პოეტიკა
პოეტიკა − ფართო გაგებით ეწოდებოდა ლიტერატურისმცოდნეობის ერთ-ერთ ძირითად დარგს − ლიტერატურის თეორიას, ვიწრო გაგებით წარმოადგენს ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის შემადგენელ ნაწილს, პირველ შემთხვევაში თეორიული პოეტიკის, ხოლო მეორე შემთხვევაში ისტორიული პოეტიკის სახით. ამჟამად ამ მნიშვნელობით არის დამკვიდრებული ეს ტერმინი.
თეორიული პოეტიკა
თეორიული პოეტიკა შეისწავლის ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარების, ჟანრების აღნაგობისა და კომპონენტების (მხატვრული ენის, თემის, ფაბულის, სიუჟეტის, კომპოზიციის…), აგრეთვე პროზისა და ლექსის ზოგად არსს, ობიექტურ კანონზომიერებას. აქ იგულისხმება იმ ნიშანდობლივ თვისებათა გამოყოფა და განსაზღვრა, რაც საერთოა ყველა ეპოქისა და ერის ლიტერატურულ ნაწარმოებთათვის. თეორიული პოეტიკა აღნიშნული საკითხების შესწავლისას ემყარება იმ პრინციპებს რომლებსაც მოიცავს ლიტერატურის თეორიის ზოგადი ნაწილი − მოძღვრება ლიტერატურის ზოგადი კანონზომიერების შესახებ.
ისტორიული პოეტიკა
ისტორიული პოეტიკის შესწავლის საგანს წარმოადგენს მხატვრულ ნაწარმოებთა სტილი, საერთოდ თეორიული პოეტიკი მიერ დადგენილ კანონზომიერებათა გამოვლენის პროცესი. სახელდობრ, იგი არკვევს არა იმას, თუ რა არის კომპოზიცია რომანი, მხატვრული ენა ან რიტმი, არამედ იმას, თუ რა სახით, კონკრეტული ეპოქისეულ-ინდივიდუალური სახემოსილებით არიან წარმოდგენილი ისინი ამა თუ იმ ნაწარმოებში, ან მწერლის მთელ შემოქმედებაში, ანდა რა ისტორიული პროცესი განიცადა თითოეულმა მათგანმა ამა თუ იმ ეპოქის, ერის და, საერთოდ, მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაში. აღნიშნულის გამო ისტორიული პოეტიკის დანიშნულებას კონკრეტული ლიტერატურული მოვლენების საკუთრივ მხატვრული ანალიზი შეადგენს.
თეორიული და ისტორიული პოეტიკა ისევე ორგანულად არის ურთიერთთან დაკავშირებული, როგორც საერთოდ ლიტერატურის თეორია და ისტორია.