რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულებები, შეთანხმებები და კონვენცია 1689-1902

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულებები, შეთანხმებები და კონვენცია 1689-1902


სარჩევი

 [დამალვა
შეთანხმება 1792

(საერთაშორისო აქტი) რუსეთსა და ჩინეთს შორის ქ. კიასტის გავლით ვაჭრობის წარმოების შესახებ, დადებულ იქნა 8(19) II წერილების გაცვლის გზით.

1785 ცინის მთავრობამ გაწყვიტა კიასტის ვაჭრობა იმ მიზეზით, რომ რუსეთის სასაზღვრო ადმინისტრაციამ არ გადასცა მას ჩინეთიდან გამოქცეული პირები. მოლაპარაკებაზე მხარეებმა გამოამჟღავნეს სურვილი, რაც შეიძლება მალე აღედგინათ, ურთიერთმომგებიანი ვაჭრობა რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე. მოკლე ვადაში დაერეგულირებინათ საკითხი საზღვრის დამრღვევთა შესახებ.

1792 შეთანხმებამ დაადასტურა 1727 კიასტის ხელშეკრულება და 1768 ხელმოწერილი კიასტის ხელშეკრულების დამატებითი მუხლი. ამასთანავე, შეთანხმება ავალდებულებდა მხარეთა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თვალყური ედევნებინათ სავაჭრო საქონლის სწრაფ გაცვლაზე. ვაჭრებს ეკრძალებოდათ გაესესხებინათ საქონელი ან აღეძრათ ვალთან დაკავშირებით სარჩელი. შეთანხმებამ ხელი შეუწყო რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობის გამოცოცხლებას კიასტაში. შეთანხმების დადების შემდეგ კიასტის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 70%-ით.

ხელშეკრულება 1858 (ტიანძინის)

ხელმოწერილ იქნა 1(13).VI რუსეთის მხრიდან ე. ე. პუტიატინის, ხოლო ჩინეთის მხრიდან ხუა შანოისა და გუი ლიანოს მიერ. ხელშეკრულება შედგებოდა 12 მუხლისაგან. აღიარებდა ორივე სახელმწიფოს მთავრობათა თანასწორუფლებიანობას. ჩინეთი რუსეთთან ამყარებდა ურთიერთობას იმ დონეზე, როგორიც მას გააჩნდა სხვა სახელმწიფოებთან. ვაჭრობა რუსეთსა და ჩინეთს შორის შეიძლება წარმართულიყო როგორც ხმელეთით, ისე ზღვით. რუსეთის გემებს შეეძლოთ შესულიყვნენ პორტებში: შანხაი, ნინბო, ფუჯოუფუ, სიამინი, გუანჯოუ (კანტონი), ტაივანუფუ (დღევანდელი ტაინანი კუნძულ ტაივანზე), ციუნჯოუ (კუნძული საინანი). ასევე რუსეთის გემებს შეეძლოთ შესულიყვნენ იმ პორტებში, რომლებიც ღია იყო უცხოელი ვაჭრებისათვის. რუსეთმა მიიღო უფლება, დაენიშნა კონსულები იმ პორტებში, რომლებიც ღია იყო რუსეთის გემებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ან ჩინეთის სახელმწიფოს ქვეშევრდომი ჩაიდენდა დანაშაულს, მაშინ ის უნდა დასჯილიყო თავისი სახელმწიფოს კანონებით. ხელშეკრულების მე-9 მუხლით, მხარეები ქმნიდნენ ერთობლივ ჯგუფს, რომელსაც უნდა შეესწავლა ჩინეთ-რუსეთის საზღვარი. ამ ჯგუფის მიერ მიღებული შეთანხმება უნდა ჩამოყალიბებულიყო ცალკე მუხლად, რომელიც დაერთოდა ამ ხელშეკრულებას. კიასტასა და პეკინს შორის მყარდებოდა საფოსტო კავშირი. სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა მოხდა პეკინში 24.IV.1859.

შეთანხმება 1886 (ტიანძინის)

სიტყვიერი, დაიდო 14.X ჩინეთში რუსეთის რწმუნებულის ნ. ფ. ლადიჟევსკისა და ჩინეთის იმპერატორის წარმომადგენლის ლი სუნჯანის მიერ.

