსმა, გადაწყვიტა შვილისათვის სწავლა შეემსუბუქებინა და ამიტომ პარიზში გადავიდა.

ეჭვს არ იწვევს ის, რომ ახალგაზრდა პასკალს ინტერესი ზუსტი მეცნიერებებისადმი მამამისის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო შეკრებებზე დასწრების გავლენით გაუჩნდა. კერძოდ, ამ შეკრებებზე არაერთხელ განიხილებოდა მათემატიკური პრობლემები. მიუხედავად იმისა, მამას ეშინოდა გონებრივ გადატვირთვას არ ემოქმედა შვილის ნიჭზე და რამდენიმე ხნის შემდეგ აუკრძალა ამ შეკრებებზე დასწრება და მათემატიკური ლიტერატურით სარგებლობა, თორმეტი წლის ბლეზ პასკალი ევკლიდეს გეომეტრიის ბევრი თეორემის ავტორი გახდა. ამ დროიდან მას უკვე შესაძლებლობა მიეცა, წინააღმდეგობის გარეშე ემუშავა მათემატიკაში. შედეგებმაც დიდი ხნით არ დააყოვნა. თექვსმეტი წლის ასაკში პასკალმა დაწერა ტრაქტატი „კონუსური კვეთების თეორიის შესახებ.“ მალევე გამოიგონა ავტომატური მთვლელი – „შემაჯამებელი მანქანა“ - ოთხი არითმეტიკული მოქმედების ჩასატარებლად.

პასკალს მარტო გეომეტრია არ აინტერესებდა, მან დაწერა რამდენიმე შრომა არითმეტიკაში, რიცხვთა თეორიასა და ალგებრაში.

პასკალმა იპოვა ბინომიალური კოეფიციენტების გამოთვლის ხერხი – არითმეტიკული სამკუთხედი, ხშირად „პასკალის სამკუთხედად“ წოდებული.

პასკალი მუშაობდა აგრეთვე ალბათობის თეორიის საფუძვლების შექმნასა და, კერძოდ, დიფერენციალურ აღრიცხვაზე.

პასკალი ცნობილია არა მარტო როგორც მათემატიკური მეცნიერების კორიფე, მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები ფიზიკაა და ფილოსოფიაში. თავის შრომებში ფიზიკაში პასკალმა დაამტკიცა ე. ტორიჩელის ჰიპოთეზა იმის შესახებს რომ ჰაერის წნევა მთის წვერზე უფრო მცირეა, ვიდრე მის ძირში. პრაქტიკულად ეს ჰიპოთეზა შემოწმებული იქნა მისი სიძის მიერ. ამ ფაქტის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეტეოროლოგიაში.

გარდა ამისა პასკალმა აღმოაჩინა კანონი, რომელსაც მისი სახელი დაერქვა (პასკალის კანონი), იმის შესახებ, რომ წნევა სითხის ზედაპირზე თანაბრად გადაეცემა სითხის შიგნით ყველა მიმართულებით.

პასკალის ფილოსოფიური ნაშრომებიდან ყველაზე მეტი მნიშვნელობისაა ტრაქტატი „აზრები“, რომელიც დღემდე „წმინდა ავგუსტინეს აღსარებებთან” ერთად ითვლება რელიგიური ლიტერატურის კლასიკურ ნაწარმოებად.

პასკალი იყო სუსტი ჯანმრთელობის ადამიანი, თითქმის მთელი თავისი სიცოცხლე ავადმყოფობდა. 1646 წ. იგი გატეხა დამბლამ, სიარული აღარ შეეძლო და განმარტოებით ცხოვრობდა. ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას.

პასკალი ამტკიცებდა, დიდად სარისკო არაა ცხოვრებაში ისე მოქცევა, თითქოს ღმერთი არსებობდეს. თუ ეს მონაგონია, ისეც ყველაფერი სიკვდილით თავდება, ხოლო თუ სინამდვილეა, მაშინ შეიძლება მთელი უკვდავების მოგება.

ბლეზ პასკალი გარდაიცვალა 1662 წლის 19 აგვისტოს, 39 წლის ასაკში.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები