პროპელერი
პროპელერი – (ინგლ. propeller < ლათ. propello ვაწვები წინ) – საჰაერო ხრახნი; ხრახნისებრი ფრთა, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავის მეშვეობით და ძრავის მგრეხ მომენტს გარდაქმნის გამწევ ძალად. გამოიყენება მამოძრავებლად თვითმფრინავებში, დირიჟაბლებში, შვეულმფრენებში (დგუშიანი და ტურბოხრახნული ძრავებით), გლისერებში, აეროციგებში, ეკრანოპლანებში, გემებში საჰაერო ბალიშით, ტუმბოებში, სავენტილაციო სისტემებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სხვ. ფრთების ბიჯის ცვალებადობის მიხედვით არსებობს ფიქსირებული და ცვლადი ბიჯით; გამოყენების ხერხების მიხედვით – გამწევი და წამბიძგებელი. ფრთების წინ ყოველთვის იქმნება დაბალი წნევა, ხოლო უკან – მაღალი. პროპელერის ფრთების დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება ლითონი, იშვიათად – მაგარი ჯიშის მერქანი (მუხა, მსხალი, ცაცხვი, არყის ხე და სხვ.), პროპელერის მორგვი მზადდება ალუმინის შენადნობებისაგან (კომპოზიტებისაგან).