1885 დიდმა ბრიტანეთმა პორტ ჰამილტონის ოკუპაცია მოახდინა, რომელიც მდებარეობდა კორეაში, ინგლისელები ცდილობდნენ თავიანთ საყრდენ პუნქტად ექციათ ეს პორტი აზიაში ექსპანსიისას. რუსეთს თავისი ინტერესები ჰქონდა ამ რეგიონში და ის შეეცადა ჩინეთის გამოყენებით აიძულებინა ინგლისელები გასულიყვნენ პორტ ჰამილტონიდან. მოლაპარაკებაზე რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა კორეაში სტატუს-კვოს შენარჩუნებას, მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, არ შეეყვანათ თავიანთი ჯარები კორეაში. ლი სუნჯანმა ცინის მთავრობის სახელით აღუთქვა რუსეთს, რომ მიაღწევდა ინგლისელთა პორტ ჰამილტონიდან გასვლას, რაც მიღწეული იქნა კიდეც რუსეთისა და ჩინეთის ინგლისზე ზეწოლის შემდეგ.

ხელშეკრულება 1896

ხელმოწერილ იქნა 22.V(3.VI) მოსკოვში რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის ა.ბ. ლობანოვ-როსტოვსკისა და ფინანსთა მინისტრის ს. ვიტეს, ხოლო ჩინეთის მხრიდან საგანგებო ელჩის ლი სუნჯანის მიერ. 1891 რუსეთი შეუდგა ციმბირის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობას, რომლის მნიშვნელობა განუზომლად დიდი იყო. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში რუსეთი განიმტკიცებდა თავის პოზიციებს წყნარ ოკეანეზე, სადაც რუსეთის თავდაცვითი ნაგებობები საკმაოდ სუსტი იყო, ამასთანავე, ეს მშენებლობა ხელს შეუწყობდა რუსეთის საქონლის შეღწევას ჩინეთის ბაზარზე.

XIX ს-ის 90-იანი წლებიდან იწყება ჩინეთის „გავლენის სფეროებად“ განაწილება. იაპონია, საფრანგეთი, გერმანია, აშშ ცდილობდნენ თავისი გავლენის სფეროში მოექციათ ჩინეთის იმპერიის ესა თუ ის მხარე. საფრანგეთმა ცინის ხელისუფლებისაგან მიიღო მადნეულის დამუშავების უპირატესი უფლება ჩინეთის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამასთანავე, საფრანგეთმა მიიღო რკინიგზის მშენებლობის კონცესიები ინდოჩინეთიდან გუანსიმდე. გერმანია ცდილობდა მოეპოვებინა რკინიგზის მშენებლობის კონცესიები ტიანძინსა და სარკოუში, აშშ მიისწრაფოდა ხელში ჩაეგდო ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში რკინიგზის მშენებლობის უფლება. ამავე რეგიონში რკინიგზის მშენებლობაზე პრეტენზიას აცხადებდა იაპონიაც რუსეთი ცდილობდა ჩინეთისაგან მიეღო ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში რკინიგზის მშენებლობის ნებართვა, იმ შემთხვევაში, თუ დადებითად გადაწყდებოდა ეს საკითხი, მაშინ ციმბირის რკინიგზის ხაზი გაივლიდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთზე პირდაპირ ვლადივოსტოკამდე. ს. ვიტეს აზრით, ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობდა არა მარტო რუსეთის არმიის სწრაფ გადაადგილებას ვლადივოსტოკის მიმართულებით, არამედ ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში რუსეთის გავლენის ზრდასაც. 1896 წლის აპრილში პეკინში ამ საკითხზე დაიწყო მოლაპარაკებები, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ეს მოლაპარაკება ჩიხში მოექცა. რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკება გაგრძელდა მხოლოდ ცინის მთავრობის წარმომადგენლის ლი სუნჯანის პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ. ჩინეთის მხარემ მიიღო რუსეთის წინადადებები, მაგრამ, თავის მხრივ, მოითხოვა იაპონია-ჩინეთის აგრესიის შემთხვევაში რუსეთის მხარდაჭერის გარანტია. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ორი სახელმწიფოს სამხედრო კავშირის შექმნას, რომელიც ძალაში შედიოდა მხოლოდ რუსეთზე, ჩინეთზე ან კორეაზე იაპონიის თავდასხმის შემთხვევაში. ამასთანავე, ხელშეკრულებაში საგანგებოდ იყო აღნიშნული, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში რუსეთის გემებისათვის გახსნილიყო ჩინეთის პორტები. ხელშეკრულება ითვალისწინებდა რუსეთ-ჩინეთის ბანკისათვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში რკინიგზის გაყვანის ნებართვის მიცემას. რუსეთს უფლება ეძლეოდა გამოეყენებინა ეს სარკინიგზო მაგისტრალი ნებისმიერ დროს თავისი ჯარის გადასაყვანად, 27.V III(8.IX).) 1898 რუსეთ-ჩინეთის ბანკმა მიიღო ცინის მთავრობისაგან რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის ნებართვა. ამასთანავე, ჩინეთი უფლებას იტოვებდა, რკინიგზის ხაზის ამუშავებიდან 36 წლის შემდეგ, შეესყიდა ეს მაგისტრალი.

კონვენცია 1898

ხელმოწერილ იქნა 15(27).III პეკინში, ჩინეთში რუსეთის საქმეთა რწმუნებულის ა. პავლოვისა და ცინის მთავრობის საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრის ლი ხუნჯანისა და ფინანსთა მინისტრის ამხანაგის ჯანის მიერ.

კონვენცია ითვალისწინებდა ლიაოდუნის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში განლაგებული პორტების რუსეთისათვის 25 წლის ვადით „იჯარით“ გადაცემას და ამ პორტებამდე რუსეთიდან რკინიგზის გაყვანის კონცესიის გაცემას. კონვენციის ძალით, რუსეთმა არენდით მიიღო პორტები დალიანი (დალნი) და ლიუშუნი (პორტ-არტური). ამასთანავე, ცინის მთავრობამ ნება დართო რუსეთს, დაეწყო სამხრეთ მანჯურიის რკინიგზის სამხრეთი შტოს მშენებლობა. კონვენციაში მითითებული იყო ასევე, რომ არენდა არ შელახავდა ამ ტერიტორიაზე ჩინეთის უზენაეს უფლებას. რუსეთის ხელში გადადიოდა არენდით აღებულ ტერიტორიაზე მთელი სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლება. აღნიშნული ტერიტორიის ჩრდილოეთით წესდებოდა ნეიტრალური ზონა, სადაც შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო ჩინეთის სამოქალაქო ხელისუფლება. ნეიტრალურ ზონაში ჩინეთის ჯარების გადაადგილება უნდა მომხდარიყო მხოლოდ რუსეთთან შეთანხმების შემთხვევაში.

დამატებით პროტოკოლში, რომელიც დაიდო 25.IV(7.V) 1898, მითითებული იყო, რომ ჩინეთს არ უნდა გაეცა რუსეთთან შეთანხმების გარეშე სხვა სახელმწიფოზე ნეიტრალური ტერიტორიის არც ერთი ნაწილი, ასევე ჩინეთი უარს ამბობდა გაეხსნა ამ ზონის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროზე არსებული პორტები უცხო ქვეყნის გემებისათვის. ლიუშუნი, როგორც განსაკუთრებული სტრატეგიული პუნქტი, უნდა გამოცხადებულიყო დახურულ პორტად და მასში უცხო სახელმწიფოთა გემების შესვლა აკრძალულიყო. კონვენციამ არსებობა შეწყვიტა 1905 პორტსმუთის საზავო ხელშეკრულების დადების შემდეგ.

შეთანხმება 1902

ხელმოწერილ იქნა 20.III(8.IV) პეკინში. შეეხებოდა მანჯურიის პრობლემას.

1899 ჩინეთში იფეთქა მძლავრმა ანტიიმპერიალისტურმა აჯანყებამ, რომელიც ცნობილია ისეტუანთა აჯანყების სახელით. 1900 წლის ივნისში აჯანყებულებმა პეკინიც კი დაიკავეს. ამის საპასუხოდ მოეწყო რვა სახელმწიფოს (ინგლისი, აშშ, იაპონია, რუსეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია-უნგრეთი, საფრანგეთი) ინტერვენცია ჩინეთში. იხეტუანთა აჯანყებით დაშინებულმა ცინის მთავრობამ ომი გამოუცხადა ინტერვენტებს და აჯანყებულებს მიემხრო. 1900 წლის აგვისტოში ინტერვენტებმა აიღეს პეკინი. მთავრობა სიანში გაიქცა.

აჯანყების ჩაქრობის შემდეგ იმპერიალისტურმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ჩინეთის დანაწილება. აჯანყების მსვლელობისას რუსეთმა ჯარები შეიყვანა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. იაპონიას სურდა ხელში ჩაეგდო სწორედ ეს ტერიტორიები და კორეა. ამიტომ იაპონიის მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა, დაპირისპირდებოდა რუსეთს. ამ მიზნით, იაპონიამ 30 I.1902 გააფორმა ხელშეკრულება ინგლისთან. იაპონიასთან მოსალოდნელი ომის თავიდან აცილების მიზნით, რუსეთი იძულებული იყო დათანხმებოდა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაზე. შეთანხმებაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთს ჯარები უნდა გაეყვანა 6 თვის განმავლობაში, თუ ამას სხვა პირობები ხელს არ შეუშლიდნენ. ამასთანავე, რუსეთმა აღიარა ეს ტერიტორიები ჩინეთის განუყოფელ ნაწილად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეთანხმებამ მაინც ვერ ააცილა რუსეთი იაპონიასთან ომს.

იხილე აგრეთვე

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები